"ვირტუალური" მშობლები და ქართველი შვილობილები - კვირის პალიტრა

"ვირტუალური" მშობლები და ქართველი შვილობილები

უკვე ათი წელია 120 გერმანული ოჯახი ქართული სკოლა-ინტერნატების აღსაზრდელებს მეურვეობს. ევროპელი "ვირტუალური" მშობლები და ქართველი შვილობილები მხოლოდ ფოტოებითა და ვიდეოჩანაწერებით იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ხელს არ უშლით გულითადი მიმოწერა ჰქონდეთ. გერმანელები ცდილობენ, ინტერნატების მკვიდრ პატარებს როგორმე შეუმსუბუქონ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ამისათვის მთელი წლის განმვლობაში აგროვებენ თანხას სპეციალურ ანგარიშზე. მისიას, სახელწოდებით "მეურვე", ხელმძღვანელობს ქალაქ გერზენკირხენში არსებული ქართულ-გერმანული ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი როლანდ კოლბეკი და მისი ქალიშვილი დანიელა. ქართველი ბავშვებისთვის გერმანელი მეურვეების საჩუქრების გადასაცემად დანიელა უკვე მეშვიდედ ჩამოვიდა საქართველოში.

დანიელა კოლბეკი: "ათი წლის წინ დედამ მამას შესთავაზა, რომ ცენტრი საქართველოში მცხოვრებ გაჭირვებულ ბავშვებს დახმარებოდა. ასე გაჩნდა პროექტი "მეურვე". დავუკავშირდით ქუთაისში გერმანულ-ქართული ურთიერთობის ცენტრს და ვთხოვეთ, ინფორმაცია მოეწოდებინა ბავშვების შესახებ. ძირითადად, დაინტერესებული ვიყავით ობლებით, რომელთაც მძიმე სოციალურ  პირობებში უხდებათ ცხოვრება. მერე საქართველოდან მოწოდებული ინფორმაცია გადავამოწმეთ, ბავშვები და მათი საცხოვრებელი გარემო ფოტო და ვიდეოკადრებით დავაფიქსირეთ, რათა გერმანელებისთვის გვენახვებინა. ასე დავიწყეთ ჩვენს თანამემამულეებში იმ მეურვეების მოძებნა, ვინც ამ პატარების დახმარებას მოისურვებდა. უკვე  დაახლოებით 120  ბავშვი და მეურვე გვყავს. გერმანიაში ასეთ ხალხს  ნათლიებსაც ეძახიან. პატარების სახელზე მათ მთელი წლის განმავლობაში შეაქვთ თანხა ბანკში. წელს უფრო მეტი ფული შეგროვდა, რადგან წინა წელს ომის გამო ვერ ჩამოვედით. საქართველოში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა მეურვეები და კიდევ უფრო გაუმძაფრა მზრუნველობის გრძნობა".

დანიელა ამბობს, რომ სწორედ ქართველ ბავშვებთან ურთიერთობის შემდეგ შეარჩია პროფესია და სოციალური პედაგოგის სპეციალობის შესწავლა დაიწყო.

დანიელა: "მამაჩემი უკვე ათი წელია ჩამოდის საქართველოში, მე კი თავდაპირველად პატარა ჩანთებს ვაკეთებდი ბავშვებთან გამოსაგზავნი საჩუქრების ჩასალაგებლად. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ბავშვებზე მხოლოდ შორიდან ზრუნვა აღარ მაკმაყოფილებდა და საქართველოში ჩამოვედი. არასოდეს დამავიწყდება მათი თვალები, როდესაც საჩუქრებს ვაძლევდი. მაშინ გადავწყვიტე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი მათთვის სიხარულის მისანიჭებლად.

შვილობილების უმრავლესობა არასდროს ყოფილა ზღვაზე, ამიტომაც სამი დღით წავიყვანეთ ქობულეთში. გახარებული ბავშვები ჯერ ზღვაში შეცვივდნენ, მერე ჩემთან მოირბინეს, მადლობა მითხრეს და კვლავ ტალღებს შეერივნენ. გულისამაჩუყებელი სანახაობა იყო".

კოლბეკები ყოველ ჩამოსვლაზე ბროწეულაში დიდ სადილს მართავდნენ, რომელსაც, როგორც იტყვიან, ჩიტის რძეც არ აკლდა. გერმანელები ასე ცდილობენ ბავშვებს ზეიმი მოუწყონ და იმ მცირე დროში, რომელსაც აქ ატარებენ, ბევრი მოასწრონ.

"რომ იცოდეთ, რამხელა ბედნიერების მონიჭება შეუძლიათ ამ ბავშვებს. მათი სიხარულის გაზიარება მთელ ცხოვრებას უდრის. სწორედ ეს გვეხმარება იმ უამრავი პრობლემის დაძლევაში, რომელთაც პროექტზე მუშაობის დროს ვაწყდებით საქართველოში. ამაში ჩვენი ქართველი მეგობრები - დათო ბიბილეიშვილი და მარინა ცირეკიძე გვეხმარებიან. ბავშვების სიხარულით სავსე თვალები ყველა სიძნელეს გვავიწყებს", - ამბობს დანიელა.

ბროწეულას სკოლა-ინტერნატის დახურვის შემდეგ გერმანელები ქუთაისის მუსიკალურ და ყრუ-მუნჯთა ინტერნატებსა და მარტვილის სკოლა-ინტერნატს ეხმარებიან.

დანიელა: "ბროწეულას სკოლა-ინტერნატი ორი წლის წინ დახურეს. ყველა ბავშვს არ ჰქონდა სახლი და ვშიშობდი, ქუჩაში არ აღმოჩენილიყვნენ. ამიტომაც, სანამ მათ ბედს გავარკვევდით, გადავწყვიტეთ, ახალი პროექტი მოგვეფიქრებინა, რათა პატარებს დავხმარებოდით. როგორც კი ჩამოვედით, სოციალურმა პედაგოგმა ბროწეულას ინტერნატის ბინადართაგან ათი ბავშვი მოძებნა, ისინი კაფეში დავპატიჟეთ და მათი ცხოვრების შესახებ ყველაფერი გამოვკითხე. შვიდი ბავშვი, რომელთაც არც ოჯახი ჰქონდათ და სხვებმაც უარი თქვეს მათ შვილად აყვანაზე, მუსიკალურ სკოლა-ინტერნატს შეჰკედლებოდა. ამიტომაც მოვამზადეთ ახალი პროექტი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის დასახმარებლად. ამ სასწავლებელში მცხოვრები 69 ბავშვისთვის შევიძინეთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სხვა საჩუქრები, გოგონებისთვის - მძივები, ბიჭებისთვის - ბურთები, საღებავები და სხვ.

ბევრი მეკითხება, ამ წლების განმავლობაში საქართველოში ვითარება თუ გაუმჯობესდაო? რადგან გულდასმით არ შემიძლია დაკვირვება პროცესებზე, დაბეჯითებითაც ვერაფერს გეტყვით. მაგრამ როდესაც  მუსიკალურ სკოლა-ინტერნატის დირექტორს ვკითხე, რა გჭირდებათ-მეთქი, გვიპასუხა, ყველაფერიო. ორი წლის წინ კი ამბობდნენ, უზრუნველყოფილი ვართ და არაფერი გვინდაო. არა მგონია, ეს იმას ნიშნავდეს, რომ ზოგადი მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ ვისურვებდი, რომ პოლიტიკურად და ეკონომიკურად სიტუაცია ისე გაუმჯობესებულიყოს, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი გააკეთოს ხალხისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს წამოწყებულ საქმეში ბევრი ქართველი ჩაერთო. ვფიქრობ, ეს დიდი მიღწევაა, რადგან ერთ დღესაც ჩვენ ჩამოსვლა რომ ვერ შევძლოთ, გვეცოდინება, რომ ქართველები მიხედავთ პატარებს. ეს ბავშვები საქართველოს მომავალი არიან და მათზე ზრუნვაა საჭირო".

ბროწეულას ინტერნატის დახურვის შემდეგ გერმანელებს უფლებას არ აძლევენ, ნაჩუქარი ავეჯი და სასწავლო ინვენტარი სხვა სკოლა-ინტერნატს გადასცენ. ახლა ავეჯი სახურავდაზიანებულ შენობაშია ჩაკეტილი. ამიტომაც არაერთი წერილი მისწერეს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, მაგრამ პასუხი არ ჩანს. დანიელა იმედს არ კარგავს, რომ ყველაფერი მოგვარდება. "იმედია, ეს საკითხი მალე გადაიჭრება, თორემ ავეჯი გაფუჭდება. ბროწეულას ამბავმა ძალიან დაგვაფიქრა. ვმსჯელობთ ახალ პროექტებზე. წელს ორჯერ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ ვშიშობთ, ღირს თუ არა დაწყება, რადგან შესაძლოა უცებ ყველაფერი შეიცვალოს, როგორც ბროწეულას ინტერნატი, სხვა სასწავლებელიც დაიხუროს და ჩვენი გარჯა წყალში ჩაიყრება", - ამბობს დანიელა.

კოლბეკებმა წასვლის წინ ქართველ მეგობარს, უროლოგ დათო ბიბილეიშვილს დაუტოვეს თანხა ყრუმუნჯთა ინტერნატში მცხოვრები პატარებისთვის ოპერაციების გასაკეთებლად და მედიკამენტების შესაძენად. ამ ინტერნატს გერმანელები წელს პირველად ესტუმრნენ. დანიელასაც მეტი საფიქრალი გაუჩნდა. ეს ტვირთი არ არის, მათზე ზრუნვა მახარებსო, - მითხრა წასვლის წინ.