"ადრე თუ გვიან ჩვენც გავხდებით ისეთი მოქალაქეები, ვისაც ვერავინ გაუბედავს დამცირებასა და შეურაცხყოფას" - კვირის პალიტრა

"ადრე თუ გვიან ჩვენც გავხდებით ისეთი მოქალაქეები, ვისაც ვერავინ გაუბედავს დამცირებასა და შეურაცხყოფას"

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება აშკარად უფრო წინ არის განვითარების თვალსაზრისით, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება და, ზოგადად, პოლიტიკოსები, რომლებიც განსხვავებული აზრის ადამიანებს ვერ ეგუებიან, ვერ იტანენ..."

"ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი. კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი სარკინოზებს. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს... თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს" - კონსტანტინე გამსახურდიას ეს სიტყვები თითქოს ახლა, 21-ე საუკუნეშია დაწერილი... გადის წლები, საუკუნეები, ჩვენი პრობლემები კი არა და არ იცვლება! ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებს დღევანდელ საქართველოში შექმნილ სიტუაციას მწერალი დათო ტურაშვილი:

- საქართველოს ხსნა, უპირველესად, ჩვენშია. სხვა არავინ არის ამ ქვეყანაზე ისეთი პასუხისმგებელი, როგორიც ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები. თუ საგარეო ფაქტორებს განვიხილავთ, რუსული აგრესია მთავარი პრობლემაა. აგერ უკვე ორ საუკუნეზე მეტია, რაც ერეკლე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი მოაწერა. რას წარმოიდგენდა ჩემი საყვარელი მეფე, რომ რუსეთის იმპერია ასე მუხანათურად გვიღალატებდა და ამდენ პრობლემას შეგვიქმნიდა მეგობრობის, დახმარებისა და თანადგომის ნაცვლად.

- ბევრი ამ ნაბიჯს ერეკლე მეფის უმთავრეს შეცდომად მიიჩნევს, თქვენ?

- მე სხვაგვარად ვფიქრობ: პატარა ქრისტიანულმა ქვეყანამ დახმარება სთხოვა დიდ ქრისტიანულ სახელმწიფოს, რომლის იმედიც ჰქონდა. რას წარმოვიდგენდით, რომ ეს დახმარება ასე ძვირად დაგვიჯდებოდა?! რუსეთთან შეერთებას მხოლოდ უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია - იყო პოზიტიური ფაქტორებიც, მაგრამ ეს იყო კონკრეტული, იმ დროისა და სიტუაციის შეფასების შედეგად მიღებული არჩევანი - არჩევანი სიცოცხლის გადასარჩენად. ყველაზე ცუდი და საშინელი კი, რასაკვირველია, ქართული სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, ქართული ენისა და ეკლესიის აკრძალვა იყო, რაც ნამდვილად არ გვითხოვია ჩვენი "დიდი მეზობლისთვის". ახლა, ორასი წლის შემდეგ, ქართველები ისევ ვუბრუნდებით ჩვენს უძველეს, ისტორიულ, ევროპულ სახლს და ეს ლოგიკურია - ვინც ახლა ევროპის კავშირს შეადგენს, იმ ხალხებსა და ქვეყნებზე ძველი ევროპელები ჩვენ ვართ. მათგან განსხვავებით, ევროპული ფასეულობების ერთგული ჯერ კიდევ შოთა რუსთაველის დროს ვიყავით, თუმცა, სამწუხაროდ, იმ ჩვენს მშობლიურ, იბერიულ, ძველევროპულ სამყაროს ძალიან ხშირად ვშორდებოდით იმის გამო, რომ უზარმაზარი იმპერიები გვესხმოდნენ თავს და ხშირად გვიპყრობნენ კიდეც. ჩვენც სულ ვიბრძოდით და სულ ვეძებდით სხვა, უფრო დიდ იმპერიას, როგორც მეკავშირეს იმ დიდი იმპერიის საპირწონედ, ვინც იმ კონკრეტულ პერიოდში გვიპყრობდა. ამიტომაც არ ვამტყუნებ ერეკლე მეფის არჩევანს. ახლა რუსეთის საპირწონედ, დიდი მეფე, ალბათ, ამერიკას აირჩევდა არა იმიტომ, რომ ამერიკა მოეწონებოდა, არამედ იმიტომ, რომ სხვა გზა არ ექნებოდა, როგორც მაშინ - ორასი წლის წინათ.

- ორი საუკუნე გავიდა, ჩვენი მდგომარეობა კი თითქმის არ შეცვლილა. რატომ?

- ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ოცდამეერთე საუკუნის რუსეთი იმპერიული ზრახვებით სულაც არ განსხვავდება მეთვრამეტე საუკუნის რუსეთისგან და როგორც უნდა მოვექცეთ მათ, რუსები მაინც ვერ იტყვიან უარს საოკუპაციო პოლიტიკაზე. ცხინვალში დღესაც რუსული ჯარი დგას და ყოველდღიურად მავთულხლართების გადმოწევას ცდილობენ ჩვენს ისტორიულ მიწაზე. თუ ამ ხალხთან ჩვენი მეგობრობა არ გამოვიდა, ეს ჩვენი ბრალი არ არის, რადგან რუსეთი დღესაც ისე გვიყურებს, როგორც ორი საუკუნის წინ და დღესაც ველური ხალხით დასახლებული კოლონია ვგონივართ. რასაკვირველია, თუ რუსების ნაცვლად ცხინვალს ამერიკელები ან იტალიელები წაგვართმევენ, მათი ოკუპაციაც უნდა გავაპროტესტოთ, მაგრამ ჯერჯერობით ცხინვალში ისევ რუსეთის არმია დგას და არა - იაპონიის, ამერიკის, ან - თურქეთისა. რუსები არა მხოლოდ მიწას გვართმევენ, ისინი გვართმევენ თავისუფალ და თანამედროვე სახელმწიფოში ცხოვრების არჩევანსაც.

რაც შეეხება დღევანდელ საქართველოს გარე ფაქტორების გარეშე, სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისითაც მძიმე მდგომარეობაში ვართ - ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ საპარლამენტო მრავალფეროვნება არის დღევანდელი საქართველოს მოთხოვნა და გამოსავალი იმ ვითარებიდან, სადაც პოლარიზაცია გარდაუვალია. ყველაზე დიდი მტერი - დაყოფა და დანაწევრება - ისევ ემუქრება ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება აშკარად უფრო წინ არის განვითარების თვალსაზრისით, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება და, ზოგადად, პოლიტიკოსები, რომლებიც განსხვავებული აზრის ადამიანებს ვერ ეგუებიან, ვერ იტანენ. არადა, მთავარ სახელმწიფოებრივ საკითხებში ერთიანობა და თანამშრომლობა აუცილებელია, რომ ძლიერი, თანამედროვე და განვითარებული სახელმწიფო შევქმნათ - სახელმწიფო, რომელიც არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ აფხაზებისა თუ ოსებისთვისაც მისაღები და მოსაწონი იქნება.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს? - კარგი ქვეყანა ის არის, სადაც ადამიანებს ამ ქვეყნის მიმართ დიდი პასუხისმგებლობა ამოძრავებთ. ადრე თუ გვიან ჩვენც გავხდებით ისეთი მოქალაქეები, ვისაც ვერავინ გაუბედავს დამცირებასა და შეურაცხყოფას, ადრე თუ გვიან ჩვენც გვეყოლება ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი ფასეულობა ადამიანი იქნება - არა რომელიმე მდიდარი დეპუტატი, არამედ ნებისმიერი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე.

ხათუნა ჩიგოგიძე