აფხაზეთიდან ჩამოსულ კანდიდ თარბას კულტურის სამინისტრომ ერთ აკორდეონში 4.000 დოლარი მოსთხოვა?! - კვირის პალიტრა

აფხაზეთიდან ჩამოსულ კანდიდ თარბას კულტურის სამინისტრომ ერთ აკორდეონში 4.000 დოლარი მოსთხოვა?!

აფხაზეთისა და აფხაზების დასაბრუნებლად უამრავი თანხა იხარჯება. იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები ხმაურიანი სახელწოდებებით, საპარლამენტო კომისიები და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციები გრანტებს ინაწილებენ, ხელისუფლება დაკარგული ტერიტორიების თემით დასავლეთთან ვაჭრობს, დასავლეთი რუსეთთან.

მოგებულია ყველა - აფხაზი და ქართველი ხალხების გარდა. ეს სამწუხარო რეალობა ბოლო ხანს აფხაზებმაც გააცნობიერეს.

ცოტა ხნის წინ ერთმა ჩემმა აფხაზმა ნაცნობმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში კამათისას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე მითხრა, რა აფხაზებისა და აფხაზეთის დაბრუნებაზე მელაპარაკები, როცა თბილისში ჩამოსულ კანდიდ თარბას თქვენმა კულტურის სამინისტრომ ერთ აკორდეონში 4 ათასი დოლარი მოსთხოვა, არადა, კანდიდ თარბას სოხუმში ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი აქვს, სადაც აფხაზურ ცეკვებთან ერთად ქართულ ცეკვებსაც ასწავლის ბავშვებსო.

კანდიდ თარბა სოხუმში ანსამბლ "შარათინის" ხელმძღვანელია. წარსულში სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა. მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ ამხელა თანხა მოსთხოვა, თარბა იძულებული გახდა ალასანიასთან მისულიყო. მას დახმარების ხელი ალასანიამ და ერთ-ერთმა ქართულმა ანსამბლმა გაუწოდეს, რომელმაც უსასყიდლოდ გადასცა აკორდეონიო.

სიმართლე გითხრათ, ამ ამბის დაჯერება არ გვინდოდა და ამიტომ კულტურის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა, მეტიც, კანდიდ თარბა კულტურის სამინისტროში არც ყოფილა, რადგან ასეთი გვარ-სახელის მქონე ადამიანი რეგისტრაციაში არ გატარებულაო. იგივე პასუხი მივიღეთ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროშიც. ის-ის იყო იმედი ჩამესახა, რომ ეს ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო და კანდიდ თარბა თბილისშიც არ ჩამოსულა, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისათვის, ირაკლი ალასანიას დავუკავშირდი და ეს ამბავი ვუამბე.

ირაკლი ალასანია: - ამ საკითხზე საუბარი არ მსურს.

- კანდიდ თარბამ მართლაც გთხოვათ დახმარება?

- ძალიან გთხოვთ, ამ საკითხზე საუბარი არ მსურს.

- ე.ი. ფაქტს არც ადასტურებთ და არც უარყოფთ?

- ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გაიგებთ.

თუ ირაკლი ალასანიას კომენტარით ვიმსჯელებთ, ზემოხსენებული ისტორია მთლად საფუძველმოკლებული არ უნდა იყოს. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, გაგვეგო, ვინ აჩუქა კანდიდ თარბას აკორდეონი და ჩამოვიდა თუ არა მართლაც თბილისში. ჩვენ დავუკავშირდით ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელ ჯემალ ჭკუასელს:

- ბატონო ჯემალ, კანდიდ თარბას თუ იცნობთ?

- მეგობარია ჩემი.

- თქვენ აჩუქეთ თარბას აკორდეონი?

- არა. ცოტა ნაწყენიც კი ვარ, გავიგე, თბილისში ყოფილა და ჩემთან არ მოსულა.

ჩვენ დავუკავშირდით სუხიშვილების ანსამბლს: - კანდიდ თარბა ნამდვილად სუხიშვილების მოცეკვავე იყო და ძალიან კარგი. ვიცით, რომ ის აფხაზეთში ბავშვებს ქართულ ცეკვებს ასწავლის. ვაჩუქეთ თუ არა აკორდეონი, ამაზე ამჯერად ვერაფერს გეტყვით - ის შემადგენლობა, რომელსაც შესაძლოა ბატონ თარბასთვის აკორდეონი ეჩუქებინა, გასტროლებზეა ბულგარეთში.