"პლაზმის გადასხმა ბევრ ადამიანს გადაარჩენს!"
"პლაზმის გადასხმა ბევრ ადამიანს გადაარჩენს!"
"ორგანიზმში ანტისხეულები მაქსიმალურ რაოდენობას გამოჯანმრთელებიდან 28-ე დღეს აღწევს - ეს ყველაზე კარგი პერიოდია პლაზმის ასაღებად, თუმცა დონორი არ უნდა იყოს 50 კილოგრამზე მსუბუქი, 18 წელზე უმცროსი, არ უნდა ჰქონდეს თანმხლები ქრონიკული ან სისხლის დაავადებები, მაგალითად, B ან C ჰეპატიტი"

ეპიდემიოლოგები პლაზმის გა­ღებისკენ­ მოუწოდებენ მათ, ვინც უკვე დაამარცხა "კოვიდ-19". ამით ბევრ ადამიანს დაეხმარებიან, რადგან უკვე დადგენილია, რომ პლაზმით მკურნალობა ეფექტიანია. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რამდენიმე პაციენტი სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით
გამოჯანმრთელდა და ერთი ადამიანის გაღებული პლაზმა­ ორ პაციენტს მაინც გადაარჩენს. "კოვიდ-19"-ის დამარცხების შემდეგ ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ პლაზმა ჩააბარეს. ექიმები ელიან, რომ მათ ბევრი გამოჯანმრთელებული მიჰბაძავს.

პლაზმის მნიშვნელობასა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე ინფექციონისტი რევაზ­ მეჭურჭლიშვილი გვესაუბრება.

- ვის შეუძლია პლაზმის ჩაბარება?

- ვისაც
გადატანილი აქვს "კოვიდ-19", ოღონდ პაციენტი უნდა იყოს სრულად გამოჯანმრთელებული და გამოჯანმრთელებიდან გასული უნდა იყოს ორი კვირა მაინც, რადგან ორგანიზმში ანტისხეულები­ მაქსიმალურ­ რაოდენობას გამოჯანმრთელებიდან 28-ე დღეს აღწევს - ეს ყველაზე­ კარგი პერიოდია პლაზმის ასაღებად. თუმცა დონორი არ უნდა იყოს 50 კგ-ზე მსუბუქი, 18 წელზე უმცროსი, არ უნდა ჰქონდეს თანმხლები ქრონიკული ან სისხლის დაავადებები, მაგალითად, B ან C ჰეპატიტი.
დონორისგან 600-დან 800 მილილიტრამდე პლაზმას იღებენ. თუ დონორმა ცუდად იგრძნო თავი, პლაზმის აღება შეწყდება.

- დონორის ორგანიზმში პლაზმა რამდენ ხანში­ აღდგება?
- პლაზმა აღებისთანავე ჩანაცვლდება ფიზიოლოგიური ხსნარით. მეორე დღეს ან ორი დღის განმავლობაში შეიძლება ადამიანმა სისუსტე იგრძნოს, მაგრამ პლაზმა ძალიან მალე აღდგება. პლაზმის ჩაბარების შემდეგ თავისი ფეხით მიდიან სახლში.

- სად უნდა მივიდნენ გამოჯანმრთელებული ადამიანები პლაზმის ჩასაბარებლად?
- ჩვენ ვთანამშრომლობთ პლაზმის აღების ცენტრ "ჰემოპლაზმასთან" და მდებარეობს ვაჟა-ფშაველას #16-ში. იქ ვგზავნით პლაზმის ჩაბარების მსურველებს.

- პაციენტის გამოსაჯანმრთელებლად პლაზმას როდის იყენებთ?
- როდესაც პაციენტი მძიმეა, ან ვხე­დავთ,­ რომ მდგომარეობა მძიმდება და დაინფიცირების მეხუთე-მეშვიდე დღეა... არის შემთხვევები, როდესაც დაინფიცირებიდან ორი კვირა ან მეტია გასული და ოჯახის წევრები გვთხოვენ პაციენტისთვის პლაზმის გადასხმას, მაგრამ ამ დროს ვირუსი აღარ არის წამყვანი პაციენტის დაავადებაში და მასთან ბრძოლას აზრი აღარ აქვს.
ბოლო დროს იმატა პლაზმის ჩამბარებელთა რაოდენობამ, თუმცა აუცილებელია, დონორისა და ინფიცირებულის სისხლის ჯგუფი ემთხვეოდეს ერთმანეთს. ნებისმიერ პაციენტს პლაზმას ვერ გადავუსხამთ.

- როდესაც დონორი პლაზმას აბარებს,­ მის ორგანიზმში თუ რჩება საკმარისი­ ანტისხეულები, რომ ხელახლა დაინფიცირებას გაუმკლავდეს? ინგლისში მცხოვრები ქართველი ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ დონაციისთვის მისული უკან გააბრუნეს და უთხრეს, რომ პლაზმის გაცემის შემთხვევაში თვითონ დარჩებოდა ანტისხეულების გარეშე.
- შეუძლებელია პაციენტი პლაზმის გარეშე დარჩეს...
როცა ორგანიზმში პლაზმა შემცირდ­ება და ანტისხეულების ნაწილს გარ­ეთ გამოვიტანთ, ის ჩანაცვლდება და ხშირად დონორის ორგანიზმში უფრო მეტი ანტისხეული გამომუშავდება, ვიდრე საწყის ეტაპზე იყო.

- დღეს ბევრი ოჯახის ექიმთან დარეკვასაც­ კი ვერ ახერხებს, "სასწრაფოს" ბრიგადები კი როცა იგებენ, რომ მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე არ არის, გამოძახებაზეც არ მიდიან. რას ურჩევთ მათ, ვინც ექიმებს ვერ უკავშირდება?
- მთავარია, არ იყოს პანიკა. როდესაც ადამიანი ნერვიულობს, ეს დაავადებასა და მის ზოგად მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
უნდა გავითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაციები, ინფიცირებულებმა უნდა გააგრძელონ ექიმთან დაკავშირება, ოღონდ ნერვიულობის გარეშე. კონკრეტული რჩევა­ შეიძლება მიეცეთ კონკრეტული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში. ზოგადი რჩევები, ალბათ, სწორი არ არის.

- კოვიდგადატანილი ადამიანის კვლავ დაინფიცირება შესაძლებელია?
- გვქონდა შემთხვევა, როცა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი და ისევ შემობრუნდა კლინიკაში, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ დგინდება, ეს ახალი ინფექციაა თუ ძველი ინფექციის ნარჩენი, რომელიც ბოლომდე არ გავიდა ორგანიზმ­იდან.

ჩვენ ვატარებთ კვლევას, ეს დაავადება ტოვებს თუ არა იმუნიტეტს. ჰონკონგში, ამერიკასა და სხვა ქვეყნებშიც ამ ვირუსის სხვადასხვა შტამით ერთი და იგივე ადამიანი დაინფიცირდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მაინც ახალი ვირუსია და დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, ტოვებს თუ არა იმუნიტეტს. ხშირია შემთხვევა, როცა ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა მალე იკლებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ პირის ხელახლა ინფიცირების რისკი დიდია, თუმცა დაბეჯითებით ვერც ამას ვიტყვით, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებაში მონაწილეობს არამხოლოდ ანტისხეულები, არამედ უჯრედული იმუნიტეტიც... ყველა ეს საკითხი ჯერჯერობით გამოსაკვლევია და რაკი "კოვიდ-19" საქართველოშიც ასე გააქტიურდა, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს! ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, ვინც ეს დაავადება გადაიტანა­ და პლაზმა ჩააბარონ. პლაზმის გადასხმა ბევრ ადამიანს გადაარჩენს!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები