არხოტში მამისახლზე მიმავალი - კვირის პალიტრა

არხოტში მამისახლზე მიმავალი

"მიწას რომ მოსწყდები, უფესვოდ დარჩენილ ხეს ემსგავსები"

დიდუბის პანთეონში ერთი მოკრძალებული საფლავია. ეპიტაფია იუწყება, რომ აქ განისვენებს ხევსური, არხოტიონებისთვის საამაყო გაბრიელ ჯაბუშანური. არხოტში დროსა და ჟამს მისი მამა-პაპის სახლ-კარი ჩაუშლია. გაბრიელს შვილი არ ჰყოლია, - დარჩა ლექსები, რომელმაც სიცოცხლეშივე საარაკო გახადა ავტორის სახელი.

სევდიანი ცხოვრება ჰქონდა. გადაიტანა უამრავი ტკივილი სატრფოს, მზექალისა და ოჯახის წევრების ნაადრევად დაკარგვის გამო. მშობლიური არხოტის, სოფელ ახიელის დაცარიელებასა და მამის სახლის დაქცევასაც პირადად მოსწრებია. ლექსადაც უთქვამს დარდი: "არხოტში მამისახლი დამექცა,/ დღეს მის ნანგრევზე ბუც არ ჯდება,/ ქვითკირის კუთხი მოჰგავს ნამეწყრალს,/ არხოტში მამისახლი დამექცა, /შამბი შეუდგამს ნამერცხლარს"...

ახლა ხევსური პოეტის ტკივილს მკურნალი გამოუჩნდა. მამაპაპისეული სახლისა და სიცოცხლის ახმიანების სურვილი გასჩენია გაბრიელის ძმის შვილიშვილს, 25 წლის გიორგი ჯაბუშანურს. ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ევროპიდან, სადაც მთელი 12 წელი სწავლობდა.

- გერმანიიდან სამშობლოში ჩამოსვლისას აუცილებლად გადავდიოდი არხოტში. დავეხეტებოდი და ვათვალიერებდი მიწას, რომელსაც ჩემი წინაპრების ნატერფალები ჯერაც ახსოვს. მერე გადავწყვიტე, არხოტში დავსახლდე. ჩვენი წინაპრები რასაც უძლებდნენ, იმასთან ახლანდელი პრობლემები რა მოსატანია. თუმცა, უტრანსპორტობა და უექიმობა მაინც ძნელად შესაგუებელია.

KvirisPalitra.Ge- ბევრნი ცხოვრობენ არხოტში?

- ახლა ბიძაჩემი ცხოვრობს იქ ცოლთან ერთად. ერთ სოფელში ერთი კაცია მარტოდმარტო. ყველა სოფელში ერთად კი, ალბათ, ათნი ძლივს იქნებიან. აქაურები მესაზღვრეებად მუშაობენ. სასაზღვრო სამსახური რომ არ იყოს, სოფლები დაცარიელდებოდა.

დროდადრო სოფლებში მესაზღვრეების შვეულმფრენი ადის. თუ დახმარება დასჭირდათ, გვერდით უდგანან იქაურებს. ძნელია იქ გაძლება, მაგრამ მთის კაცი ვარ, არხოტში ჩემს სახლში ვარ.  გერმანიაში ღამურა ვიყავი, რადგან სამშობლოს შეგრძნება არ მქონდა.  ხშირად მიკითხავს თავისთვის, მთაში დაბრუნების სურვილი დროებითი გატაცება ხომ არ არის, ვაი და, ვერ გავძლო-მეთქი. მაგრამ ის მანუგეშებს, რომ მეოცნებე არა ვარ. პრაქტიკულად მჩვევია ფიქრი. ადამიანმა თვითონ უნდა შექმნა სასურველი პირობები, გარემო. სახლს უნდა მივხედო, უნდა ავაშენო და გადავხურო. მერე შესაძლოა სხვასაც ვთხოვო, მოდი, სოფელი ავაშენოთ-მეთქი.

მეგობრებისგან ვიცი, ჩვენი სამხედროები თურმე  წვრთნისა და სწავლების დროს მღერიან, "არხოტო, სამშობლო, ჯიხვ-არწივების მხარეო"...

არადა, მგონი, თითზე ჩამოსათვლელს აქვს ნანახი არხოტი. ბარში ჩავიდა ყველა. ისე არ მოხდეს, თბილისი იყოს მხოლოდ საქართველო და სხვა ტერიტორია - დასათვალიერებელი ადგილები. წინა კაცი უკანას ხიდიაო, ეს ხიდი უნდა გავდოთ მთასა და ბარს შორის. ერთის ასვლა მეორის მიდევნებას შეუწყობს ხელს და ასე გაიბმება ჯაჭვი, რომელიც ჩვენს წინაპრებთან ჩაგვწყვეტია რამდენიმე ათეული წლის წინ. ვინც კი წავა, ყველა მომდევნოს გაუხსნის გზას და ბევრი ვიქნებით. მთაში სიცოცხლე უნდა ახმაურდეს. მიწათმოქმედებას უნდა დაუბრუნდეს მთიელი. მიწას რომ მოსწყდები, ბარშიც და მთაშიც უფესვოდ დარჩენილ ხეს ემსგავსები.

KvirisPalitra.Ge- გაბრიელის ახალი წიგნი გამოიცა, მაგრამ გასაყიდად ვერსად ნახავო, ჩივიან მისი პოეზიის თაყვანისმცემლები.

- ამ წიგნის გამოცემაც ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული.  საჭიროა კერძო მეწარმის ცნობა, რომ წიგნის გაყიდვის უფლება მოგეცეს. ჩვენ კი ცნობა არა გვაქვს და გვიწყვია შინ წიგნები. არადა, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ამირან არაბულის მიერ მომზადებული გაბრიელის ლექსების კრებული ბიოგრაფიითურთ წიგნად ვაქციეთ. გვარში ცოტანი ვართ. სულ 60-ოდე კაცი ვიქნებით. სპონსორი რომ არ გამოგვიჩნდა, ისევ ჩვენ მოვახერხეთ და მცირე ტირაჟით დავბეჭდეთ. არადა, ორი ათეული წელი რომ წიგნი არ გამოვა, მისი ავტორი დავიწყებას ეძლევა.

გადავწყვიტეთ, წიგნის გაყიდვით შემოსული სახსრებით არხოტში ხატი და სალოცავი აღვადგინოთ... თუმცა, ჯერ წიგნი გასაყიდად ვერ გაგვაქვს.

P.S. "იცით მე ვინ ვარ? - რომ არ ვსთქვა ბევრი, -/ მცირე მტვერი ვარ შოთას კალმისა, გურამიშვილის ვარ ცოტა ცრემლი/ და ერთი თასმა ვაჟას ქალმნისა...მე ჭავჭავაძის ვარ სისხლის წვეთი,/ ბარათაშვილის ვარ ერთი ოხვრა: - ამიტომ მქვიან, ალბათ, პოეტი/ და მათ მუხლებთან მიხდება მოხრა"...

დიდუბის პანთეონში ამ ლექსის ავტორის საფლავთან რომ ვიდექი, ერთმა შავოსანმა ხნიერმა ქალმა, საფლავს რომ წმენდდა, მითხრა: დასანანია, რომ წლების განმავლობაში ამ საფლავის მოვლისა და მის სოფელში ერთი მემორიალური დაფის დაკიდების სურვილიც არ გასჩენია ერთმანეთთან ქიშპობით დაღლილ მწერლებს. გვარად არაბული ვარ და გაბრიელს დედის მხრიდან ნათესავად ვერგებოდიო.