"სახალხო მანიფესტის" რეალური შედეგები და დანაპირები - კვირის პალიტრა

"სახალხო მანიფესტის" რეალური შედეგები და დანაპირები

სამოქალაქო პასუხისმგებლობა ძლიერი ქვეყნის საწინდარია

"სახალხო მანიფესტი", რომელიც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ერთობლივი პროექტია, დასკვნით ფაზაში შევიდა. ეს პროექტი 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს ათივე რეგიონის 63 მუნიციპალიტეტი მოიცვა. აღსანიშნავია, რომ პროექტი "სახალხო მანიფესტი" ევროპის კავშირის მიერ არის დაფინანსებული.

ხშირ შემთხვევაში, რიგითი მოქალაქეებისთვის ძნელია ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მუშაობის მონიტორინგი, მათთვის საინტერესო საჯარო ინფორმაციის მოპოვება და მათი ქალაქის, რაიონული ცენტრისა თუ სოფლის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა. პროექტი "სახალხო მანიფესტი" სწორედ ამ მიმართულებით მოსახლეობის ჩართულობის ზრდას ემსახურებოდა.

"სახალხო მანიფესტს" კონკრეტული შედეგები უკვე მოჰყვა, თუმცა ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტის მოლოდინი არსებობს, რაზეც თავად პროექტის წარმომადგენლებმა და უშუალო მონაწილეებმა ისაუბრეს.

ლელა ტალიური (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტ "ხალხის მანიფესტის" კოორდინატორი): "პროექტ "ხალხის მანიფესტის" მიზანი სამი ძირითადი მიმართულება გახლავთ: ადგილობრივ მოსახლეობაში (სოფლად თუ ქალაქად) აქტიური ადამიანების გამოვლენა და მათი ჩართვა თვითმმართველობის საქმიანობაში; თვითმმართველობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა, რათა მათი საქმიანობის განხორციელებისას მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, მოსახლეობის მიერვე წარდგენილი პრობლემების გათვალისწინების გზით. ასევე პარტიების ანგარიშვალდებულების გაზრდა.

პროექტში რიგითი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გარდა ჩართული იყვნენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ე.წ. სათემო ორგანიზაციები, ადგილობრივი ჟურნალისტები, სტუდენტები, სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები. მათ თავად გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

პროექტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში არაერთი შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სადაც განხილული იყო მივიწყებული და ამგვარად, გადაუჭრელი საკითხები. შესაბამისი უწყებებიდან კონკრეტული დაპირებებიც მივიღეთ და სამუშაოების ნაწილის დაწყებას უახლოეს ხანში ველოდებით. რაც ყველაზე მთავარია, ადამიანებმა ამ პროექტის მიმდინარეობისას ისწავლეს და გაიგეს, როგორ შეუძლიათ საკუთარი უბნის ინტერესების ლობირება თვითმმართველობის წინაშე, რა თქმა უნდა, მათი კომპეტენციის ფარგლებში. შეიტყვეს, როგორ წარმართონ კონკრეტული პროექტებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მონიტორინგი, რათა მოქალაქეც კმაყოფილი დარჩეს შედეგით და თვითმმართველობაც - შესრულებული სამუშაოთი.

მაგალითად, ოზურგეთის მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისას რამდენიმე რეკომენდაცია წარვადგინეთ. სხვათა შორის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის თითქმის ყველა შენიშვნა გაითვალისწინა. თელავში კი სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ სოფლიდან სასაფლაომდე მიმავალი გზის რეაბილიტაციის საკითხი წამოჭრა. მივიღეთ დაპირება, რომ უახლოეს მომავალში გზის შეკეთება დაიწყება. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად პრობლემების მოგვარებისას მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას სამუშაო ძალას თავად სთავაზობს".

სერგო ისაშვილი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დუშეთის ოფისის ხელმძღვანელი): "ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია დუშეთის მიმდებარე ხევის გაწმენდა. ეს ხევი ამჟამად ამოვსებულია წყალდიდობის დროს მოტანილი ლამითა და ბალახით. თუ ხევი არ გაიწმინდა, მოსახლეობა შესაძლოა მოვარდნილმა წყალმა კიდევ უფრო დააზარალოს. მოვიძიეთ ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა ადგილობრივ ხელისუფლებას საკმარისი ტექნიკა ხევის გასაწმენდად. აღმოჩნდა, რომ ტექნიკა არის, მაგრამ საწვავის პრობლემა დგას. მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები არსებული რესურსების გამოყენებით. საკრებულოს თავმჯდომარე დაგვპირდა, რომ ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული თანხებით ამ პრობლემას მოაგვარებს".

ლაშა ჯანაშვილი (დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი): "საკმაოდ კარგი პროექტი იყო, შედეგებიც სახეზე გვაქვს, რადგან საზოგადოება და თვითმმართველობა აქტიურად ურთიერთობს. შესაბამისად, ხდება ინფორმაციის გაცვლა არსებული ვითარებისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ამ პროექტმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჩვენი მუშაობის გამჭვირვალობას. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ მსგავსი ხასიათის პროექტები დროდადრო კიდევ შედგება, რაც მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის ზრდას შეუწყობს ხელს."

თეონა გოგიშვილი ("სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" რეგიონული კოორდინატორი): "რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთშიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა პროექტი. მოქალაქეები პირველივე ტრენინგიდან ჩაერთნენ პროექტის განხორციელებაში: მოიპოვებდნენ საჯარო ინფორმაციას თვითმმართველობებში, როგორც საკრებულოში, ასევე გამგეობებში.

აქტიურად იყვნენ ჩართული საკრებულოს სხდომების მონიტორინგში და მონაწილეობდნენ 2011 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ონში, სადაც მოსახლეობა პროექტში საკმაოდ აქტიურად ჩაერთო. ასევე აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენთან თვითმმართველობაც. ძირითადი პრობლემები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, დასუფთავების საკითხი, წყალმომარაგება, გარეგანათების მოწესრიგება იყო. ონის მოსახლეობამ მოითხოვა სკვერის რეაბილიტაცია და ურთიერთშეთანხმებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკვერის კეთილმოწყობისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში გაითვალისწინა.

კარგი შედეგები გვაქვს ლენტეხში. ადგილობრივმა მოსახლეობამ მოითხოვა დასუფთავების საკითხების გადაწყვეტა და დასაქმების პრობლემის გადაჭრა, თუნდაც მეეზოვეების შტატის ზრდის ხარჯზე. აქტიური იყო ცაგერიც, სადაც მოსახლეობას წყალმომარაგებასთან არსებული პრობლემები აწუხებს, ხოლო ამბროლაურში შიდა გზების რეაბილიტაციის აუცილებლობის საკითხს სვამენ. ამბროლაურშიც გვაქვს შედეგი. შიდა გზები, ანუ საცხოვრებელ კორპუსებთან მიმავალი გზები და ეზოები მოწესრიგდება, ხოლო დამატებითი სახსრების მოძიების შემთხვევებში, კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციაც მოხდება".

ირინა ჯოხაძე (ონის რაიონის მკვიდრი): "პროექტის ფარგლებში პირადად შევიტანე განცხადება თვითმმართველობაში, ჩვენი რაიონის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთების შესახებ, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე და დაგვპირდნენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად გაითვალისწინებენ. მოსახლეობამ მოითხოვა ასევე გზების შეკეთება, ნაწილი სამუშაოებისა გასულ წელს ჩატარდა, ნაწილი კი ახლა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავდა ასევე კომუნიკაციების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების თხოვნით და უმეტეს შემთხვევაში მათი თხოვნა დაკმაყოფილდა. იყო თხოვნები სოციალურ საკითხებთან (სოციალური პოლისი, სამედიცინო დაზღვევა) დაკავშირებით და ბევრის მდგომარეობა გაუმჯობესდა. კიდევ ბევრი პრობლემაა ჩვენს რაიონში მოსაგვარებელი და თუ ასეთი პროექტები ხშირად შედგება, მოხარული და მადლიერი

ვიქნებით."

R