"ყოფილა შემთხვევა, საჭმლის ფული არ გვქონია, ბავშვები მაინც გვყავდეს კარგად" - 5-შვილიანი ოჯახის უკიდურესი გაჭირვება - კვირის პალიტრა

"ყოფილა შემთხვევა, საჭმლის ფული არ გვქონია, ბავშვები მაინც გვყავდეს კარგად" - 5-შვილიანი ოჯახის უკიდურესი გაჭირვება

დიდი დიღომში მიხა ხელაშვილის ქუჩა მუდამ სავსეა ბავშვებით. ეს პატარები გვარად გიგაურები არიან და იქვე, საცხოვრებელი კორპუსის გვერდით, პატარა ფიცრულში, მშობლებთან ერთად ცხოვრობენ. მძიმე გაჭირვებაში მყოფი ოჯახი თვიდან თვემდე თავის გატანას სოციალური დახმარებით ცდილობს. სიდუხჭრის მიუხედავად, მათთან მისულებს ღიმილით და სიხარულით გაგვიღეს კარი და თავიანთი ამბავიც გულწრფელად მოგვიყვნენ.

52 წლის თეიმურაზ გიგაური მეუღლე ჯულიეტა ჭკადუასა და 5 შვილთან ერთად უკვე 9 წელიწადია, ფიცრულში ცხოვრობს. წლების წინ ოჯახი ამავე ქუჩაზე, კორპუსში ცხოვრობდა, თუმცა ვალების გამო ბინა დაკარგეს და თეიმურაზს სხვა საცხოვრებელი პირობების მოძებნა მოუხდა.

"მესამე სართულზე ვცხოვრობდით, მერე სახლი დავკარგეთ და ვიდრე ამას ავაშენებდი, ქუჩაში გვეძინა. შემდეგ, დროთა განმავლობაში ეს სახლი ჩემი ხელით ავაშენე  და უკვე წლებია, აქ ვართ", - ამბობს თეიმურაზი.

უკიდურეს სიდუხჭირეს ისიც ემატება, რომ ოჯახის შუათანა ქალიშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ოჯახს კი შესაბამისი მკურნალობისა და მასაჟების თანხა ამ ეტაპზე არ მოეპოვება.

"შუათანა გოგონა გონებაჩამორჩენილია. სკოლაში კი დაგვყავს, მაგრამ მიმატება-გამოკლებაც არ იცის, მაინც დადის, იქნებ, რამე ისწავლოს. იგი, ასევე, მარჯვენა ხელსა და ფეხს სრულყოფილად ვერ მოიხმარს. ექიმმა თქვა, მასაჟები სჭირდებაო და ამის საშუალება ახლა ნამდვილად არ გვაქვს", - ამბობს ბავშვის მამა.

გიგაურების ამჟამინდელ შემოსავალს სოციალური დახმარება, მრავალშვილიანთა დახმარება და შუათანა გოგონას ინვალიდის პენსია შეადგენს. ეს მცირედი თანხა ამხელა ოჯახის შესანახად საკმარისი არ არის. ოჯახს ყველაზე მეტად პროდუქტები და ტანსაცმელი სჭირდება. ამჟამად ჯულიეტა და თეიმურაზი არ მუშაობენ.

"ძალიან გვიჭირს. სულ ეს არის ჩვენი შემოსავალი, ვცდილობთ, ვიცხოვროთ, სოციალური დახმარება ცოტა შევინახოთ, რომ საარსებო პურის ფული, ჩვენთვის თუ არა, ბავშვებისთვის მაინც დაგვრჩეს, ისინი მაინც გვყავდეს კარგად. არიან ადამიანები, რომლებიც ცოტ-ცოტას გვეხმარებიან, პროდუქტები და ტანსაცმელი მოაქვთ, მაგრამ თავის გატანა ყველაზე მეტად ზამთარში გვიჭირს", - ამბობს თეიმურაზი.

ჯანმრთელობის პრობლემები თავად მასაც აქვს. რამდენიმე წლის წინ ოჯახის უფროსმა ხერხემალზე ოპერაცია გაიკეთა, ახლა თიაქარი აქვს, მძიმე ტვირთის აწევა უჭირს, თუმცა სამსახურის გამოჩენისთანავე მუშაობაზე უარს არასდროს ამბობს და მაინც ახერხებს საქმის გაკეთებას. ზამთარში ოჯახი გამგეობისგან სამ კუბმეტრ შეშას იღებს, ამდენი სულისთვის კი ეს საკმარისი არ არის. ამიტომ, ზამთარში შეშას ზურგით ეზიდება, სხვადასხვა ადგილას ჭრის და სახლში მიაქვს.

"სამსახური არაფერი ჩანს, ათასში ერთხელ თუ ვნახავ რამეს. ადრე გადამზიდავად მიმუშავია, მერე სახლის რემონტებში ვეხმარებოდი ბიჭებს, ბოლოს მეზობლის ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში ვმუშაობდი და გასამრჯელოს 10 ლარს ვიღებდი. იქაც პროდუქტის შეტანა-გამოტანა მევალებოდა. ზამთარში სამსახურის შოვნა კიდევ უფრო ჭირს", - წუხს გიგაური.

სულ მალე ზამთარიც მოვა, 7-სულიანი ოჯახი კი ამ ზამთრის გადატანასაც ერთი პატარა ღუმლით აპირებს. თეიმურაზი და ჯულიეტა კეთილი ადამიანების შემწეობითა და ხელისუფლების სოციალური დახმარებით  ოჯახს ძლივს ინახავენ. ბავშვები პატარები არიან, ოჯახის ნაბოლარა წევრი ჯერ 2 წლისაც არ გამხდარა.

"ყოფილა შემთხვევა, საჭმლის ფული საერთოდ არ გვქონია, დავრჩენილვართ ასე. ყოველთვის ვჯახირობთ რაღაცებს და ვწვალობთ. ხანდახან ერთ ტომარა ფქვილს ვყიდულობ, თავი რომ გავიტანოთ და ვიდრე სოციალური დახმარება ჩაგვერიცხება, რამე შევჭამოთ. აი, ასე ვართ ხოლმე, ძირითადად", - თეიმურაზ გიგაური.

დახმარების მსურველები გიგაურების ოჯახს დაუკავშირდით მითითებულ ნომერზე:

599266848 - თეიმურაზ გიგაური

595551854 - ჯულიეტა ჭკადუა

მისამართი : დიდი დიღომი, მუხათგვერდის ასახვევი, მიხა ხელაშვილის ქუჩა ს.ს. "ლიბერთი ბანკი" ანგარიშის ნომერი : GE17LB0211151789863000

მიმღები : ჯულიეტა ჭკადუა

(სპეციალურად საიტისთვის)