დავეხმაროთ ტყუპს! - კვირის პალიტრა

დავეხმაროთ ტყუპს!

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში დაბეჭდილ სტატიასაც ("უმწეო ჩვილების გადასარჩენად") თქვენი თანაგრძნობა მოჰყვა, - ბევრმა გვითხრა, ბავშვების ცოდვამ არ დაგვაძინაო.

მართლაც რა დაგაძინებს კაცს, როცა იცი,  სადღაც ისე უჭირთ, რომ რამდენიმე დღის უდღეურ ჩვილებს ბოსტანში მოკრეფილი პიტნის ნაყენით კვებავენ!

გმადლობთ, რომ ვისაც როგორც შეგეძლოთ, ისე შეგვეხმიანეთ, ზოგმა მხოლოდ თანაგრძნობით, რადგან თავადაც არაფერი გააჩნია, მაგრამ გულწრფელად ვამბობთ, - ეს თანაგრძნობა უდიდესი განძია!

ზოგმა დახმარებაც გაიღო, თან ისე, მადლობაც არ გვათქმევინა. ან კი როგორ გვეთქვა, როცა ვინაობას არ გვეუბნებიან. მაგალითად, ამ საოცარი ადამიანისა  არც გვარი ვიცით, არც სახელი, არც პროფესია... როცა ის ჩათვლის, ვიღაცას ვჭირდები და შემიძლია ვუშველოო, რედაქციაში მოდის და შესაწევარს დაცვის სამსახურს უტოვებს. ისინი ჩვენ გადმოგვცემენ, ჩვენ კი მას, ვის სახელზეც არის მოტანილი. რამდენჯერმე ვთხოვეთ დაცვის სამსახურს, - ამ კაცს სახელი და გვარი გამოჰკითხეთო, ისინი კი - რა ვქნათ, არ ამბობსო.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ავთო ბენდელიანი, რომელიც 17 წელია როსტოვში ცხოვრობს და ინტერნეტით კითხულობს ჩვენს გაზეთს. ჩვილების ბედით შეწუხებულმა ბატონმა ავთომ იქამდე არ მოისვენა, სანამ ტყუპისთვის ფული არ გამოგზავნა. თან მადლობაც არ გვათქმევინა, მადლობა მე კი არა, უფალს უნდა ვუთხრათ, სიკეთეს რომ გვაკეთებინებსო.

მადლობა არ გვათქმევინესო, კი ვწუწუნებთ, მაგრამ ნამდვილ სიკეთეს ალბათ მართლაც არ სჭირდება მადლობა.

და კიდევ ერთი: ტყუპზე წერილის გამოქვეყნების შემდეგ კასპის სოციალურმა სამსახურმა სოფელ ახალციხეში სვანიშვილების ოჯახი მოინახულა და ტყუპს ორი წლის ასაკამდე თვეში 80 ლარის კვებითი შემწეობა დაუნიშნა. შეგვპირდნენ, სხვა სოციალურ პროგრამებსაც მოვიძიებთ და ჩვილებს გავზრდითო...

ჩვენს ინტერნეტსაიტზეც უამრავი გამოხმაურება მოვიდა. გულდათუთქული ხალხი ცდილობს, როგორმე დაეხმაროს პატარებს და ტყუპისთვის ანგარიშის გახსნას ითხოვს. მანამდე კი, კეთილი ხალხი გამოსავალს ეძებს და ცდილობენ, თავად შეკრიბონ ფული თუ საჭირო ნივთები პატარების გადასარჩენად:

გოგი

ტყუპი სასწრაფოდ საჭიროებს ჩვენს დახმარებას, ყველანაირად უნდა ვეცადოთ დავეხმაროთ, დარეკვით რომ შეიძლებოდეს თანხის გადარიცხვა, კარგი იქნებოდა.

ბაია

ყველამ რაც აქვს, ის რომ გაიღოს - ზოგმა ლოგინი, ზოგმა - ტანსაცმელი და ა.შ. იმათაც ეშველებათ.

მარინა

მომწერეთ, თუ ვინმე გაუკეთებს ორგანიზებას და დავეხმაროთ, მერე გვიანი არ იყოს...

თამარი

დამიკავშირდით, ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ. დრო და ადგილი შევათანხმოთ, შევიკრიბოთ, შევიძინოთ, რასაც შევძლებთ და წავიდეთ. შველა სჭირდებათ პატარებს, სანამ დაავადებულან და უბედურება მომხდარა.

P.S. კეთილი ადამიანების დახმარებით ამიერიდან ვფიქრობთ,  ჩვილებს შიმშილი აღარ დაემუქრებათ. ასეთი ხალხის ხელში ჩვენი ქვეყანაც ფეხზე დადგება. ჩვენ კიდევ ჩავალთ სოფელ ახალციხეში ნინოსა და მარიამის მოსანახულებლად და გიამბობთ, რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში.

ახლა გთავაზობთ ანგარიშს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ტყუპს დაეხმაროთ:

ბანკი კონსტანტა, კოდი: CNSBGE22XXX, ანგარიში: GE76CN0000036101215255USD.

მიმღები ნონა კანდელაკი.