"გერმანიაში რეგულაციის დარღვევაზე ფულადი ჯარიმებიც დაწესდა... ვფიქრობ, რომ მთავრობა მეორე ტალღისთვის არ იყო ბოლომდე მზად" - კვირის პალიტრა

"გერმანიაში რეგულაციის დარღვევაზე ფულადი ჯარიმებიც დაწესდა... ვფიქრობ, რომ მთავრობა მეორე ტალღისთვის არ იყო ბოლომდე მზად"

ახალი კორონავირუსის მეორე ტალღას მსოფლიო უკვე ებრძვის, ინფიცირების რაოდენობა ევროპის, ამერიკისა და აზიის რიგ ქვეყნებში საგრძნობლად გაზრდილია და დაწესებული შეზღუდვები მსოფლიოს მასშტაბით ნელ-ნელა მკაცრდება. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატა გერმანიაშიც და დღიურმა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს, 20 000-ს მიაღწია.

მაია ანჩაბაძე გერმანიაში, პოდსტამში შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. პოდსტამი ბერლინთან 10-15 წუთის სავალზეა და კორონავირუსის მეორე ტალღას როგორც პოდსტამში ასევე სხვა ქალაქებშიც აქტიურად ებრძვიან, ეპიდსიტუაციასა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე მაიას გერმანიაში დავუკავშირდით:

- ჩვენს ქალაქში შედარებით უკეთესი სიტუაციაა, ზუსტი რიცხვები არ ვიცი, თუმცა ეტყობა ქალქებს რომ ვირუსი ყველგან არის გავრცელებული. ამ წუთას არ ვმუშაობ, პატარა ბავშვი მყავს და ვზრდი, ახლა ბაღთან შეგუების პროცესშია და ამ სიტუაციის მიუხედავად, ბაღები ჩვეულებრივად მუშაობს.

იქ სადაც ჩემი შვილი დამყავს, 200 ბავშვი იქნება, სიტუაცია სტაბილურია და არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბაღის აღმზრდელები პირბადის გარეშე არიან, ჩვენ რა თქმა უნდა, პირბადით დავდივართ, თუ აუცილებელი საქმე არ გვაქვს, ბაღში არ ვჩერდებით. ხშირად საყიდლებზე გვიწევს გასვლა და როგორც თქვენთან, აქაც მაღაზიებში პირბადის ტარება სავალდებულოა.

სხვა შეზღუდვები ჩემს ქალაქში არ არის, თუმცა ბერლინში სხვა სიტუაციაა. ჩემი მეუღლე ბერლინის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობს. ცოტა ხნის წინ, საუბრობდნენ იმაზე, რომ კლასები გაეყოთ და ორ ნაწილად გაყოფილიყვნენ ბავშვები, რადგან სადმე თუ დაფიქსირდებოდა, მაშინ იმ კლასს გადაიყვანდნენ კარანტინში, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე არ ჩათვალეს საჭიროდ. აქ ინფიცირების მხრივ მიწებს ფერებს ანიჭებენ და ბერლინი ყვითელ ზონაშია მოქცეული. ცოტა ხნის წინ, სკოლაში 2-3 შემთხვევა იყო, მაგრამ მხოლოდ ის კლასი და მასწავლებლები გადაიყვანეს კარანტინში.

თავდაცვის მიზნით, ჩემს ქმარს ნიღაბი სულ უკეთია, ხშირად ანიავებენ კლასს, მაგრამ მუდმივად დისტანციის დაცვა რთულია. ქალაქში ორშაბათიდან დაიხურა კაფე-ბარები და რესტორნები, სასტუმროებში ვერ გაჩერდები თუ რაიმე მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვს, ვერ დაისვენებ, ტურისტული მიზნით ჩამოსვლაც დროებით შეზღუდულია. გარეთ 10 კაცზე მეტი არ უნდა მოგროვდეს და თუ სადმე, ვინმეს შეხვდება 2 ოჯახზე მეტი არ უნდა იყვნენ. რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად საახლში დავრჩეთ.

ბერლინსა და ბრემენში გარეთ უკვე უკეთიათ ნიღბები. ის ადგილები, სადაც ბევრი ხალხი ტრიალებს, ყველა ნიღბითაა და რეგულაციის დარღვევაზე ფულადი ჯარიმებიც დაწესდა. თუ არ მეშლება, ბერლინში 100 ევროა.

- რამდენად მომზადებული შეხვდა სახელმწიფო და ხალხი მეორე ტალღას?

- ხალხი მეორე ტალღას, პირველთან შედარებით უფრო მარტივად აღიქვამს, ახლა ყველა ცდილობს რეგულაციები დაიცვან და ის მიდგომა დამკვიდრდა, რომ სხვა არაფრის გაკეთება შეუძლიათ და ემორჩილებიან წესებს. პირველ ტალღას რომ შევადარო, ცხადია ახლა ნაკლები პანიკაა.

თუ სიტუაცია კიდე უფრო გამძაფრდება, მთავრობა რეგულაციებს აუცილებლად გაამკაცრებს, სავარაუდოდ დაკეტავენ ყველა მაღაზიას სურსათის გარდა.

ვფიქრობ, რომ მთავრობა მეორე ტალღისთვის არ იყო ბოლომდე მზად, უბრალოდ ჰქონდათ გეგმა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და საავადმყოფოებში საწოლები დაამატეს, ჯერ-ჯერობით პაციენტებისთვის ადგილები კვლავ არის.

- რა მდგომარეობაა ფრენების მხრივ?

- საერთაშორისო ფრენები მინიმალურამდეა შემცირებული, თითქმის არ არის, შიდა ფრენებიც იშვიათად არის. კომპანია "ლუფთჰანზას" ამ სიტუაციის გამო ვალების გადახდა უწევს, ზაფხული, რომ დამთავრდა და ხალხი შვებულებიდან დაბრუნდა, ქალაქებში მასიური ტესტირება დაიწყეს თუმცა ქვეყანაში შემოსვლის დროს სავალდებულო კარანტინი არ დაუწესებიათ.

(სპეციალურად საიტისთვის)