"ისიამოვნეთ თქვენი ასაკით, წარმოაჩინეთ თქვენი სილამაზე და დატკბით საკუთარი თავით!" - კვირის პალიტრა

"ისიამოვნეთ თქვენი ასაკით, წარმოაჩინეთ თქვენი სილამაზე და დატკბით საკუთარი თავით!"

"როგორიც უნდა იყოს ვიზაჟი, ის სტილს, თმის ფერსა და ჩაცმულობას უნდა მიესადაგებოდეს"

ცნობილი ადამიანებისთვის ტელე და კინოგადაღებებამდე სახის კუნთების ტრადიციული ვარჯიში მათი კანის ბზინვარების გარანტიაა. როგორ უნდა მოვუაროთ კანს და რა უნდა გავითვალისწინოთ ვიზაჟის დროს? ამის შესახებ მსოფლიოში აღიარებული სილამაზის ექსპერტი რიკუ კამპო ექსკლუზიურად უამბობს "კვირის პალიტრის" მკითხველს.

- 1988 წელს ერთ-ერთი ფრანგული ბრენდისთვის დავიწყე მუშაობა. ფინეთის სავაჭრო ცენტრებში თითქმის ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი და ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო. ვისწავლე, როგორ უნდა გამეკეთებინა ვიზაჟი და ისიც, რა არ უნდა გამეკეთებინა, ამის შემდეგ კი თავი არ დამიზოგავს, რომ ოცნება ამეხდინა და მოდის სფეროში მემუშავა. უკვე 30 წელია, ამ საქმეში ვარ.

- რა არის განსაკუთრებულად გასათვალისწინებელი ვიზაჟის დროს?

- ეს კლიენტზეა დამოკიდებული, თუმცა ყურადღებას ვაქცევ მისი ჩაცმის სტილს, თმის ფერს, ვარცხნილობას, სახის მოყვანილობას, კანის ფერსა და ასაკს. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდე, რისთვის უნდა ვიზაჟი - საღამოს წვეულებაზე მიდის, წითელ ხალიჩაზე უნდა გაიაროს (ამ შემთხვევაში სრულიად სხვა შეფერილობაა საჭირო), თუ ტელევიზიაში ან ფილმში გადასაღებად ემზადება. ყურადღება უნდა გავამახვილო განათებაზე, რომელსაც დიდი როლი აკისრია ვიზაჟის დროს.

- ვიზაჟი დამოკიდებულია ქალის ხასიათზე?

- სამუშაოს დაწყებამდე უპირველესი ამოცანაა პიროვნების ამოცნობა და ეს არ არის რთული პროცესი, რადგან დიდი ხანია, ამ საქმეს ვემსახურები. როდესაც შევხედავ ქალბატონს, უკვე ვიცი, რა მოუხდება მის სახეს და რა - არა! ზოგჯერ ძალიან მსუბუქი მაკიაჟი და უმნიშვნელო ცვლილებაც კი საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს და ვხვდები, რომ მის სახეს მეტი არ სჭირდება, ზოგჯერ სახე მეტ ცვლილებას მოითხოვს, მაგრამ როგორიც უნდა იყოს ვიზაჟი, ის სტილს, თმის ფერსა და ჩაცმულობას უნდა მიესადაგებოდეს. ეს სამი ფაქტორი ყოველთვის გასათვალისწინებელია. მინდა ვუთხრა ქალბატონებს - ნუ ფიქრობთ, რომ თქვენ გჭირდებათ მაინცდამაინც ისეთი სტილი და ვიზაჟი, რომელიც ასაკს მოგაკლებთ, არა! ისიამოვნეთ თქვენი ასაკით, წარმოაჩინეთ თქვენი სილამაზე და დატკბით საკუთარი თავით!

- თქვენ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობების საყვარელი ვიზაჟისტი ხართ. მოგვიყევით მათზე.

- ყველა ქალი, ვისთანაც ამ 32 წლის განმავლობაში მიმუშავია, ულამაზესია. ჩემი კლიენტები იყვნენ მეგ რაიანი, გვინეთ პელტროუ, ან ჰეთეუეი, კერი ოტისი, ტატიანა პატიტცი, სინდი კროუფორდი... მათთან მუშაობის დროს ვცდილობდი, რაღაც ახალი გამეკეთებინა და სტანდარტული არ ყოფილიყო არც პროცესი და არც შედეგი. ვიზაჟის კეთებას ყოველთვის ვიწყებ 10-წუთიანი სახის მასაჟით, რაც კანზე საოცრად მოქმედებს - აღვიძებს ნაკვთებს, აქვს ლიფტინგის ეფექტი. ამ დროს სისხლს მეტი ჟანგბადი მიეწოდება და სწორედ ეს პროცესი სძენს ვარსკვლავების სახეს ჰოლივუდურ სიკაშკაშეს.

- ფაქტობრივად, მათი სილამაზის საიდუმლო გაგვიმხილეთ... - თითქმის გაგიმხილეთ. მასაჟს სახისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ამას სახის ვარჯიშს ვუწოდებ. თქვენ ხომ დადიხართ დარბაზში ტანის კუნთების სავარჯიშოდ, ასევეა სახეზეც - მასაჟით შეგიძლიათ სახის კუნთები აამუშაოთ. უნდა დაიწყოთ კისრით და ნელ-ნელა აუყვეთ თავისკენ, ბოლო წერტილი კი სკალპია.

- ყველაზე ხშირად რას ურჩევთ ქალბატონებს? - ქალბატონები ხშირად მეკითხებიან თვალის შეღებვის წესების შესახებ, განსაკუთრებით ახლა, როცა კორონავირუსი გვიტევს, პირბადით სიარული აუცილებელია და მხოლოდ თვალები ჩანს. აიღეთ სამი სხვადასხვა ფერის ფანქარი: შავი, მუქი ყავისფერი, მუქი ლურჯი და შეარჩიეთ, რომელი მოუხდება თქვენს თვალს. ლაინერის ფანქარი ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა, რომ თვალები გამოვკვეთოთ; ამას უნდა დავუმატოთ შავი ტუში. თუ თქვენ სწორი წამწამები გაქვთ, დახვევის ეფექტის წყალგამძლე ტუში გამოიყენეთ - ასე მთელი დღის მანძილზე სასურველი ფორმის წამწამებს შეინარჩუნებთ.

ქალბატონები ხშირად მეკითხებიან ტონალური საცხის შესახებაც. არ გამოიყენოთ ტონალური, რომელიც სრულად ფარავს სახეს. მე გირჩევთ მსუბუქი ფაქტურის დამატენიანებელ ტონალურ კრემს. ქალს შეიძლება მხოლოდ ტუჩსაცხი ესვას ტუჩზეც და ზედა ქუთუთოზეც და მაინც განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს, ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე სიახლეების გამოცდის - დღის ბოლოს სახე ხომ მაინც უნდა ჩამოიბანოთ.

ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!