"მასობრივი საპროტესტო აქციები უფრო დაამძიმებს ეპიდსიტუაციას" - კვირის პალიტრა

"მასობრივი საპროტესტო აქციები უფრო დაამძიმებს ეპიდსიტუაციას"

"საქართველოში უკვე ინფიცირებულია 2000-მდე მოქმედი სამედიცინო მუშაკი. დიდი ალბათობით, მათი რაოდენობა გაიზრდება. ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების დეფიციტი ამოუწურავი არსად არის და სისტემური კრიზისი ბევრად რეალურია. აქციების გამო მოსალოდნელია სამართალდამცავთა შორის ინფიცირების მატებაც..."

საქართველოში მკვეთრად იზრდება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა. ჩვენთან არსებული ვითარების შესახებ გლობალური ჯანდაცვის ექსპერტს გიორგი შაქარიშვილს ჟენევაში დავუკავშირდით.

- ჩვენი პირველი საუბარი აპრილში, პანდემიის ადრეულ სტადიაზე შედგა. ამ ხნის განმავლობაში პანდემიის მართვის რა გამოცდილება შეიძინეთ?

- ინფექციური დაავადების პანდემია მრავალფეროვანი პრობლემაა და მოიცავს მიკრობიოლოგიურ, კლინიკურ, ეპიდემიოლოგიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ქცევით კომპონენტებს. COVID-19 და მისი გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსი ახალი ფენომენია. ყველა ზემოაღნიშნულ კომპონენტში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის სიმწირეა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც პანდემიასთან ბრძოლა ჯერჯერობით ძალიან ეფექტიანი არ არის. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ახალი ცოდნის შეძენაში მნიშვნელოვანი პროგრესია. კერძოდ,

შესწავლილია ვირუსის გენომი, რასაც პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მისი გამრავლებისა და ორგანიზმში ქცევის ცოდნისთვის. ტარდება კლინიკური კვლევები სამკურნალო საშუალებების ეფექტიანობის დასადგენად, მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინის გამოცდა, ასევე, სხვადასხვა რისკ-ფაქტორის, მათ შორის ქცევითი რისკების შესწავლა და ამის საფუძველზე პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.

თუმცა ახალი ცოდნის შეძენა ექსპერიმენტული კვლევით კი არა, მიმდინარე პანდემიის კვალდაკვალ ხდება. ამიტომ ჩატარებული ღონისძიებები - ეპიდმართვა იქნება, კლინიკური თუ გლობალური ჯანდაცვის საკოორდინაციო მექანიზმების შექმნა, სხვადასხვაგვარი ეფექტიანობით გამოირჩევა - ზოგი შედეგიანია, ზოგი ნაკლებად. რადგან გამოცდილებაზე დაყრდნობIით ვსწავლობთ, ბუნებრივია, შეცდომები გვექნება..

აქამდე ნაკლებად ცნობილი ერთი ფენომენი, რომელმაც პანდემიის დროს განსაკუთრებით იჩინა თავი, არის ინფოდემია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს პანდემიასთან ბრძოლაში და ხშირად უარყოფითს.

- რას ნიშნავს ინფოდემია?

- ეს არის კონკრეტულ საკითხზე ჭარბი ინფორმაციის გავრცელება. მხოლოდ COVID-19 კი არ ვრცელდება სწრაფად, ფართოდ და უკონტროლოდ, ასევე ვრცელდება მის შესახებ ინფორმაციაც. დღევანდელი საინფორმაციო ტექნოლოგიების წყალობით ინფორმაციის სწრაფად გავრცელება ყველას ყველაფრის შესახებ შეუძლია და აღმოჩნდა, რომ COVID-19-ის კონტექსტში ინფოდემია გარდაუვალი მოცემულობაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ნებისმიერი, მათ შორის ეპიდმართვის ღონისძიებებისთვის, გადაწყვეტილების მიმღებს ყოველთვის სჭირდება პოლიტიკური კაპიტალი, ანუ საზოგადოების ნდობა.

ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორი კეთილგანწყობით და რწმენით არის ხალხი გადაწყვეტილების მიმღების მიმართ განწყობილი, რადგან ნებისმიერ გადაწყვეტილებას თან ახლავს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი დამოკიდებულება. არაპოპულარული გადაწყვეტილებები, როგორიცაა მგზავრობის შეზღუდვა, ლოკდაუნი და სხვა, პოლიტიკურ კაპიტალს ამცირებს. ამიტომ ხელისუფლების მიმართ დასაწყისში არსებული კეთილგანწყობა, შესაძლოა ჯერ უნდობლობით, შემდეგ ზომიერი, მერე კი აგრესიული კრიტიკით შეიცვალოს.

როცა პოლიტიკური კაპიტალის დონე განსაზღვრულ ზღურბლს გადააბიჯებს, კრიტიკა ისეთ ზღვარს აღწევს, რომ შესაძლოა სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად მანევრირების საშუალება შემცირდეს, ეს კი ამცირებს გადაწყვეტილების ეფექტიანობას. ინფოდემიის როლიც სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი - მას შეუძლია დააჩქაროს ან შეანელოს პოლიტიკური კაპიტალის ცვლილების სისწრაფე და ირიბად, მაგრამ მაინც იმოქმედოს ეფექტიანობაზე.

საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის საწყის ეტაპზე გადაწყვეტილების მიმღები, ანუ ხელისუფლება, ნდობით სარგებლობდა. აღსანიშნავია, ოპოზიციური სპექტრის დადებითი როლიც, მათ ეპიდემიის საწყის ეტაპზე სოლიდარობა გამოიჩინეს და ხელისუფლების კრიტიკაზე ერთგვარი მორატორიუმი გამოაცხადეს. კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას ეს მომენტი გამოეყენებინა ოპოზიციასთან ისეთი საერთო ინტერესის მქონე საკითხზე შესათანხმებლად, როგორიც პანდემიაა. მით უმეტეს, რომ ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ეპიდმართვის სხვადასხვა ტაქტიკურ და სტრატეგიულ მოსაზრებებს სთავაზობდა.

ამ მოსაზრებების ტექნიკური ღირებულება არაერთგვაროვანი იყო, მაგრამ ხელისუფლების მიერ მათ მიმართ ყურადღების გამოჩენა ოპოზიციას დაეხმარებოდა თავი პროცესის მონაწილედ ეგრძნო და შესაბამისად, შედეგზეც თავისი წილი პასუხისმგებლობა ეტვირთა. ამის ნაცვლად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლარიზება მოხდა, რამაც ეპიდმართვის პროცესის პოლიტიზება გამოიწვია. ასეთ გარემოში კი ინფოდემია იმ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც გადაწყვეტილების მიმღების პოლიტიკური კაპიტალის შემცირების დასაჩქარებლად იქნა გამოყენებული.

- ამაში ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება? ჩვენ ხშირად შეგვახსენებდნენ, რომ სახელმწიფო რესურსი ამოუწურავი არ არის და ეს ყურად არ იღეს. - ორივეს, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის და საზოგადოების იმ ნაწილის, ვისაც ვირუსის არ სჯეროდა.

- თქვენ როგორ აფასებთ ეპიდემიის მართვის ღონისძიებებს? - ამ კითხვაზე პასუხი აუცილებლად უნდა დავიწყო მადლიერებისა და პატივისცემის დადასტურებით მათ მიმართ, ვინც ეპიდემიის მართვაშია ჩართული. ყველა რგოლში და ყველა დონეზე მომუშავე პირებს ვგულისხმობ. თუმცა აუცილებელია დასკვნების გაკეთება, რათა მომავალში პანდემიის მართვა უფრო დაიხვეწოს. კონსტრუქციული კრიტიკა დასაშვები კი არა, აუცილებელიც არის.

შესაძლებელია ოთხი ტიპის შეცდომის ან უზუსტობის იდენტიფიცირება: კერძოდ, პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ნაკლები ეფექტი მოაქვს, მაგრამ იმავდროულად, არაპროპორციულად ამცირებს პოლიტიკურ კაპიტალს, ანუ ხარჯავს უფრო მეტი ღირებულების რესურსს, ვიდრე მიღებული პროდუქტის ეფექტიანი ღირებულებაა. მაგალითად, ავტომობილში ოჯახის წევრების ერთად ჩასხდომის აკრძალვა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ნაკლებეფექტიანი იყო, მაგრამ შექმნილი საყოფაცხოვრებო დისკომფორტის გამო, კრიტიკაც გამოიწვია. შესაბამისად, პოლიტიკური კაპიტალიც შემცირდა; ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ეპიდემიის ადრეულ ეტაპზე გამოყენებული ზოგიერთი კლინიკური და სადიაგნოსტიკო პროტოკოლი ჰოსპიტალიზაციის და ტესტირების მიმართულებით, რომლებიც პაციენტის ჯანმრთელობის სტატუსთან შედარებით უფრო მეტი რესურსის ხარჯვას ითხოვდა.

მეორე ჯგუფი - კონკრეტული გადაწყვეტილებების არათანამიმდევრულად შესრულება. მაგალითად, მაშინ როცა აკრძალული იყო მასობრივი თავშეყრა, გამონაკლისებს უშვებდნენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კონცერტებს მართავდნენ და ეს ორმაგ სტანდარტად შეფასდა, რაც ასევე პოლიტიკური კაპიტალის შემცირების წინა პირობა გახდა;

მესამე ჯგუფია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ეპიდემიოლოგიურად სწორად განსაზღვრეს, მაგრამ არასრულად შესრულდა. მაგალითად, როდესაც საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის დაშვება აკრძალეს, გულშემატკივრების ქუჩაში არაორგანიზებული თავშეყრა დაშვებული იყო. ნაცვლად იმისა, ორგანიზებულად, დისტანციის დაცვით და პირბადეებით მაყურებლის შეზღუდული რაოდენობა სტადიონზე შეეშვათ და ზედამხედველობა დაწესებულიყო, რასაც მეტი ეპიდემიოლოგიური ეფექტი ექნებოდა, გულშემატკივართა დიდი ჯგუფები ქუჩაში სრულიად უკონტროლოდ გამოდიოდნენ, რამაც ინფექციის გავრცელებას ხელი შეუწყო;

მეოთხე ჯგუფს განეკუთვნება იმ გადაწყვეტილებების მიუღებლობა, რომლებიც ინფექციის საკონტროლოდ შედეგიანია, მაგრამ მიზეზთა გამო გამონაკლისები დაუშვეს. მაგალითად, სააღდგომო ღონისძიებები ეკლესიებში, ზაფხულის სეზონზე საზღვაო კურორტებზე კონტროლის შესუსტება, რუსეთიდან და ინფექციის მაღალი გავრცელების სხვა ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადის შემოშვება და სხვ.

ცხადია, ჩემი მიზანი არ არის ამ ფაქტებზე საუბრით ხელი შევუწყო ინფოდემიური ინსტრუმენტის გამოყენებით გადაწყვეტილების მიმღებთა პოლიტიკური კაპიტალის შემცირებას. მე მსურს მომავალში ვითარების გასაუმჯობესებლად გადაწყვეტილების მიმღებებს გამოცდილებაზე დაფუძნებული გაკვეთილების გათვალისწინება შევთავაზო, და ეს არ ეხება მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღებებს.

- ოპოზიციასაც გულისხმობ? - დიახ, აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ისეთი ფორმის მოძებნა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ შეიცავს. მასობრივი საპროტესტო აქციები უფრო დაამძიმებს ეპიდსიტუაციას. გასათვალისწინებელია ბელარუსის მაგალითი, სადაც არჩევნების შემდეგ მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. შედეგად, თუ მანამდე, კოვიდის დღიური შემთხვევების რაოდენობა 100-150-ს არ აღემატებოდა, აქციების დაწყებიდან ერთ თვეში დღიური შემთხვევები 600-მდე გაიზარდა, ოქტომბრის ბოლოს კი 1000-მდე, რაც თითქმის 700%-იან ზრდას ნიშნავს.

საქართველოში, 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების წინა და მომდევნო დღეებში გამართული მასობრივი აქციების შემდეგ იკვეთება ინფიცირების დღიური შემთხვევების მატება: 31 ოქტომბერს - 1673, 1-ლ ნოემბერს - 1791, 2 ნოემბერს - 1852, 3 ნოემბერს - 1943, 4 ნოემბერს - 2295, და 5 ნოემბერს, ამ ინტერვიუს ჩაწერისას კი ინფიცირებულთა რაოდენობა 2401, და 6 ნოემბერს, ამ ინტერვიუს ჩაწერისას კი ინფიცირებულთა რაოდენობა 2775-სშეადგენს... დღიური შემთხვევების ზრდის ამგვარი ტენდენციის გაგრძელება ჯანდაცვის სისტემის კრიზისს რეალურს გახდის. გარდა ამისა, ჩვენ ახლა შევდივართ ზამთრის/გრიპის სეზონში. ამ ორი ვირუსის თანაარსებობა ჯერ არ ყოფილა და არც ის ვიცით, რას ველოდოთ, როგორ გავუმკლავდეთ კლინიკურად, რაც დაავადების გავრცელების და სისტემური კრიზისის რისკს უფრო ზრდის.

საქართველოში უკვე ინფიცირებულია 2000-მდე მოქმედი სამედიცინო მუშაკი. დიდი ალბათობით, მათი რაოდენობა გაიზრდება. ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების დეფიციტი ამოუწურავი არსად არის და სისტემური კრიზისი ბევრად რეალურია. აქციების გამო მოსალოდნელია სამართალდამცავთა შორის ინფიცირების მატებაც. ამიტომ აუცილებელია არჩევნების შედეგებით გამოწვეული ემოციები გონივრული ქმედებით შეცვალონ. კერძოდ,

ანგარიშგასაწევმა საერთაშორისო პარტნიორებმა, თუნდაც აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებმა უნდა მოუწოდონ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას; მედიამ უნდა დაიწყოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რათა ეს მოწოდება მოსახლეობის დაკვეთა გახდეს, მოლაპარაკებისთვის კი მოიწვიონ ნეიტრალური საერთაშორისო მედიატორი.

არსებობს კონფლიქტური სიტუაციების მედიაციის აპრობირებული მეთოდები, თუნდაც principled negotiation-ის მეთოდი, რომელიც მრავალგზის ნაცადია როგორც პოლიტიკური, ისე კომერციული და სხვა სახის დავების მოსაგვარებლად. სწორედ ეს მეთოდი გამოიყენეს ეგვიპტესა და ისრაელს შორის რთული პოლიტიკური მოლაპარაკებისას, მედიატორის როლი ამერიკის მთავრობამ შეითავსა. აუცილებელია, პრობლემის და პიროვნული ფაქტორების ერთმანეთისგან გამიჯვნა, მოდავე მხარეების პოზიციებზე კი არა, საერთო ინტერესებზე ფოკუსირება, მოლაპარაკების შედეგების შეფასებისთვის ობიექტური კრიტერიუმების დასახვა. შეთანხება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველია და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა აიძულოს ისინი გონივრულად იმოქმედონ.