ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად კარტოფილი მიიტანეს - კვირის პალიტრა

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად კარტოფილი მიიტანეს

ისანში, მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც არჩევნების შედეგების ისნის საჩივრების განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს, აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად ტომრით კარტოფილი მიიტანეს და შენობასთან დაყარეს.

ადგილზე ოპოზიციის წევრები ხატია დეკანოიძე და ლანა გალდავა მივიდნენ.

აქციას "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ლელოს" აქტივისტები მართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები შენობაში შესვლას და საჩივრების განხილვაზე დასწრებას ითხოვენ, თუმცა შიგნით შესვლის უფლებას პოლიცია არ აძლევს, რომელიც შენობის შესასვლელთანაა მობილიზებული.

ხატია დეკანოიძე მიმართავს საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომ შენობასთან მდგარ აქციის მონაწილეებთან ჩამოვიდეს და გაესაუბროს.

"გადაწყვიტეს რომ ჩვენი საჩივრები არ განიხილონ ასეთი მითითება აქვთ ისანში არსებულ გაყალბებაზე. ყველა უბანზე აკლია ბიულეტენები.

გამყალბებლებო, მოიპარეს საქართველოს არჩევანი. მაინც დავიცავთ ამ არჩევნებს, მაინც ჩატარდება ახალი არჩევნები და მაინც ჩამოიშლება ბიძინა ივანიშვილი",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აქტივისტები სკანდირებენ "გამყალბებლებო".

"ინტერპრესნიუსი"