"ძალიან ცუდი ინფორმაცია გვაქვს დანიიდან..." - რას ამბობს პაატა იმნაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე, პიკსა და "ლოკდაუნზე" - კვირის პალიტრა

"ძალიან ცუდი ინფორმაცია გვაქვს დანიიდან..." - რას ამბობს პაატა იმნაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე, პიკსა და "ლოკდაუნზე"

"შეიძლება მუტანტი ვირუსები ვერ დაამარცხოს იმ ვაქცინებმა, რომლებიც მუშავდება და არ არის გამორიცხული, წლის ბოლოს ახალი ვირუსი უკვე იყოს. ამიტომ დანიის მთავრობამ გადაწყვიტა, განადგურდნენ წაულები... იმედია, ეს მუტანტი ვირუსი დანიიდან სხვაგან არ გავრცელდება"

ქვეყანაში რთული კოვიდსიტუაციაა. ვითარებას ართულებს არჩევნების შემდგომი აქციები, სადაც არ არის დაცული ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები. შეიძლება ითქვას, რომ უკვე გაჩნდა პოლიტიკოსთა კლასტერიც. გასულ კვირაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვს შეემატა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ასევე - სალომე სამადაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი... ეპიდემიის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ კითხვებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე გვესაუბრება.

- როგორია ქვეყანაში კოვიდსიტუაცია, როგორსაც ველოდით თუ უარესი?

- ველოდით, რომ გაიზრდებოდა ინფიცირების მაჩვენებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ნავარაუდევზე სწრაფი მატება გვაქვს. ვითარებამ მოლოდინს გადააჭარბა.

- დღევანდელი მდგომარეობა საყურადღებოა თუ საგანგაშო? - საყურადღებო, რომელიც საგანგაშოსკენ იხრება.

- რა ახდენს ამაზე გავლენას? - ის, რომ არ ვიცავთ წესებს. ეს ხომ ძალიან მყარი სამეცნიერო მტკიცებულებაა! თუ მოსახლეობის 95% იცავს პირბადის მოხმარების წესს, ეს 70%-ით ამცირებს შემთხვევების მატების რაოდენობას.

- ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ახდენს თუ არა გავლენას კოვიდვითარებაზე? - ამ საკითხის კომენტირება არ მინდა, თორემ ისევ დამაბრალებენ, პოლიტიკაში ერევაო. ძალიან საინტერესოა - ჩემზე სულ ამბობენ, პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადებაო, არადა, ყველა ხედავს, რომ ჩემს ადგილზე ვარ, ისინი კი, ვინც ბევრს ლაპარაკობდნენ, სხვადასხვა პარტიაში აღმოჩნდნენ. ამიტომ არ მინდა შეფასება. მოსახლეობა კარგად ხედავს, რაც ხდება და ყველა თვითონ შეაფასებს სიტუაციას.

- მაშინ ცოტა სხვანაირად გკითხავთ... ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეპიდემია იარაღია მმართველი პარტიის ხელში - კორონავირუსით გვაშინებენ და უნდათ, ამ მიზეზით მიტინგების ჩატარება გადაგვაფიქრებინონო... - ჩემი საქმე არ არის, ვინ რას ამბობს.

გახსოვთ, სააღდგომოდ რა ამბავი იყო ატეხილი? მაშინ ეკლესიამ მშვენიერი პოზიცია აირჩია - თვითონ დაარეგულირა სიტუაცია - რიტუალი ჩატარდა, მაგრამ წესების დაცვით... ვისაც მაინცდამაინც უნდა პროტესტის გამოხატვა, ეს მაგალითი გადაიღოს. პროტესტის უფლება ყველას აქვს, ჩვენს ქვეყანაში გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამ ყველაფერს წესების დაცვა სჭირდება, რათა შენს თანამოქალაქეს არ შეუქმნა საფრთხე.

- მეორე ტალღის პიკს როდის ველით? - ნოემბრის შუა რიცხვებში ან მეორე ნახევარში. თუ წესებს დავიცავთ, პიკი დამანგრეველი არ იქნება.

- დამანგრეველი პიკი როგორი შეიძლება იყოს? - ბევრი ჩვენი თანამოქალაქე კორონავირუსს გადაიტანს პრობლემების გარეშე, მაგრამ რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტი გარდაიცვლება. სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი რეალობა. მსოფლიოში გაცილებით უარესი მაგალითებია და სწორედ ეს უარესი არ გვინდა... ჩვენთვის კარგი ვარიანტი იყო, რომ 3 000-ს არ გასცდენოდა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ ჯერ პიკი არ დამდგარა და უკვე მივუახლოვდით 3000-ს.

- და პიკისას რას ელით? - არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ მოლოდინი ძალიან ცუდია...

ამას მსოფლიოში ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. ნახეთ, რა ხდება გერმანიაში, საფრანგეთში, სხვა განვითარებულ ქვეყნებში. რატომ კეტავენ ყველაფერს? იმიტომ, რომ ჯანდაცვის სისტემები ვერ უძლებს. რაც უნდა ძლიერი სისტემა გქონდეს, არის რაღაც, რასაც ვერ გაუძლებ.

- გასაგებია, რომ ყველაფერს ისე ვერ გავწვდებით, როგორც გვინდა, "სასწრაფო" გამოძახებიდან ნახევარ საათში ვერ მოვა, ყველა პაციენტისთვის, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, ადგილი ვერ გამოიძებნება... - სწორედ ეგ გვინდა - ყოველთვის იყოს შესაძლებლობა, რომ ვისაც სჭირდება, ის აუცილებლად მოხვდეს საავადმყოფოში.

- მაგრამ ეს დღესაც ვეღარ ხერხდება... - რა თქმა უნდა, ერთეული ტრაგიკული შემთხვევები ხდება, მაგრამ ჯერ სისტემა, ასე თუ ისე, მაინც უძლებს. თუმცა რესურსები, მათ შორის - ადამიანური, იწურება.

- დამატებითი ძალის მობილიზებას აპირებდით...

- ყველაფერს ვაკეთებთ. სტუდენტებს გადავამზადებთ და მათაც დავიხმარებთ.

- სხვა პროფილის ექიმების გადამზადებასა და პენსიონერი ექიმების მობილიზებაზეც იყო ლაპარაკი. - ჩვენ ახლა ვართ ვირუსთან ომში, სადაც ყველა რეზერვი უნდა გამოიყენო. პენსიონერები რეანიმაციაში ვერ იმუშავებენ, რადგან ეს რისკია მათი ჯანმრთელობისათვის, მაგრამ მათი გამოცდილების გამოყენება შეგვიძლია. ისე, მეც, ამირან გამყრელიძეც და თენგიზ ცერცვაძეც რისკის ჯგუფში ვართ, მაგრამ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ... ახალგაზრდებმა შეიძლება უფრო წინა ხაზზე იმუშაონ. ეს ყველაფერი კეთდება, მაგრამ ვიმეორებ - განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობას განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებიც ვერ უძლებს...

- ანუ ვერც ჩვენი სისტემა გაუძლებს და ლოკდაუნია მოსალოდნელი? - მნიშვნელოვანია, შექმნილ ვითარებას ეკონომიკა გაუძლებს თუ არა, ამიტომაც ვცდილობთ, წერტილოვან შეზღუდვებს დავჯერდეთ. დანის პირზე უნდა გავიაროთ - თან ეკონომიკა არ უნდა დაინგრეს, თან ადამიანები უნდა გადავარჩინოთ. ამას ემატება ეს აქტივობა, რომელიც სხვა ქვეყნებს არ აწუხებს...

- ბევრმა შეგახსენათ, რომ თადარიგი ზაფხულში უნდა დაგეჭირათ... - მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა ექიმების გადამზადება. აბა, საიდან მოვიყვანეთ ეს ახალგაზრდები? ყველა ზაფხულშია მომზადებული...

- ვთქვათ, მე მქონდა კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, გავიკეთე ტესტი და ინფიცირებული არ ვარ. მე და ჩემი ოჯახის წევრები მაინც უნდა ვიყოთ იზოლაციაში? - რა თქმა უნდა. იზოლაციაში უნდა იყოს ყველა, ვისაც აქვს კოვიდდადასტურებული კონტაქტი. ტესტი შეიძლება 11 დღე უარყოფითი იყოს და მე-12 დღეს მოგვცეს დადებითი პასუხი, ამიტომ თვითიზოლაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

- რამდენი დღეა საჭირო იზოლაციაში ყოფნა?

- თუ ადამიანს ჰქონდა დაავადებულთან ახლო კონტაქტი, თვითიზოლაციისთვის განსაზღვრულია 12 დღე. ახლო კონტაქტია 15 წუთისა და მეტი ხნის განმავლობაში 1 მეტრზე ნაკლებ მანძილზე დაუცველი, ანუ უნიღბო ურთიერთობა.

- აცრების თემასაც მინდა შევეხოთ, რადგან ახლა სხვა რესპირაციული ვირუსების გააქტიურების პერიოდიც დგება. - ამდენი ვაქცინა, რამდენიც ახლაა, ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. 250 ათასი დოზა მარტო ჩვენ გვაქვს შემოტანილი სახელმწიფო პროგრამით. შემოიტანეს კერძო კომპანიებმაც. ჩვენი ვაქცინით ჯერ დაიწყო რისკ-ჯგუფების აცრა. ორსულებით დავიწყეთ, მაგრამ ახლა წრე გაფართოვდა და წინა კვირიდან 65 წლის ზემოთ იმ ადამიანებს ვცრით, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. რისკ-ჯგუფების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდსა და ფეისბუკგვერდზე. პროცესი კარგად მიმდინარეობს. ორ კვირაში უკვე 35 ათასი ადამიანია აცრილი. ვაქცინა არის იმ მსურველთათვისაც, ვინც არ შედიან რისკ-ჯგუფებში. კერძო სექტორსაც აქვს მათთვის შემოტანილი და ვიცი, რომ აცრებიც დაიწყეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიღაბი და დისტანცია გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებებისგანაც გვიცავს. ამას თუ გავითვალისწინებთ და რეკომენდაციებს დავიცავთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ორი ვირუსის თანხვედრის შემთხვევები არ გვექნება.

- მსურველებს სად შეუძლიათ აიცრან?

- ყველა პოლიკლინიკაში. რისკ-ჯგუფებისთვის აცრა უფასოა, დანარჩენებისთვის - ფასიანი.

- ხშირად ახსენებენ სამკომპონენტიან, ოთხკომპონენტიან ვაქცინას. რა განსხვავებაა მათ შორის? - დიდი განსხვავება არ არის. ოთხკომპონენტიან ვაქცინას B ტიპის ვირუსის ორი ვარიანტი აქვს დამატებული, რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება, დანარჩენი აბსოლუტურად ერთნაირი შემადგენლობისაა, ასე რომ, ორივე ძალიან ეფექტიანია.

- ძალიან ბევრის გაკვირვება გამოიწვია, როდესაც შევიტყვეთ, რომ ბათუმში სამი დღის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. - გვქონდა შემთხვევა, როდესაც 1 თვის ბავშვს დაუდასტურდა კორონავირუსი, მაგრამ ის ახლა შესანიშნავად გრძნობს თავს. ნებისმიერ ასაკში შეიძლება კორონავირუსით დაავადება. საბედნიეროდ, ბავშვები უფრო ადვილად იტანენ, ვიდრე ხანდაზმულები ან ქრონიკულად დაავადებულები. ჩვილი შეიძლება დაბადების დროს დაინფიცირდეს. მინიმალური ინკუბაციის პერიოდი ორი დღეა, ასე რომ, სამი დღის ბავშვს შეიძლებოდა კორონავირუსი აღმოსჩენოდა.

- აქამდე ვიცოდით, რომ თუ ორსულია ინფიცირებული, ჩვილი კორონავირუსით არ დაიბადება... - მოდი, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით კოვიდზე ზუსტად არავინ არაფერი ვიცით.

- კოვიდინფიცირებულმა დედამ შეიძლება ბავშვი ძუძუთი კვებოს? - აუცილებლად უნდა კვებოს და დაიცვას რეკომენდაციები - ნიღაბი უნდა ეკეთოს. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსი დედის რძით არ გადადის.

- დღეისათვის რა არის კოვიდინფექციასთნ დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე? - ყველაზე ახალი ის არის, რომ ძალიან ცუდი ინფორმაცია გვაქვს დანიიდან. წაულების ფერმაში აღმოჩენილია კოვიდის მუტაცია, ახალი ვარიანტი, რომელიც ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს, რადგან ამ ახალი მუტაციით დაინფიცირების უკვე 214 შემთხვევაა დადასტურებული. ამბობენ, რომ შეიძლება მუტანტი ვირუსები ვერ დაამარცხოს იმ ვაქცინებმა, რომლებიც მუშავდება და არ არის გამორიცხული, წლის ბოლოს უკვე იყოს. ამიტომ დანიის მთავრობამ გადაწყვიტა, განადგურდნენ ეს ცხოველები ("ევრონისუსის" ცნობით, 1139 წაულის ფერმაში 17 მილიონი ცხოველია. დანია მსოფლიოში წაულის ქურქების ყველაზე მსხვილის ექსპორტიორია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მწარმოებლებს კომპენსაცია დაენიშნათ. - ავტ.). იმედია, მოახერხებენ და ეს მუტანტი ვირუსი დანიიდან სხვაგან არ გავრცელდება.

- თითქმის ცხრა თვე გავიდა, რაც ამ ვირუსს ვეცნობით, მისი დამარცხებისთვის ვიბრძვით და ჯერჯერობით ისევ პირველ საფეხურზე ვართ. ვგულისხმობ, რომ კვლავ პირბადით, ჰიგიენისა და დისტანციის დაცვით ვებრძვით მას. წინ ვერ წავედით. - 1918 წლის ე.წ. ისპანკასაც ასე ებრძოდნენ. ასე ვიქნებით, სანამ ვაქცინა არ გვექნება.

- კვლავ პიკის შესახებ გკითხავთ - რამდენ ხანს შეიძლება ის გაგრძელდეს? - სამწუხაროდ, კარგა ხანს. შეიძლება ახალ წლამდეც.

- და თებერვლის ბოლოს ახალი სეზონი დაიწყება? - ვნახოთ...

იხილეთ ასევე: "სკანდალური განცხადებაა, მაგრამ ცდას წინ რა უდგას?!" - კორონავირუსის დამარცხების რა საშუალებაზე საუბრობს ექიმი?