"თუთარჩელა" - ხანგრძლივი მარტოობის წიგნი... - კვირის პალიტრა

"თუთარჩელა" - ხანგრძლივი მარტოობის წიგნი...

მომავალ ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი მიიღებს ნოდარ წულეისკირის "თუთარჩელას"

კარგი ნამდვილად არ ერქვა იმ დროს, როცა ნოდარ წულეისკირს მოუხდა ცხოვრება... მაინც რატომო, - იკითხავთ... ალბათ იმიტომ, რომ  ისე რადიკალურად იცვლებოდა ყველაფერი,  ისეთი სიმძიმით გადადიოდა ერთი რეალობა მეორეში, რომ ადამიანს დიდი სულიერი ძალა სჭირდებოდა, რომ გადარჩენილიყო.

ნოდარ წულეისკირი დაიბადა 1932 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფილოლოგიის ფაკულტეტი. მას მერე იქ იყო, სადაც ყველაზე მეტად დუღდა ცხოვრება და ყველა ტკივილიც უფრო მძაფრად განიცდებოდა - საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალებში: "დილა", "ცისკარი", "მნათობი", კინოსტუდია "ქართულ ფილმში" - რედაქტორად.

1990 წელს პოლიტიკური ცხოვრებაც თვალსმოფარებული განსჯიდან აშკარა მოქმედებით შეიცვალა... აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად იყო, პატივსაც სცემდა საზოგადოება... მაგრამ თავად მწერალმა იცოდა, არაფერიც არ იყო ისე კარგად, როგორც შეიძლებოდა მოგჩვენებოდათ.

ამიტომაც გააკეთა ის, რასაც ათასიდან ერთი კაცი თუ შეძლებს - თბილისიდან წავიდა და სოფელ  წერაქვში სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. იქნებ ის გაცილებით დიდი საქმეა, ბედის ანაბარად მიტოვებულ საქართველოს სოფელში სულ რამდენიმე ბავშვი რომ სწავლობს, ისეთი სიმართლე მიიტანო მათ გულამდე, დედაქალაქშიც რომ ვეღარავინ ახერხებს... ამ სიმართლის დანახვა და სხვებისათვის დანახება მით უმეტეს შეუძლია მწერალს, რომლის კალამს ეკუთვნის: "თუთარჩელა", "ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი", "ზესნახესა და ბუძგურიას სიყვარულის ამბავი", "თეთრი მთა", "დავით აღმაშენებლის ქვა", "სისატურა",  არაერთი კინოსცენარი ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "მონანიება"...) და სხვა.

გთავაზობთ მცირე მონაკვეთს, როგორც ჭაშნიკს, ამ წიგნიდან:

"ორშაბათობით - მთვარის დღეს - მორწმუნენი სამეგრელოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ და თეთრი მთის ძირას იკრიბებოდნენ. მოჰქონდათ შესაწირავი და ჰიპოსელ ქადაგებს უსმენდნენ. კალანდარიების წინაპარი ქადაგები განთქმულნი იყვნენ თავიანთი მოღვაწეობით. სულითა და ხორცით ტაძრისთვის გადაგებულნი ღამეებს თეთრად ათენებდნენ და ზეცისკენ ხელაპყრობით ფანატიკური ექსტაზით წინასწარმეტყველებდნენ... ტაძრის მსახურთა შორის მეტად პატივცემულნი იყვნენ "თუთაშები".

თუთაშს მთვარის მოგვს ეძახდნენ - ჭკუა-გონებით გამორჩეულ ქურუმს, ვინც ციურ საიდუმლოს მისწვდებოდა, იგი მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე ბომონის სათვალთვალო აივანზე იჯდა და მთელი ღამე ცას შესცქეროდა, აკვირდებოდა ციურ სხეულთა მოძრაობას, ცდილობდა მნათობთა მოძრაობაში ადამიანთა ბედი ამოეკითხა. ყოველი მნიშვნელოვანი ციური მოვლენა თიხის დიდ ფილებზე იწერებოდა და გულდაგულ ინახებოდა.

თუთაშების ნამოღვაწარს ხალხი "ერტის წიგნს" (ბედის წიგნი") ეძახდა. ყველა ვერ გახდებოდა ნამდვილი თუთაში. ხალხის მეხსიერებაში ცოცხლობდა მხოლოდ რამდენიმე თუთაში. თუთაშის მოღვაწეობა იყო ხორცის სრული გაწირვა სულისათვის: მთელი თავისი სიცოცხლე დიდ ტაძარში  მარტოს უნდა ეთია ღამე, ქვეყნიერებას თუ რამ განსაცდელი მოელოდა, სათვალთვალოს დღისითაც არ უნდა მოსცილებოდა. ამიტომ ამ მარტოსულს ტაძრის მსახურნი და ხალხი ისე ექცეოდნენ, როგორც ღმერთს".