13 წლის ქრისტიანი გოგონა, რომელსაც პაკისტანში იძულებით ათხოვებდნენ - კვირის პალიტრა

13 წლის ქრისტიანი გოგონა, რომელსაც პაკისტანში იძულებით ათხოვებდნენ

ამბობენ, პაკისტანში ქალად რომ იბადები უკვე ცხოვრებისგან განწირული ხარო, ეს ნაწილობრივ მართალია, რადგან 21-ე საუკუნეში პაკისტანელი ქალები კვლავ თავიანთი უფლებების მოსაპოვებლად იბრძვიან, თუმცა როგორც ჩანს, წინ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი.

უცხოური გამოცემები პაკისტანელი ქალების მიმართ უდიერ დამოკიდებულებაზე, ნაადრევ ქორწინებასა და მათ მიმართ ძალადობაზე ხშირად წერენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ სამხრეთ აზიის ქვეყნებში, ნაადრევი ქორწინება ისევ "პოპულარულია", პაკისტანში კი ქალების მეოთხედი  18 წლის ასაკში უკვე დაოჯახებულები არიან. ეს რიცხვი ბოლო წლებია საგრძნობლად გაიზარდა და მეტიც პაკისტანში მამაკაცები ქალების მოტაცებასაც კი მარტივად ახერხებენ.

13 წლის ქრისტიანი გოგო, რომლის ვინაობაც არ სახელდება (ანონიმურია), პაკისტანში მასზე უფროსმა კაცმა მოიტაცა და აიძულა მას ცოლად გაჰყოლოდა. გამტაცებელმა, გოგონას ყალბი საბუთებითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ასაკი შეუცვალა და ქორწინების მოწმობაზე ძალდატანებით მოაწერინა ხელი. ოჯახი მოზარდს რამდენიმე კვირა ეძებდა.

13 წლის გოგონა ქალაქ კარაჩიში უეცრად დაიკარგა, ოჯახმა 13 ოქტომბერს მოზარდის დაკარგვის შესახებ პოლიციას აცნობა, პოლიციამ ის დაკარგულად გამოაცხადა და მისი ძებნა დაიწყო. საქმემ მალე სერიოზული სახე მიიღო, რადგან გოგონას კვალი რამდენიმე კვირა არ ჩანდა. მოზარდის დაკარგულად გამოცხადებიდან 2 კვირაში გოგონას მამამ შეიტყო რომ მათ ქალიშვილს ასაკი შეუცვალეს და მასზე დიდ, 44 წლის კაცს, ალი აზჰარს გააყოლეს ცოლად. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მოზარდს საბუთებში, რელიგიურ მრწამსად, ქრისტიანობის ნაცვლად, ისლამი ჩაუწერეს.

მოტაცებას ის ემატებოდა რომ ალიმ საბუთები გააყალბა, გოგონას აიძულა ცოლად გაჰყოლოდა და რელიგიური მრწამსი შეეცვალა. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქალაქ კარაჩიში კათოლიკური ეკლესიის ლიდერები და ადამიანის უფლებათა წარმომადგენლები, აქციებისა და გამოსვლების ფონზე, სასამართლოსგან მოითხოვდნენ, რომ საქმე ბოლომდე გამოეძიებინათ.

პოლიციამ 44 წლის ალი აზჰარი მალევე დააკავა, გოგონა კი სასამართლოს დავის ქვეშ გადაიყვანა. საწყის ეტაპზე სასამართლომ საქმის გამოძიება ვერ დაიწყო, რადგან საბუთებში გოგონა სრულწლოვანი იყო და ის თავისი ნებით (საბუთებზე) თანხმდებოდა ქორწინებას, თუმცა მალევე  გამოძიებამ ყველა დეტალი გამოააშკარავა და სასამართლომ საბუთები გაყალბებულად ცნო.

"სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, დაიცვას თავისი მოქალაქეები, განსაკუთრებით მცირეწლოვანი გოგონები", - მოზარდის დაკარგვის დღეს ადგილობრივმა მთავარეპისკოპოსმა ჯოზეფ არშადამ საინფორმაციო გამოშვება "ქრუქს ნაუს" განუცხადა.

საქმეში პრობლემას რელიგიური ფაქტორიც ქმნიდა, გოგონას ქრისტიანობის მაგივრად საბუთებში ისლამი ეწერა, რადგანაც მოზარდს ამ დოკუმენტზე ხელი იძულებით მოაწერინეს. ამან მოზარდის მამა სალეჰ დიეგოს პროტესტი გამოიწვია: "გოგონა 13 წლის არის. მას არ შეუძლია გადაწყვიტოს რომელი რელიგიის წარმომადგენელი იქნება, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს ცხოვრებასა და რელიგიაზე სასწავლი".

ახლა გოგონა სასამართლოს დაცვის ქვეშ იმყოფება, რეაბილიტაციის პროცესს გადის და იმედოვნებენ რომ ის ოჯახს მალე დაუბრუნდება. დღეს, პაკისტანში კვლავ მძიმე სიტუაციაა, ქალებს თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ ათხოვებენ, ასაკსა და რელიგიას უცვლიან და სახლემწიფო ამ საკითხს სერიოზულად არ აღიქვამს. გაეროს ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, სამხრეთ აზიაში ბავშვთა ქორწინება კვლავ ჩვეულებრივი მოვლენაა. კვლევაში ნათქვამია, რომ პაკისტანში 20 წლის ასაკის ქალების თითქმის 25% 18 წლის ასაკში უკვე დაქორწინებულია.

ჰაქიდა ბაშირი 14 წლის აქტივისტია, რომელიც პაკისტანში ნაადრევი, იძულებითი ქორწინების პრობლემის აღმოსაფხვრელად იბრძვის. სკოლის შემდეგ ის ადგილობრივ მოსახლეობასთან მიდის და მსგავსი ფაქტების შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციას ავრცელებს. გოგონა ცდილობს საქმიანობაში მეტი ქალი ჩართოს და ეს პრობლემა სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მოაგვაროს. პაკისტანში გათხოვილ ქალთა უმეტესობას სჯერა, რომ ნაადრევი იძულებითი ქორწინება ნორმალურია, თუმცა მცირე ნაწილი ამას ცხოვრებისეულ პრობლემად მიიჩნევს. დღეს, იძულებით დაქორწინებულ წყვილთა უმეტესობა პაკისტანში არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება, თუმცა როგორც ჩანს, სახელმწიფოსთვის არც ეს წარმოადგენს დიდ პრობლემას.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)