"ოდეს ტურფა გაიაფდეს..." ანუ "დიდების ხეივანი" თუ დათო ოქიტაშვილის სახელობის ტროტუარი?! - კვირის პალიტრა

"ოდეს ტურფა გაიაფდეს..." ანუ "დიდების ხეივანი" თუ დათო ოქიტაშვილის სახელობის ტროტუარი?!

რამაზ ჩხიკვაძე: "ისე გავბრაზდები, დავიქირავებ ვინმეს და სულ ამოვაღებინებ იმ ჩემს ვარსკვლავს..."

ქართველები რომ ვარსკვლავები ვართ, ისედაც ვიცით... ასე ცოტანი ვართ და, სამაგიეროდ, მსოფლიოში ყველაზე მაგრები! ბუნება საუკეთესო გვაქვს, მსგავსი ზღვა, მთები, მსგავსი თოვლიც კი არსადაა... აბა, გადათვალეთ, მსოფლიოს ხელოვნების სფეროში რამდენი ვარსკვლავი ჰყავს... ჩვენც გვყავს მსოფლიო დონის არტისტებიც, მუსიკოსებიც... ვარსკვლავების რიცხვით კი თუ უკვე არ დავწევივართ მსოფლიოს, ხვალ ან ზეგ მაინც დავეწევით და გავუსწრებთ კიდეც.

ჩვენს ქალაქშიც გადაიჭიმა "დიდების ხეივანი", უფრო ზუსტად "ხეივნები", რადგან თბილისში სამი ვარსკვლავური წერტილი გვაქვს - მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებთან და ფილარმონიასთან. მოგეხსენებათ, საქართველოში ყველას ვარსკვლავს ვუწოდებთ, თუ ოდესმე ტელევიზორში მაინც გამოჩენილა. ამ ადამიანებს კი თავი მართლა ვარსკვლავები ჰგონიათ და "დიდების ხეივანში" დაფიქსირება ყველას უნდა.

ვარსკვლავების გახსნის ერთ-ერთმა ინიციატორმა დავით ოქიტაშვილმა ამას წინათ დაიწუწუნა

- თქვენ არ იცით, რა დღეში ვარ, რამდენია ვარსკვლავობის მოსურნე, ლამის ფანჯრებიდან შემომიცვივდნენ, არადა, ჩაწყობა არ ხდებაო.

თუ ჩაწყობა არ ხდება, ეტყობა, "ზემოდან" არის დავალება, რომ ვარსკვლავური გეგმავალდებულება შესრულდეს და როგორც ერთმა დიდმა მსახიობმა იხუმრა, მალე რუსთაველის თეატრიდან ვარსკვლავების ბილიკი მარჯანიშვილის თეატრიდან გადმოჭიმულ ვარსკვლავებს ზემელზე შეხვდება.

რა თქმა უნდა, რამაზ ჩხიკვაძეს, თენგიზ არჩვაძეს, ოთარ მეღვინეთუხუცესს, პაატა ბურჭულაძეს და სხვებს არ ვგულისხმობთ, რომლებმაც ეპოქა შექმნეს და სულ არ აინტერესებთ, მათი გვარ-სახელი ამოტვიფრულია თუ არა ტროტუარებზე. სხვათა შორის, ამ ვარსკვლავური გეგმავალდებულებების შესრულებისას, გამოგვრჩა სანდრო ახმეტელი, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, სერგო ზაქარიაძე, ეროსი მანჯგალაძე და სხვები. ამან თურმე რამაზ ჩხიკვაძე ისე აღაშფოთა, უთქვამს:”ისე, გავბრაზდები, დავიქირავებ ვინმეს და სულ ამოვაღებინებ იმ ჩემს ვარსკვლავსო...

ვარსკვლავების თუ მოვარსკვლავო პირების ვარსკვლავების პანტაპუნტით გახსნამ ალბათ ის მოიტანა, რომ "ტურფა გაიაფდა". შესაბამისად, ცოცხალ ლეგენდებს უკვე რცხვენიათ და  მართლებიც არიან. აგერ, გივი ბერიკაშვილი ძლივს დაითანხმეს. ასე რომ, შესაძლოა, თუ ასეთი ტემპებით გაგრძელდა ვარსკვლავური მარათონი, რამაზ ჩხიკვაძემ მუქარა აასრულოს და მას სხვებმაც მიჰბაძონ. ჰოდა, "დიდების ხეივნების" მაგივრად შეგვრჩება დათო ოქიტაშვილის სახელობის ტროტუარები.

სხვათა შორის, ოქიტაშვილს ვარსკვლავთკურატორობა ახლახან კულტურის სამინისტრომ წაართვა. საინტერესოა, ახლა რა ფორმებსა და მასშტაბებს მიიღებს ეს ვარსკვლავური მარათონი.

"დიდების ხეივანი"

ჰოლივუდში, 1980 წელს მსახიობ ჯოან ვუდვარდს პირველი ვარსკვლავი გაუხსნეს. ამით ჩაუყრეს საფუძველი "დიდების ხეივანს". 50 წლის განმავლობაში 2800 ვარსკვლავი გაიხსნა. ნებისმიერ მსახიობს შეუძლია ჰოლივუდში თავისი ვარსკვლავის გახსნა. მან ჰოლივუდის სავაჭრო პალატას თხოვნით უნდა მიმართოს და ის გადაწყვეტს, იმსახურებს თუ არა მსახიობი ამას. დადებითი პასუხის შემთხვევაში, 25 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.

ქართულ "დიდების ხეივანს" საფუძველი 2001 წელს ჩაეყარა. პირველი ვარსკვლავი ნინო რამიშვილს გაუხსნეს. დღემდე უკვე 45 ვარსკვლავი გაიხსნა.

www.kvirispalitra.ge

თქვენი აზრით, ვარსკვლავების შერჩევისას რამდენად კომპეტენტურია კომისია? როგორ ფიქრობთ, უნდა გაიხსნას თუ არა ამდენი ვარსკვლავი თბილისში?  გამოგვეხმაურეთ, გააკეთეთ კომენტარი!