"მახსოვს­ ირაკლის გაოგნებული თვალები,­ როცა სიმწრისაგან ავტირდი... ეს იყო ბოლო წვეთი ბრძოლი­სთვის, რომელიც..." - კვირის პალიტრა

"მახსოვს­ ირაკლის გაოგნებული თვალები,­ როცა სიმწრისაგან ავტირდი... ეს იყო ბოლო წვეთი ბრძოლი­სთვის, რომელიც..."

"სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლის მუშაობა გამიხდა სადარდებელი. ან სად უნდა დასაქმებულიყო, როცა პირდაპირ მეუბნებოდნენ, რა დროს უნარშეზღუდული პირების დასაქმებაა, როდესაც ჯანმრთელ ხალხს არა აქვს სამუშაოო!"

წარმოიდგინეთ უზრუნველი გოგო, რომელსაც მოულოდნელი სტრესის გამო სიცოცხლის დასასრულის განცდა უჩნდება. ყველაფრის მიუხედავად, მაია ასაკაშვილმა პრობლემებთან გამკლავება შეძლო.

- ბედნიერად ვცხოვრობდი: მყავდა მზრუნველი მშობლები, ვიყავი აქტიური ჟურნალისტი. ჩემი ცხოვრება შვილის, ირაკლის დაბადებამ უფრო გააჩირაღდნა. ექიმების თქმით, საავადმყოფოდან ბავშვი ჯანსაღი გამომატანეს. თუმცა ირაკლი უცნაურად ჭირვეულობდა და ექიმთან წავიყვანე, მან კი დამამშვიდა, ყველაფერი რიგზეაო. ექიმები მაშინაც მამშვიდებდნენ, როცა ბავშვი ვერ ალაპარაკდა, მეუბნებოდნენ, ბიჭები გვიან იწყებენ ლაპარაკსო. ბოლოს, როცა სრული გამოკვლევა ჩავუტარე, უმძიმესი დიაგნოზი მივიღე - მშობიარობის ტრავმის გამო სამეტყველო სისტემა ჰქონდა დაზიანებული, რაც მის ინტელექტუალურ შეფერხებას იწვევდა. დეპრესიაში ჩავვარდი, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, შვილს რამდენს დავაკლებდი, თუ მის მომავალზე არ ვიზრუნებდი. 30 წლის წინ, როცა ირაკლი დაიბადა, ბავშვს უცხოეთში ვერ წაიყვანდი სამკურნალოდ. სამაგიეროდ, საქართველოში მყოფ უცხოელ ფსიქონევროლოგებს ვაჩვენე და მათ გამაფრთხილეს, ბავშვს მეტყველების სპეციალისტი მთელი სიცოცხლე დასჭირდება და საუკეთესო შედეგს მაშინ მიიღებთ, თუკი თავად შეისწავლით ამ სპეციალობასო.

- შეისწავლეთ?

- შევისწავლე. მერე სადისერტაციო ნაშრომიც დავწერე. პარალელურად, ცხოვრების დარტყმებს ვუმკლავდებოდი. მორიგ შოკს მაშინ გავუძელი, როცა საბავშვო ბაღში მითხრეს, შენს შვილს ვერ მივიღებთო. მახსოვს ირაკლის გაოგნებული თვალები, როცა სიმწრისაგან ავტირდი. მერე სკოლაში მიღებაზე გვითხრეს უარი, კანონი არ გვავალდებულებსო. ეს ბოლო წვეთი იყო იმ კანონმდებლობის შესაცვლელად ბრძოლისთვის, რომელიც ჩემს შვილს არ ცნობდა - შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია. პირველად ორი მშობელი ვიყავით, მერე ჩვენი ორგანიზაცია გაიზარდა. დიდი ბრძოლის შემდეგ მივაღწიეთ, რომ სპეციალური საჭიროების ბავშვები სიბრალულის საგანი კი არ ყოფილიყვნენ, ჩვეულებრივ ეშრომათ. ზუსტად ამ დროს ჩემი მეუღლე ტრაგიკულად დაიღუპა და ამ მძიმე გზაზე მარტო აღმოვჩნდი, მაგრამ ერთი რამ მეხმარებოდა - არასოდეს ვეკითხებოდი თავს, გამარჯვებას შევძლებდი თუ არა და საბოლოოდ ვიმარჯვებდი.

სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლის მუშაობა გამიხდა სადარდებელი. ან სად უნდა დასაქმებულიყო, როცა პირდაპირ მეუბნებოდნენ, რა დროს უნარშეზღუდული პირების დასაქმებაა, როდესაც ჯანმრთელ ხალხს არა აქვს სამუშაოო! კონკრეტულად, რას შეძლებდა ჩემი შვილი, ამას მაშინ მივხვდი, როცა აივანზე ჩაქუჩით ნივთების დაჭედება დაიწყო. მოკლედ, რაიმე მსგავსი სამსახური სჭირდებოდა და მეც მრავალი პროექტის გავლით წავედი უცხოეთში.

მინდოდა ისეთი მოდელი მომეძებნა, რომლის წყალობითაც ირაკლის მსგავსად სხვა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონენიც იმუშავებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ხის საწარმოს მოდელი ჩამოვიტანე და გავხსენი კიდეც. დღეს ამ საწარმოში ჩემს შვილთან ერთად ხის ნაკეთობებზე ოცამდე პირი შრომობს. ჩემს თავდადებას ტყუილად არ ჩაუვლია. მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი მოვიგე - უნარშეზღუდულ პირებს სამოქალაქო ქონებაზე უფლებები აღვუდგინეთ, მანამდე ქონება მეურვეებს ჰქონდათ ხელში.

საწარმოში ქართულ ეკოპროდუქციას ვქმნით, იმიტომაც ვთხოვე ხელისუფლებას, როცა პრეზენტაციებზე უცხოურ სუვენირებს ყიდულობთ, იქნებ კონტრაქტი გაგვიფორმოთ, ეკო და თანაც ესთეტიკურ პროდუქციას მიიღებთ, ან იქნებ ხალხმრავალ ადგილებში ჩვენი ნაკეთობებისთვის ადგილი გამოგვიყავით-მეთქი, მაგრამ ამაოდ... იმასაც ვერ მივაღწიეთ, სახელმწიფო ჩვენი კუთვნილი ნაგებობის დაბრუნებაში დაგვეხმაროს. საწარმოს გაფართოება გვაქვს დაგეგმილი, იქ კი სოციალურად დაუცველი ხალხი შეიჭრა და აღარ გამოდის, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე სამი სასამართლო პროცესი მოვიგეთ. სოციალურად შეჭირვებულები სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავშესაფრით. უსამართლობა ყველაფერს ღუპავს და სწორედ იმიტომ ვოცნებობ სამართლიან სახელმწიფოზე.