ფოტოკონკურს "წიგნის თაროს" გამარჯვებულს "ბიბლუსმა" პრიზი გადასცა - კვირის პალიტრა

ფოტოკონკურს "წიგნის თაროს" გამარჯვებულს "ბიბლუსმა" პრიზი გადასცა

ფოტოკონკურს "წიგნის თაროს" პირველი ეტაპის გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსის ვებგვერდზე www.konkurs.ge მნახველთა ყველაზე დიდი რეიტინგი დავით აბრამიშვილის ფოტომ "კიდევაც დაიზრდებიან" მოიპოვა.

კონკურსის სპონსორმა, მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" გამარჯვებულს "50 წიგნის" სერიის მე-9 გამოცემა, ჩარლზ დიკენსის "დევიდ კოპერფილდი" გადასცა.

გამარჯვებულის თქმით, პრიზიორ ფოტოზე მისი ნათესავის 5 თვის შვილია გამოსახული. კონკურსის შესახებ კი Facebook-იდან შეიტყო. სწორედ სოციალური ქსელი დაეხმარა გამარჯვების მოპოვებაშიც, რადგან მეგობრებს სთხოვა და ისინიც არ დაზარდნენ ფოტოსთვის ხმის მიცემაზე.

KvirisPalitra.Geმართალია კონკურსის საიტზე გამარჯვებულმა ფოტომ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, - ზოგის აზრით, მისი მხატვრული ღირებულება სხვა ფოტოებს ჩამოუვარდებოდა, მაგრამ საიტის ადმინისტრაცია ამის საპასუხოდ აცხადებს, რომ კონკურსის გამარჯვებული მხოლოდ ხმის მიცემით გამოვლინდა.

საიტის წესებით სოციალურ ქსელებში ან სხვა ინტერნეტრესურსებში ფოტოების პრომოუშენი აკრძალული არ არის და თუ აბრამიშვილის "ინტერნეტსამეგობრო" უფრო აქტიური იყო, მაშინ გამარჯვებულმა სამართლიანად მიიღო პრიზი.

"ბიბლუსმა" წიგნთან ერთად გამარჯვებულს მაღაზიათა ქსელის დაგროვებითი ბარათიც გადასცა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, მომავალში საჭირო რაოდენობის ქულები დააგროვოს და საჩუქრად ნებისმიერი წიგნი მიიღოს.

"ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მარიამ წამალაშვილის თქმით, კონკურსი "წიგნის თარო" გრძელდება და დღითი დღე სულ უფრო პოპულარული ხდება.

KvirisPalitra.Ge"კონკურსის მეორე ეტაპი 14 მარტს დაიწყო და 27 მარტს დასრულდება, ხოლო მესამე ეტაპი - 28 მარტიდან 10 აპრილამდე გაგრძელდება. კონკურსში მონაწილე ყველა კონკურსანტი მიიღებს "ბიბლუსისგან" დაგროვებით ბარათს. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, ამას მაისის ბოლოს "წიგნის ფესტივალზე" შევიტყობთ", - თქვა მარიამ წამალაშვილმა.

სწორედ "წიგნის ფესტივალზე" გამოვლენილი, პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული მიიღებს "50 წიგნის" ყველა გამოცემას და წიგნის თაროს, მეორეადგილოსანი - "ქართული პროზის საგანძურის" ყველა წიგნს, მესამე ადგილის მფლობელი კი "ბიბლუსის" 100-ლარიან სასაჩუქრე ბარათს.

მალხაზ ჭკადუა