"ხშირად მიოცნებია, რა საოცარი იქნება ტყუპის ყოლა-მეთქი და გამიმართლა" - ცნობილი ქართველების ორმაგი ბედნიერება - კვირის პალიტრა

"ხშირად მიოცნებია, რა საოცარი იქნება ტყუპის ყოლა-მეთქი და გამიმართლა" - ცნობილი ქართველების ორმაგი ბედნიერება

ტყუპის ამქვეყნად მოვლინება ამოუცნობი ფენომენია. როგორც ამბობენ, მათი დაბადება სტატისტიკას არ ექვემდებარება და ბევრი რამ მათ შესახებ ჯერაც ამოუხსნელია. ჩვენს რუბრიკაში წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველებს, რომლებიც ტყუპის მშობლები არიან.

"ისინი ერთნი არიან და იმავდროულად, ორნი..."

პაატა იმნაძე, ეპიდემიოლოგი: - ტატა და ლიზი 1994 წელს დაიბადნენ. იდენტურები არ არიან, არც გარეგნულად და არც ხასიათით, თუმცა ორივე ძალიან საყვარელი და ლამაზია. ლიზი ქერა, ცისფერთვალებაა, ტატას მუქი თმა აქვს, მოკლედ, ჩემნაირია. პროფესიითაც თითქმის მამის კვალს გაჰყვა, მიკრობიოლოგია, ახლა სტაჟიორია ლუგარის ცენტრში. მაგალითად, დღეს მორიგეა, ღამითაც უნდა იმუშაოს.

- როგორც მამამ... - ხანდახან მამაზე მეტს მუშაობს - მამა ღამით შინ მიდის ხოლმე, ის კი იქ ათენებს. ლიზიმ სამართალმცოდნეობა დაამთავრა, ამჟამად 2 შვილის დედაა, თან ინტერიერის დიზაინით არის გატაცებული და ცდილობს ეს საქმე პროფესიულ დონეზე შეისწავლოს. არაჩვეულებრივ შვილიშვილებს მიზრდის. რაც კოვიდი დაიწყო, შვილიშვილებს არ ჩავხუტებივარ.

ტყუპის მამობა სპეციფიკური გრძნობაა. წარმოიდგინეთ, ისინი ერთნი არიან და იმავდროულად, ორნი... გოგოების მამობა ძალიან კარგია, სხვანაირი სიყვარული იციან, განსაკუთრებულად თბილები და მზრუნველები არიან.

"როცა ერთი კარგ ხასიათზეა, მეორე "ახურებს" და პირიქით"

ზურაბ მანჯავიძე, მომღერალი: - სანდრო და ლუკა იდენტური ტყუპი არიან, თუმცა მშობლები ვარჩევთ ერთმანეთისგან. ცვალებადი ხასიათი აქვთ - როცა ერთი კარგ ხასიათზეა, მეორე "ახურებს" და პირიქით. ბავშვობაში ერთი ავად რომ გახდებოდა, რამდენიმე დღეში მეორეც მიჰყვებოდა. მოკლედ, ერთნაირი პრობლემები აქვთ. სულ კამათობენ, პაექრობენ, მაგრამ უერთმანეთოდ ვერ ძლებენ. საერთო ინტერესებიც აქვთ. მაგალითად, მუსიკალური - ერთმა გიტარის შესწავლა აირჩია, სანდრომ - კლავიშიანების. ცეკვაზეც დადიოდნენ, თუმცა ახლა სად სცალიათ, უკვე აბიტურიენტები არიან. ძალიან უყვართ ცხოველთა სამყარო და ბუნება. დღემდე ზოოპარკში დადიან მოხალისეებად, ცხოველების მოვლაში ეხმარებიან თანამშრომლებს. შინაც გვყავდა წყლის და ხმელეთის კუ, გველი აღარ გვყავს, ვეღარ იცლიან მის მოსავლელად. ახლა მხოლოდ 2 ხვლიკი გვყავს, ლეგო და ჰერა.

- აბიტურიენტები არიანო, რა პროფესიებს ირჩევენ? - ერთს ვეტერინარობა უნდა, ლუკას უფრო აგრონომია მოსწონს. მეც მათნაირი ინტერესები მქონდა ბავშვობაში, მაგრამ ამათ გაორმაგებული აქვთ. მოკლედ, ორმაგი მანჯავიძეები არიან. ორივე გონებაგახსნილი ბიჭია. მჯერა და იმედი მაქვს, რომ თავიანთ მიზანს მიაღწევენ.

"ხშირად მიოცნებია, რა საოცარი იქნება ტყუპის ყოლა-მეთქი და გამიმართლა"

ნინო სურგულაძე, მეცოსოპრანო: - ჩემი ტყუპი, ზაქარია და ნატალია უკვე 5 თვისანი არიან. პირველად ექოსკოპიაზე იმით გავიხარეთ, ფეხმძიმობის ამბავი რომ დადასტურდა. ერთი კვირის თავზე კი ექიმის რეაქციამ დამაბნია. რაშია საქმე-მეთქი? ნინო, ერთი კი არა, ორნი არიანო, მახარა. თვალები გამიფართოვდა. ასე არასდროს არაფერი გამხარებია. ხშირად მიოცნებია, რა საოცარი იქნება ტყუპის ყოლა-მეთქი და გამიმართლა. ეს ბავშვები ნამდვილად ღვთის დიდი საჩუქარია.

- სახელები თქვენ შეურჩიეთ? - მამამ ბიჭს შეურჩია სახელი, მე - გოგოს. ზაქარია გიორგის მამის, შინაურობაში ზაზას, სახელია. ნატალია კი არავის სახელია, უბრალოდ, მე მიყვარს.

თავიდანვე ვიცოდით, რომ იდენტური არ იქნებოდნენ, იმიტომ, რომ სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან იყვნენ. საბედნიეროდ, ორივე ჯანსაღი დაიბადა. ფეხმძიმობისას დიდ ყურადღებას ვაქცევდი ფიზიკურ აქტივობას. მე და ჩემი მეუღლე დღეში დაახლოებით 2-3 კილომეტრს გავდიოდით. ამასთან, პანდემიის გამო მაქსიმალურად ვიწრო წრესთან ვკონტაქტობდით.

- ხასიათიც განსხვავებული აქვთ? - ბიჭი ინტერესიანია, ყველაფერს ათვალიერებს, გოგო - დინჯია, ყველაფერს აკვირდება, განსაკუთრებით უცხო გარემოში. ისეთი გამჭოლი მზერა აქვს, გეგონება გშიფრავს. ორივეს სიამოვნებს მოფერება, უცხოობა არ იციან.

- როგორი გასაზრდელები არიან და გეხმარებათ ვინმე? - თავიდან აბსოლუტურად არ გვეძინა და მე და მეუღლე ვმორიგეობდით. ახლა ძალიან კარგი ძიძა გვყავს.