დემოგრაფიული მონაცემების გაყალბება არჩევნების გაყალბების საწინდარია?! - კვირის პალიტრა

დემოგრაფიული მონაცემების გაყალბება არჩევნების გაყალბების საწინდარია?!

"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც 1000 კაცზე წელიწადში თურმე 141 ბავშვი იბადება"

ამას წინათ პრეზიდენტმა გვამცნო, ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ბოლო წლებში უფრო ბევრი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე მიდის. ვისაც უნდა, გადაამოწმოს ციფრებიო! "ციფრები გადავამოწმეთ (2011 წლის #7 "კვირის პალიტრაში") და პრეზიდენტი მართალი აღმოჩნდა. მხოლოდ ციფრებში! სინამდვილეში კი ციფრულ აფერასთან გვქონია საქმე, ამის პარალელურად, ორი წელია, "ნაციონალური" ტელეარხები ციფრების ფრიალით გვიმტკიცებენ, რომ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და 2015 წელს 5 მილიონს გადავაჭარბებთ. მართალი გითხრათ, ამის დაჯერება ძალიან მინდოდა და ერთხანს ვიფიქრე, "დემოგრაფიული გაფურჩქვნის" ხანა დაიწყო-მეთქი, მაგრამ ისევ შევცდი!

ჯერ კიდევ 2007 წელს დემოგრაფები განგაშის ზარებს არისხებდნენ, 2050 წლისთვის საქართველოში დაახლოებით 10-12 ათასი ბავშვი დაიბადება, რაც გადაშენების ტოლფასიაო. ერთხანს სახელმწიფომ ყოველ მესამე ბავშვზე ათასლარიანი ერთჯერადი დახმარება დააწესა, მაგრამ მალევე შეწყვიტა და როგორც ირკვევა, პრობლემა  პიარციფრული სვლებით დაძლია!

ანზორ თოთაძე, დემოგრაფი, პროფესორი: - 1989 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონ 401 ათას კაცს შეადგენდა. მაშინ აფხაზეთიც ჩვენი იყო და სამაჩაბლოც. სამაჩაბლოში - 165 ათასი, აფხაზეთში კი 525 ათასი კაცი ცხოვრობდა. ამბობენ, ამ მაჩვენებელს 2015 წელს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ფაქტორის გათვალისწინების გარეშე მივაღწევთ კიდეც და გადავაჭარბებთო, მაგრამ როგორ? ოფიციალური მონაცემებით, 2010 წელს საქართველოში 4 მილიონ 436 ათასი კაცი ცხოვრობდა. თუ გავითვალისწინებთ, როგორ ვითარდება დემოგრაფიულად საქართველო, შეგვიძლია ეს პროგნოზი ფანტასტიკას მივაკუთვნოთ. ქვეყნის მოსახლეობა შობადობისა და მიგრაციის ხარჯზე უნდა გაიზარდოს. 2009-2010 წლებში რუსეთში წამსვლელთა რიცხვმა 10 000 კაცს მიაღწია. ეს მონაცემები აღწერილი და გამოქვეყნებული აქვს რუსეთს.

- სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში შობადობა გაზრდილა.

- 2007-დან 2008 წლამდე შობადობის მაჩვენებელი მოულოდნელად 49 ათასიდან 56 ათასამდე გაიზარდა. 2008-დან 2009 წლამდე კი ეს მაჩვენებელი კიდევ 7 ათასით გაიზარდა და 63 ათასს მიაღწია. ეს ძალიან გასაკვირია ეკონომიკური კრიზისისა და ომის ფონზე. სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელმა ტელეეთერით არაერთხელ გააჟღერა ეს მონაცემები, მაგრამ მათი ტყუილში გამოჭერა ძალიან იოლია.

- როგორ გამოიჭირეთ?

- საქართველო მსოფლიოში ერთადერთი და პირველი ქვეყანაა, სადაც 2008 წელს სქესთა მეორეული თანაფარდობა დაირღვა.

სქესთა მეორეული თანაფარდობა ნიშნავს ვაჟებისა და ქალების თანაფარდობას დაბადების მომენტში. ეს თანაფარდობა ჯერ კიდევ XIV საუკუნეში აღმოაჩინა ფლორენციელმა მღვდელმა. როცა ვაჟებს ნათლავდა, ყუთში შავ მუხუდოს მარცვლებს ყრიდა, გოგონების მონათვლისას კი - თეთრს.

რამდენიმე ხანში ამ მღვდელმა დათვალა შეფარდება და ნახა, რომ ყოველ 100 გოგონაზე 104-106 ვაჟი იბადებოდა. მას შემდეგ ეს კანონზომიერება არაერთხელ გამოიკვლიეს და დაამტკიცეს, რომ ყველა ქვეყანასა და ეპოქაში ის არც ერთხელ არ დარღვეულა! საქართველოში კი 2008 წელს 100 გოგონაზე 127 ვაჟი დაიბადა(?!).

ეს თანაფარდობა მცირედით შეიცვალა ექოსკოპიის ეპოქის დადგომის შემდეგ, მაგრამ არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში და არც საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს თანაფარდობა 100 გოგონაზე 110 ვაჟს არ ასცილებია. როცა დემოგრაფებმა ამაზე ამბავი ატეხეს, მონაცემები უცბად "გაასწორეს" და 2009 წელს გამოაქვეყნეს, რომ თურმე საქართველოში 2009 წელს 100 ქალზე 104 ვაჟი დაბადებულა! ახლა სულ მინიმუმზე დაიყვანეს ეს მონაცემები. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ  მონაცემები უვარგისია და შობადობის მაჩვენებელიც - ფალსიფიცირებული.

შობადობის მაჩვენებელი იანგარიშება იმის მიხედვით, თუ რამდენი ბავშვი იბადება ყოველ 1000 კაცზე. "ოფიციალურ" მონაცემებს თუ დავუჯერებთ, შობადობის დონე 2009 წელს ქალაქად ორჯერ მაღალი იყო, ვიდრე სოფლად. გამოდის, 1000 სოფლელი ქალი ორჯერ ნაკლებ ბავშვს აჩენს, ვიდრე 1000 ქალაქელი.  ყველა სხვა ქვეყანაში პირიქითაა და ჩვენ ასეთი რა განსხვავებულები ვართ?

მთავარი ჯერ არ მითქვამს! რაც უნდა მაღალი იყოს შობადობა, 1000 მოსახლეზე 50-60 ბავშვზე მეტი არასოდეს დაბადებულა. იმ ქვეყნებში, სადაც შობადობის დონე ძალიან მაღალია, 1000 მოსახლეზე 40-50 ბავშვზე მეტი არ იბადება. ჩვენს მონაცემებში რომ ჩავიხედე, გავოგნდი!

დემოგრაფიული მონაცემები არ ექვემდებარება არანაირ კანონზომიერებას.

მაგალითად, დაბა ქედაში თურმე 1000 კაცზე 91 ბავშვი დაბადებულა,  სიღნაღში კი ყოველ 1000 ადამიანზე 84 ბავშვი იბადება. სიღნაღი სიყვარულის ქალაქი კი არის, მაგრამ ეს წარმოუდგენელი აბსურდია. სიღნაღს რომ თავი დავანებოთ, ადიგენში მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე 141 ბავშვის დაბადებაა დაფიქსირებული! ეს უკვე ფანტასტიკაა! სულ რამდენიმე წლის წინ ქედაში, სიღნაღსა და ადიგენში 15-16 ბავშვი იბადებოდა და

რა დემოგრაფიული ცუნამი დაგვატყდა თავს, ვერ გამიგია!

კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამ. არ შეიძლება ასეთი მონაცემები მიაწოდო ქვეყნის პრეზიდენტს, ამიტომაც ფიქრობს, კარგად ყოფილა ყველაფერიო. რა იცის პრეზიდენტმა დემოგრაფიული კანონზომიერებები, რომ მიხვდეს, რა სისულელე წერია მონაცემებში.

როგორც იცით, პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლია აფრიკისა და აზიის 40-მდე სახელმწიფოს მოქალაქეს. თუ ხუთი წელი იცხოვრა, შეიძლება მოქალაქეც გახდეს. თუ აფრიკელებით, ბურებითა და აზიელებით დაასახლებენ საქართველოს, მაშინ, კი ბატონო, 5 მილიონი კი არა, 10-ც გავხდებით. სხვა საკითხია, მისაღებია თუ არა ეს ერისთვის. იმას კი არ ვამბობ, საქართველო მონოეთნიკური იყოს-მეთქი, მაგრამ საქართველოში ქართველი ხომ არ უნდა გადაშენდეს?

რა დემოგრაფიულ გაფურჩქვნაზე ლაპარაკობენ, არ მესმის. ქვეყანაში ეკონომიკური გაჭირვებაა, ჯანდაცვაში სრულიად გაუგებარი მდგომარეობაა. სპეციალური სოციალური პროგრამების არარსებობა ხომ პირდაპირ მოქმედებს დემოგრაფიაზე.

შემაშფოთებელია პატიმრების რიცხვობრივი ზრდაც. 20-დან 55 წლის ასაკის ათიათასობით კაცი, რომლებმაც შემდეგი თაობა უნდა მისცენ ქვეყანას, ციხეშია გამოკეტილი, "ვის უნდა 20 ათასს" ვუყურებ და გაოგნებული ვარ. თუ ისევ გაჭირვებულმა მოსახლეობამ არ გაისვა ჯიბეზე ხელი, ბავშვები სასიკვდილოდ არიან განწირული.

ჩვენი მოსახლეობა უსახსრობის გამო სასიკვდილოდ არის განწირული და ამას არავითარი სახელმწიფოებრივი გამართლება არა აქვს.

რა ეკონცერტებათ, როცა კატასტროფის წინაშე დგას ერი?!

ანზორ სახვაძე, დემოგრაფი, აკადემიური დოქტორი, პროფესორი: - დემოგრაფიული ოპტიმიზმის საფუძველს არაფერი  იძლევა, რადგან თუ გინდა, ნაყოფი გქონდეს, ხე უნდა დარგო. სტატისტიკის დეპარტამენტი, ფაქტობრივად, განიარაღებულია. ამ დარგში კვლევა აღარ ტარდება, დემოგრაფიის პრობლემა იგნორირებულია, რამდენიც უნდა იყვირო, ხელისუფლება არ რეაგირებს. რამდენი ხანია, მოსახლეობის აღწერაც კი არ ჩაუტარებიათ.

აღწერა 2010 წელს უნდა ჩატარებულიყო, პრეზიდენტის განკარგულებაც გამოიცა, მოსამზადებელი მუშაობაც დაიწყო, მაგრამ 2009 წლის დეკემბერში მიიღეს ახალი "კანონი სტატისტიკის შესახებ", რომელსაც მიუერთეს მანამდე ცალკე არსებული "კანონი მოსახლეობის აღწერების შესახებ". ძველი კანონის მიხედვით, მოსახლეობის აღწერა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარებულიყო, ახალში კი აღარ არის ამის ვალდებულება და მოსახლეობის აღწერა სტატისტიკის სამსახურის უფროსის ხუშტურზეა დამოკიდებული. თუ მოეპრიანა, ჩაატარებს აღწერას, თუ არა და - არა!

მე სხვა ეჭვი მაქვს. კერძოდ, აღწერა იმისთვის გადადეს, რომ საზოგადოებას არ სცოდნოდა მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა არჩევნების წინ. გახსოვთ, ალბათ, განაცხადეს, ქვეყანაში 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველიაო. ამომრჩეველთა რიცხოვნობის გაზრდა არჩევნებში ხელისუფლებას მანიპულაციების საშუალებას აძლევს. ასეთი დემოგრაფიული "წინსვლა" პირდაპირ კავშირშია არჩევნებთან და ძალაუფლების შენარჩუნებასთან.

- ახალშობილებს ამომრჩევლებად რანაირად აქცევენ?

- აქ მხოლოდ ახალშობილებზე არ არის საუბარი. მიგრანტებიც ნუ დაგავიწყდებათ. ამასთან, როცა ეს საერთო მონაცემებშია ასახული, ვინ გამოარჩევს რომელია ახალშობილი და რომელი ამომრჩეველი.

პაატა შავიშვილი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი: - სამოქალაქო რეესტრი ჩვენი ერთ-ერთი წყაროა, მაგრამ არა ერთადერთი. მონაცემების შესავსებად ინფორმაციას სამოქალაქო რეესტრისა და ჯანდაცვისგან ვიღებთ. შემდეგ მონაცემებს ვადარებთ და თუ გაორებაა, ვიღებთ ბაზიდან, თუ ჩასამატებელია, ვამატებთ. ვამოწმებთ, იდენტურობასაც ვადგენთ, შედარებასაც ვახდენთ და ისე გამოგვყავს საბოლოო ციფრები. სამოქალაქო რეესტრი ამ მონაცემებს არეგისტრირებს ახლობლებისა და მშობლების მიერ წარმოუდგენული დოკუმენტების საფუძველზე და ვფიქრობ, დარღვევასთან საქმე არ უნდა გვქონდეს.

- ჩვენთან საუბარში დემოგრაფები ადასტურებენ, რომ ამ სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში დადგენილი კანონზომიერება დარღვეულია.

- რატომღაც 2008 წელს 100 გოგონაზე 127 ბიჭი დაიბადა. დემოგრაფების ანალიზი მართლაც საჭიროა, მაგრამ ჩვენგან მონაცემების გაყალბებასა და არასწორ დამუშავებაზე ლაპარაკი ზედმეტია. შეგიძლიათ ნახოთ პირველადი ჩანაწერები დაბადებულ ბავშვებზე. მოხდა ასეთი რამ, გეთანხმებით, მაგრამ 2009 წელს ისევ გამოსწორდა ეს მონაცემი და 100 გოგოზე 104 ბიჭი დაიბადა. იმავეს ველოდებით ამ წელსაც. მივცეთ დემოგრაფებს შეფასების უფლება, მაგრამ არასაიმედო სტატისტიკაზე მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. ეს მონაცემები რომ ვნახეთ, ჩვენც მივხვდით, რომ დარღვეული იყო კანონზომიერება, მაგრამ მაინც გამოვაქვეყნეთ, რადგან ეს იყო რეალობა. მონაცემებს ხომ ვერ გავაფუჭებდით?

- 1000 კაცზე გაზრდილი მაჩვენებლებიც ასევე უცნაურად ეჩვენებათ დემოგრაფებს. მათი თქმით, მსოფლიო ისტორიაში ეს სალდო 55-60 პრომილეს არ ასცილებია?

- ყველა ჩანაწერის უკან დევს იურიდიული დოკუმენტაცია. ფაქტებს ვერსად გავექცევით.

- რა მიზეზით გადაიდო 2010 წელს დაგეგმილი მოსახლეობის აღწერა?

- მიზეზი 2008 წელს შექმნილი მდგომარეობაა, რასაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაც მოჰყვა. აღწერისთვის მზადება 2-3 წლით ადრე იწყება. ამას დიდი თანხები სჭირდება. 2008-2009 წლებში ვერ მოხერხდა წინასწარი სამუშაოების შესრულება. ახლა მთავრობასთან ერთად ახალი თარიღის დადგენაზე ვმსჯელობთ.