"არ დამიჯერა, მაინც წავიდა - საქართველოს და ქართველებს უჭირთო, წლების განმავლობაში ვეძებდი და შვილის კვალსაც ვერ მივაკვლიე..." - კვირის პალიტრა

"არ დამიჯერა, მაინც წავიდა - საქართველოს და ქართველებს უჭირთო, წლების განმავლობაში ვეძებდი და შვილის კვალსაც ვერ მივაკვლიე..."

აღმაშენებლის გამზირზე მიმავალს ხნიერმა ქალბატონმა, რომელიც ორი ხელჯოხით კიბის საფეხურებზე ასვლას ცდილობდა, დახმარება მთხოვა... პატრონი ბევრი უნდა მყავდეს, მაგრამ ახლა ჩემ გვერდით აღარავინააო, - შემომჩივლა და ატირდა. აღმოჩნდა, რომ რუსუდან ყავლაშვილი თავის ორ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ შვილს, თემურ და რუბენ სოზიაშვილებს გლოვობდა...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"დიდ სიხარულს მანიჭებდა მისი წარმატებები. მეოთხე კურსის დასრულების შემდეგ, ლენინგრადის სამხედრო აკადემიაში გადაიყვანეს. წარმატებით დაამთავრა ტომსკის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და მიენიჭა სამხედრო ექიმის წოდება. ჯერ ყაზახეთში გაანაწილეს, მოგვიანებით კი უზბეკეთში გადაიყვანეს..."

"ძალიან უნდოდა ამ ქალაქიდან სამშობლოში დაბრუნება. მწერდა, მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს შევალიოო. სხვადასხვა ხრიკსაც კი მამართავდა დასაბრუნებლად. საბოლოოდ, მიზანს მიაღწია, ჩამოვიდა და მუშაობა სასწრაფო დახმარების სადგურში, ქირურგად დაიწყო... მოგვიანებით ოჯახთან ერთად, ამერიკაში გამგზავრებას აპირებდა, სადაც სამსახურისა და საცხოვრებლის პრობლემა უკვე მოგვარებული ჰქონდა. ბარგი შეკრული იყო, როცა დაიბარეს, სამაჩაბლოში მდგომ ქართულ ნაწილებსა და ხუთი სოფლის მოსახლეობას ექიმი არ ჰყავსო. დაღონებული დაბრუნდა. ქართველებს უჭირთ და როგორ არ დავეხმაროო..."

"დავხედე. ეძინა. არ გავაღვიძო-მეთქი, შუბლზე ფრთხილად ვაკოცე და წავედი. მას შემდეგ აღარ მინახავს... ვიცოდი, ვგრძნობდი, ცოცხალი არ დაბრუნდებოდა, მაგრამ არ დამიჯერა... მაინც წავიდა - საქართველოს და ქართველებს უჭირთო. ახლა მე და მის შვილებს რომ გვიჭირს, აინტერესებს ვინმეს?! ჩემი შვილი, რომელმაც თავი საკუთარ ქვეყანასა და ხალხს შესწირა, ისე გაქრა, თითქოს არც უცხოვრია..."

"მისთვის არ არსებობდა განსხვავება ოსსა და ქართველს შორის. ხშირად საველე პირობებში ლამპის შუქზე ურთულეს ოპერაციებს აკეთებდა. ხეობაში ის გახლდათ ქირურგიც, თერაპევტიც, რეანიმატოლოგიც, მასაჟისტიც, კბილის ექიმიც..."

"შვილს წლების განმავლობაში ვეძებდი და მის კვალსაც ვერ მივაკვლიე... მაშინ გია, თემურის შვილი 11 წლის იყო, მარტო ვზრდიდი. კვირაში ორი დღე თუ ვიყავი სახლში, დანარჩენი დღეები თემურის საძებნელად დავდიოდი. ბავშვის მარტო დატოვება მიხდებოდა. ნახევრად მშივრები ვიყავით. ქუჩაში ნატეხ პურებს ვაგროვებდი. ერთ დღეს ნახევარი პური ვიპოვე, გახარებულმა სახლში მოვიტანე და ბავშვს მივეცი. ცოტა ხანში დავინახე, რომ პირზე ქაფი გადმოსდიოდა... სასწრაფომ გადაიყვანა... მას შემდეგ ქუჩაში პური აღარ ამიღია. ერთხელ, მახსოვს, ციცქნა ნაჭერი კარაქი მქონდა. ნახევარი პურზე წავუსვი. გიამ პური აიღო და მხოლოდ კარაქი ალოკა. გაბრაზებულმა ხელზე დავარტყი... რომ მახსენდება, ახლაც მრცხვენია..."

"მივმართე თავდაცვის, ჯანდაცვის, შს სამინისტროებს, სამხედრო პროკურატურას, ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო და მრავალ სხვა ორგანიზაციას, პირადად ვიარე კაბინეტებში, არ დამიტოვებია არც ერთი სტრუქტურა და ცალკეული პირი, მაგრამ დღემდე გულგრილობის მსხვერპლი ვარ..."

ქალბატონი რუსუდანის ემოციურ ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 5 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

შორენა ლაბაძე