... რატომ იღუპებიან პატარები - კვირის პალიტრა

... რატომ იღუპებიან პატარები

ზუბაშვილებს მესამე შვილიც გამოეცალათ ხელიდან

ბავშვის დაღუპვის შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტომ დედას შვილების ბავშვთა სახლისთვის დროებით გადაცემა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო

გასულ კვირას შემზარავი ამბავი გავრცელდა - წლისა და 7 თვის გიორგი ზუბაშვილი შიმშილით გარდაიცვალაო. ზუბაშვილების ოჯახის ტრაგედიას ისიც ამძიმებს, რომ უკვე მესამე ბავშვი გარდაეცვალათ. სამივეს სიცოცხლის ბოლო პერიოდში დისპეფსია აღენიშნებოდა. "დისპეფსია ვითარდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობით, წარმოიქმნება ხანგრძლივად არარაციონალური კვების შედეგად" - ვკითხულობ დაავადების განმარტებაში.

სასწრაფოდ გორის რაიონის სოფელ ვარიანში მივდივართ, სადაც მრავალშვილიანი, მაგრამ ღატაკი ზუბაშვილები ცხოვრობენ. დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ბავშვებს არ ექნებათ შაქარი, ზეთი, კარაქი, ტკბილეულზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჯერჯერობით ოჯახში დარჩენილი ოთხი ბავშვის წყალობით სიკვდილს სიცოცხლე ჯაბნის! მოკლედ, იქ, სადაც შიმშილია, თუნდაც ყველაზე მართალ და ობიექტურ სიტყვაზე უფრო დიდი წონა პურს აქვს და ამიტომ ბავშვებისთვის მცირეოდენი პროდუქტიც მიგვაქვს.

ვარიანი...

ვარიანი ომგამოვლილი სოფელია... "მთის თავზე ცა დროდადრო ნათდებოდა, თითქოს პირს ხსნიდა და მაღლიდან ბომბები ცვიოდა", - გვიყვება ზუბაშვილების მეზობელი ბესო.

ზუბაშვილების საცხოვრებლის ფანჯრებს არც ერთი მინა აღარ აქვს შერჩენილი, აივნის დიდ ნაწილს ბეტონი დასცვენია და ისეა გამოფარღალალავებული, ადამიანს ფეხიც კი ჩაუვარდება. ამიტომ პატრონს თუნუქი გადაუფარებია. ავდარში სახლში წვიმა ჩადის.

- რა ვიცი, ისეთებმა მიიღეს დახმარებები, რომ...  ამათ კიდე არაფერი! - მეუბნება ჩემი მეგზური.

ზუბაშვილების მრავალსულიანი ოჯახი ერთ ოთახში ცხოვრობს. პირველი სართულის კიდევ ერთი ოთახი გენადი ზუბაშვილის ძმას  უკავია, მასაც 5 შვილი ჰყავს და მისი ოჯახიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფად ითვლება.

სოფელში გაჭირვება აშკარად თვალში საცემია. სოფლის ამბულატორიაც კი ისეთ შენობაშია, რომ თვალებს არ ვუჯერებთ (არც მის ფანჯრებს აქვს მინები).

ზუბაშვილებთან შინ მხოლოდ სამიოდე წლის მარი და მისი მამა, გენადი ზუბაშვილი დაგვხვდნენ. ბავშვი თავს ცუდად გრძნობდა, იწვა და ახველებდა. პატარა გიორგის გარდაცვალების შემდეგ 9 წლის ნანუკა და 7 წლის ასმათი ნათესავებს თავისთან წაუყვანიათ, ბავშვები მძიმე გარემოს გაარიდეს.

დედა, ხათუნა სირანიშვილი მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი დახმარების სათხოვნელად იყო წასული გორის გამგეობის მუნიციპალიტეტში, პატარა დათოც თან ახლდა. თურმე, შვილმკვდარი ქალი ადრეც ითხოვდა დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ, უარი უთხრეს, შვილი გარდაგეცვალა და ახლა მრავალშვილიან დედად აღარ ითვლებიო(!). როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, მრავალშვილიანი დედებისთვის განკუთვნილი თანხები 8 მარტს დარიგებულა, ხათუნა სირანიშვილი კი  მაინც არავის გახსენებია, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მეხუთე შვილი ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა.

KvirisPalitra.Geსიკვდილის მიზეზი

გენადი ზუბაშვილი: ”ბავშვს შეშუპება დაეწყო, გორის საავადმყოფოში მითხრეს, გადასხმები სჭირდებაო, რაღაც წამალი გამოუწერეს, რომელიც 120 ლარი ღირდა... რას ვიყიდდი... ".

როგორც ვარკვევ, "რაღაც წამალი" "ალბუმინია" - ერთ-ერთი ცილა. სისხლში მისი შემცველობა ორგანიზმში არსებული ცილების 60%-ს უნდა შეადგენდეს, მისი ნაკლებობა კი სიკვდილს იწვევს. ზუბაშვილები არ გამორიცხავენ, რომ შეიძლებოდა ბავშვის გადარჩენა, მისთვის დროულად რომ ემკურნალათ.

გენადი ზუბაშვილი: "სიკვდილის მიზეზად გულის მანკიც დასახელდა, ზოგმა ისიც თქვა, ვითომ სისუსტე საჭმლის ნაკლებობამ გამოიწვიაო".

არადა, პატარა გიორგის სიკვდილამდე ოჯახმა არ იცოდა, ბავშვს თუ გული აწუხებდა. ეს დიაგნოზი სოფლის ექიმებსაც აოცებს.

სვეტლანა პაპიაშვილი, სოფლის ამბულატორიის ოჯახის ექიმი: - ბავშვს დისპეფსია ჰქონდა. ზუბაშვილების ორი ბავშვიც  დისპეფსიითა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალნენ.

- პატარა გიორგის გული მართლაც დაავადებული ჰქონდა?

- დედის გადმოცემით, ბავშვს არასოდეს დაუჩივლია და არც პედიატრს ჩაუწერია ეს ანკეტაში. უფროს მარისაც გარდაცვლილი ძმების მსგავსად დისპეფსია აღენიშნებოდა, მაგრამ იაშვილის კლინიკაში გამოიყვანეს მდგომარეობიდან. ბავშვის გამოჯანმრთელებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ომის შემდგომ პერიოდში ოჯახს საჭმელი ჰქონდა, მაშინ საკვები პროდუქტებით ეხმარებოდნენ.

"განა დედა ბავშვს პურს არ შეაჭმევს და თავად შეჭამს?!"

ზუბაშვილებს ყოველთვიურად სოციალური დახმარების სახით 175 ლარი, ხოლო წელიწადში ერთხელ მრავალშვილიანობისთვის 300 ლარი ეკუთვნით.

ხათუნა სირანიშვილი: - გამგეობაში ისევ დამიბარეს და, ალბათ, 300 ლარს მომცემენ. დახმარება რომ არ შეგიწყდეთ, კიდევ უნდა შეგამოწმოთ, რადგან ოჯახის წევრი გამოგაკლდათო. ფული გამოყოფილი ყოფილა მრავალშვილიანი დედებისთვის, მე კი არავინ გამაგებინა. ამ ფულს ხომ მოვახმარდი ბავშვებს, წამალი მომთხოვეს საავადმყოფოში და ფული არ მქონდა. პოლისით არავითარი შეღავათი არ მომცეს.

ანკეტა რომ გახსნეს, იმაშიც გადამახდევინეს ფული. მანამდე გამგეობასაც მივმართე. საკვები კი ერთი ყუთი მომცეს, მაგრამ მას აქეთ მე უნდა მეყიდა. ეს მრავალშვილიანებისთვის როგორი დახმარებაა? ახლა აქეთ მედავებიან და მაბრალებენ ბავშვის სიკვდილს. ვითომ მქონდა და არ ვაჭმევდი... ამბობენ, ბავშვი შიმშილით მოკლესო. ჰო, ეგრე იძახიან ექიმები, რომ ვითომ უყურადღებო დედა ვარ. რომელი დედა იზამს, რომ ბავშვს არ აჭამოს და თვითონ შეჭამოს. რასაც ვახერხებდით, ეგ იყო, ხშირად ვუკეთებდი კომბოსტოს, ძვლიან წვნიანებსაც. ის სამასი ლარი ამ წუთში არ მიხარია. იმით ვალები უნდა დავფარო და იმიტომ.

- ორი ბავშვი რა მიზეზით დაგეღუპათ?

- ერთი ფილტვების ანთებით, მეორე - ასთმით.

- პატარა გიორგიზეც თქვეს, რომ ანთება ჰქონდა.

- ჰო, სახლში ნესტია. ეს პატარა მიდის და ფანჯრებზე გაკრულ ცელოფანს გლეჯს. წავალთ, ისევ ამათ ვაკლებთ და პარკებს ვყიდულობთ... ახლა დატრიალდნენ, როცა ბავშვი მიწაში ჩავდე! ომის დროს საშენი მასალები გამოყვეს. მე მეუღლე ციხეში მყავდა იმ დროს. მალევე გამოუშვეს, მაგრამ... მაშინ შინ რუსების შიშით ვერ ვბრუნდებოდი, კარავში ვცხოვრობდი და ვერ მოვახერხე საშენი მასალის აღება.

ხათუნა სირანიშვილმა ისიც გვითხრა, რომ თურმე პირველ ქმართან ერთი შვილი კიდევ ჰყოლია, რაც გამგეობაში არ იცოდნენ. გამოდის, ის მაინც მრავალშვილიან დედად ითვლება. ისიც გაირკვა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ დედას შვილების ბავშვთა სახლისთვის დროებით გადაცემა შესთავაზა.

"ეს ბავშვის გარდაცვალების შემდეგ შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. მა, რა ვქნა", - ამბობს დედა.

ალექსანდრე კერესელიძე, ზუბაშვილების ნათესავი: - რითაც უნდა დაეხმარონ  იმ ბავშვთა სახლში, იმით რომ თავიანთ სახლში დაეხმარონ, არ შეიძლება? Aარ გაჩერდება ბავშვი დედის გარეშე. სოფელს უმუშევრობა კლავს. საკუთარ თავზე მეტად გენადიზე შემტკივა გული... ხიდები, გზები ხომ შენდება, ხომ შეიძლება ვინმემ გენადი ზუბაშვილი მუშად დაასაქმოს? საიდანღაც ჩამოსულებს ამუშავებენ...

"დავეხმაროთ თუ არა?"

კახა ტოლიაშვილი, გორის გამგეობის აპარატის უფროსი: - ეს ქალი უნდა მოსულიყო ჩვენთან, განცხადება დაეწერა, სადაც აღნიშნავდა, რომ არის მრავალშვილიანი და გაეწეოდა დახმარება. თითქმის სუყველამ ისარგებლა ამ პროგრამით, მან კი რატომღაც არ მოგვმართა.

- იქნებ არ ჰქონდა ინფორმაცია?

- ამას ვერ ვიტყვი! სხვა დროსაც უსარგებლია ჩვენი მუნიციპალური პროგრამებით. ახლა კი, სამწუხაროდ, ხათუნა სირანიშვილს აღარ ჰყავს ხუთი შვილი და შესაბამისად ჩვენს სოციალურ პროგრამაშიც ვეღარ ჯდება.

- როგორც გავიგე, მას ჰყავს შვილი პირველი მეუღლისგან...

- თუ 5 შვილი ჰყავს, დახმარებას მიიღებს. მნიშვნელობა არა აქვს, რომელი მეუღლისგან ჰყავს.

- ზუბაშვილების ოჯახმა ომში დაზიანებული სახლებისთვის გამოყოფილი საშენი მასალები რატომ ვერ მიიღო?

- იმიტომ, რომ მათი სახლი არ დაზიანებულა.

- მათ ახლოს იყო დაბომბვა და თქვენი აზრით, მინები არ ჩაემსხვრეოდათ?

- იმდენი მინა დარიგდა სოფელში, მთელ რაიონს ეყოფოდა, მათ კი ინერტულობა გამოიჩინეს. ახლა კი ომის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის პროგრამა შეჩერებულია(?).

სად არის გამოსავალი?

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი: "ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბავშვი დაიღუპა და ამას აღარაფერი ეშველება. რასაკვირველია, სახელმწიფოა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში გამართული სოციალური სამსახური არსებობდეს. აუცილებელია, გაფართოვდეს სოციალური სამსახური და გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა, რათა იმ ბავშვებს, რომლებიც რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ, დროულად გაეწიოთ დახმარება. ჩვენი აზრით, ასევე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება თავად ოჯახს და სოციუმს, სადაც ის ცხოვრობს. თუ ოჯახი ვერ ზრუნავდა ბავშვზე, საზოგადოებას უნდა მოეხდინა რეაგირება, აღმოეჩინა დახმარება ან ეცნობებინა სოციალური სამსახურისათვის".

P.S. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ საზოგადოებამ უნდა იპოვოს კეთილგონივრული გამოსავალი, მხოლოდ გულზე მჯიღების ბრაგუნს აზრი არა აქვს.

ეკა ასათიანი

www.kvirispalitra.ge

თქვენი აზრით, რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და ვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება? გამოგვეხმაურეთ. გააკეთეთ კომენტარი

www.palitratv.ge

ამ მასალის ვიდეოსიუჟეტი იხილეთ: www.palitratv.ge-ზე