"პანიკას არ უნდა მივეცეთ - ინფექციის გავრცელების ჯაჭვი რომ გაწყდეს, ინფიცირებული და მასთან კონტაქტში მყოფები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში" - კვირის პალიტრა

"პანიკას არ უნდა მივეცეთ - ინფექციის გავრცელების ჯაჭვი რომ გაწყდეს, ინფიცირებული და მასთან კონტაქტში მყოფები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში"

ახლა თანდათან ხდება სხვადასხვა რესპირაციული ინფექციების და კოვიდის ზედდება, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა ცირკულაციაში, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გასაწყვეტად, აუცილებელია, რომ კოვიდინფიცირებული ადამიანი და მასთან კონტაქტში მყოფი პირები დაუყოვნებლივ გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

„შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს ნოემბერში. ახლა თანდათან ხდება სხვადასხვა რესპირაციული ინფექციების და კოვიდის ზედდება, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომების დაწყების შემთხვევაში ექიმთან კონსტულტაცია და შემდგომ, შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევები, რომ დადასტურდეს, გვაქვს თუ არა კოვიდი. თუ გვაქვს კოვიდი, პანიკას არ უნდა მივეცეთ, კოვიდინფიცირებული პიროვნება დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, დარეკოს 112-ზე ან დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს და შემდგომი ნაბიჯები გადადგას მათი კონსულტაციით.

თუ ოჯახის წევრი არის კოვიდინფიცირებულის ახლო კონტაქტი, რომელსაც პირბადით დაუცველი კონტაქტი ჰქონდა, აუცილებელია ისინიც ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადავიდნენ თვითიზოლაციაში, მიმართონ ოჯახის ექიმს ან 112-ს და შემდგომი ნაბიჯები გადადგან მათი რეკომენდაციებით.

ინფექციის გავრცელების ჯაჭვი რომ გაწყდეს, აუცილებელია, რომ ინფიცირებული ადამიანი და მასთან კონტაქტში მყოფი პირები დაუყოვნებლივ იყვნენ გადასული თვითიზოლაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია, რომ როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეებში მოქალაქეებს პირბადე ეკეთოთ.

„დღეს პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის იარაღი კორონავირუსულ პანდემიასთან ბრძოლაში. პირბადეზე უკეთესი ამ ერთი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ ჯერჯერობით არაფერია. ჯერჯერობით არ გვაქვს ვაქცინა, ასევე არ გვაქვს პირდაპირი მოქმედების წამალი. ამიტომ, ყველაზე მძლავრი პრევენციული ღონისძიება და დაცვის საშუალება გახლავთ პირბადე, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და დიდი თავშეყრებაზე თავის არიდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"