"ყველაზე ევროპელი" მწერალი - კვირის პალიტრა

"ყველაზე ევროპელი" მწერალი

მომავალ ორშაბათს მკითხველი რემარკის "ტრიუმფალურ თაღს" მიიღებს

1943 წელს გერმანიის პატარა ქალაქ ოსნაბრუკში ერთმა ქალბატონმა ბერლინის სასამართლოდან გამოგზავნილი წერილი და ანგარიში მიიღო, რომლის თანახმადაც 495 მარკისა და 80 პფენინგის გადახდა ევალებოდა მისი დის - ელფრიდა შოლცის ციხეში "ცხოვრების", სასამართლოსა და სიკვდილით დასჯის "მომსახურების" საფასურად... ელფრიდა მკერავი იყო და იმის გამო დასაჯეს, რომ ერთ-ერთ კლიენტთან ჰიტლერზე აუგი წამოსცდა! თუმცა მოსამართლის მიერ განსასჯელისთვის ნათქვამ სიტყვებში აშკარად გამოჩნდა იმ საცოდავი ქალის ნამდვილი "დანაშაული".

- სამწუხაროდ, თქვენი ძმა ხელიდან დაგვისხლტა. სამაგიეროდ, თქვენ ვეღარსად დაგვემალებით.

ეს ძმა კი უკვე სახელმოხვეჭილი მწერალი ერიხ მარია რემარკი გახლდათ, რომელიც იმ დროს ამერიკაში "ტრიუმფალურ თაღზე" მუშაობდა.

არადა, იმის მიუხედავად, რომ ნაცისტებმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აკრძალეს და საჯაროდ დაწვეს რემარკის წიგნები, ეს მწერალი მანამდე არასოდეს გამოირჩეოდა მკვეთრი ანტიმილიტარისტული ან ანტიფაშისტური პათოსით.  მეტიც - ბავშვობის დროინდელი კერპი თომას მანი (გერმანიიდან ამერიკაში ემიგრირებულ ხელოვანთა და ლიტერატორთა გაერთიანების თავკაცი) საჯაროდ გამოთქვამდა გაღიზიანებას რემარკის პოლიტიკური პასიურობის გამო, ხოლო თვით ამერიკელები ფაშიზმისა და კომუნიზმის მხარდაჭერაში სდებდნენ ბრალს და 1949 წლამდე არაერთმა კომისიამ იმსჯელა, სანამ ამერიკის მოქალაქეობას აღირსებდნენ.

KvirisPalitra.Geრემარკის ბევრი ბიოგრაფი ამბობს, რომ მწერალს თვით ჰიტლერი ვერ იტანდა პირად მიზეზთა გამო - არც ჰიტლერს და არც რემარკს არ დაუდასტურებიათ, მაგრამ არც არასოდეს უარუყვიათ, რომ ამ ფოტოზე შუაში სწორედ თადარიგის მე-15 პოლკის მე-2 ქვედანაყოფის ჯარისკაცი რემარკი დგას (წინ მისივე საყვარელი ძაღლით), ხოლო მარჯვნივ - მე-16 ბავარიული პოლკის ეფრეიტორი ადოლფ შიკლგრუბერი (მომავალი ადოლფ ჰიტლერი). ასე რომ, ისინი ერთმანეთს პირველი მსოფლიო ომიდან იცნობდნენ და არავინ იცის, ბოღმიან ჰიტლერს რა წყენა ჰქონდა ჩარჩენილი გულში.

ისე, ეს ერთ-ერთი ვერსიაა: რემარკისა და ჰიტლერის გზები სასიყვარულო ამბებშიც გადაიკვეთა - ლენი რიფენშტალი, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კინოდოკუმენტალისტი (თუნდაც იმიტომ, რომ 2003 წელს 101 წლისა გარდაიცვალა და თითქმის ბოლომდე აქტიურად მუშაობდა), რომელმაც ჰიტლერის სახოტბო ფილმი "ნებისყოფის ტრიუმფი" გადაიღო და როგორც ამბობენ, "ბელადი" კიდეც ჰყვარობდაო ევა ბრაუნის გამოჩენამდე, ნაცისტების მოსვლამდე რემარკის "ერთ-ერთი ქალი" იყო. როდესაც ლენი ახალგაზრდა უმუშევარი მსახიობი იყო, რემარკი სწორედ მის სახლში წერდა თავისი კარიერის მთავარ რომანს - "დასავლეთის ფრონტი უცვლელია". შემდეგ, სახელმოხვეჭილმა, მიატოვა ქალი და ღმერთმა იცის, ძველი წყენის გამო რას ეტყოდა ეს პატივმოყვარე არსება ემოციურ "ფიურერს".

ასე იყო თუ ისე, მიზეზებსა და ვარაუდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ფაქტი ერთია - რემარკი იძულებული იყო, ამერიკაში გახიზნულიყო, მაგრამ იგი მაინც ყველაზე ევროპელ მწერლად დარჩა. საყურადღებოა, რომ იქ დიდი ხნის ცხოვრების მიუხედავად, რემარკის არც ერთ ცნობილ ნაწარმოებში ამერიკა და ამერიკელები არ მონაწილეობენ; ხოლო როდესაც დიდი დაბრკოლებების შემდეგ, ამერიკის მოქალაქეობა მიიღო, იცით, რა ქნა? - მაშინვე დაბრუნდა  შვეიცარიაში მდებარე თავის ვილაში და აღარასოდეს წასულა საცხოვრებლად ამერიკაში.

ყველას, ვისაც "50 წიგნის პროექტთან" რამე კავშირი გვაქვს, თუკი რომელიმე მწერალზე არ შეგვპარვია ეჭვი, რომ მასში მოხვდებოდა, ეს სწორედ რემარკი იყო - ცხადია, უამრავი მიზეზის დასახელება შეიძლება თუ რატომ იყო და არის რემარკის ყველა ნაწარმოები ესოდენ პოპულარული; შეიძლება ვინმემ ერთი ძალიან დიდი მწერლის სიტყვებიც გაიხსენოს - რემარკი იაფფასიანი პოპულისტიაო, მაგრამ ამ შეფასებას, მგონი, ცოტა შურის ელფერი დაჰკრავს. ფაქტი კი ერთია: 1929 წელს, როდესაც "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" დაიბეჭდა, მაშინვე მილიონნახევრიანი ტირაჟით გაიყიდა (იმის მიუხედავად, რომ მანამდე გაზეთში გამოქვეყნდა და ტირაჟიც გააათმაგა); მისი რომანების ეკრანიზაციებმა "ოსკარები" მიიღეს, ხოლო რემარკისთვის ნობელის პრემიის მინიჭებას აღარაფერი უკლდა, მაგრამ გერმანიის ოფიცერთა კავშირის პროტესტმა ჩაშალა საქმე - "დასავლეთის ფრონტში" უსამართლობის მხარეზე მებრძოლი გერმანიის ჯარისკაცებს განადიდებსო.

ზემოთ მისი ევროპელობა ვახსენეთ და ვფიქრობ, "ტრიუმფალური თაღი" რემარკის ყველაზე "ევროპული" რომანია, ანუ იმის მიუხედავად, რომ მოქმედება ძირითადად მხოლოდ პარიზში მიმდინარეობს, აქ მთავარი პერსონაჟი არა ექიმი რავიკი, არამედ მთელი ევროპაა. ევროპა, რომელიც ავად არის და მას ვერც რავიკის ნიჭი და პროფესიონალიზმი შველის.

რემარკზე როდესაც მოგითხრობთ, არ შეიძლება მისი ცხოვრების ორ მთავარ "ატრიბუტზე" - სასმელსა და ქალებზე არ ვთქვათ: თუ გახსოვთ, ნოდარ დუმბაძის რომანში "ნუ გეშინია, დედა!", ერთ წვეულებაზე ავთანდილ ჯაყელი კონიაკით სავსე ჩაის ჭიქას რომ გამოცლის, ვიღაც ჩაილაპარაკებს: "ვა, ეს ვინ არის, რემარკია?" როდესაც ეს, შემდეგ კი რემარკის რომანები წავიკითხე, ვიფიქრე, რომ დუმბაძე რემარკის პერსონაჟებს "გულისხმობდა" - ისინი ხომ სასმლის დიდი მცოდნეები და მოყვარულები არიან. მოგვიანებით, როდესაც რემარკის ბიოგრაფიას გავეცანი, მაშინვე ის ფრაზა გამახსენდა, რადგან რემარკის ყველა რომანის გმირის საყვარელი არაყი "კალვადოსი" თვით რემარკის "ცხოვრების ნაწილიც" ყოფილა; ხოლო ქალები - ხსენებული ლენი რიფენშტალით დაწყებული და თვით მარლენ დიტრიხით დამთავრებული ("შუაში" კიდევ არაერთი ცნობილი ქალი)!

დიახ, პატივმოყვარეც ყოფილა - ახალგაზრდობაში, პირველი ფული რომ იშოვა, 500 მარკად ვიღაც გაღარიბებული არისტოკრატისგან ბარონის ტიტული უყიდია (ფიქციურად გაუფორმებიათ შვილად აყვანა) და სავიზიტო ბარათზე მაშინვე გვირგვინი "მიახატა"... ასეთი ახირებები ბოლომდე გაჰყვა - ერთხელ ამერიკელებს მანამდე არ მისცა "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისას" ეკრანიზაციის უფლება, სანამ პროდიუსერი არ დაითანხმა, რომ მოხუცი მასწავლებლის როლს თვითონ ითამაშებდა.

ასეთი იყო, იმიტომ, რომ "ძალი შესწევდა ქადილისა", რისი დასტურიც თითქმის საუკუნის შემდეგაც კი მთელ მსოფლიოში მიმოფანტული მისი მკითხველის მრავალმილიონიანი არმიაა.