"მე ყველაზე უმცროსი "ღიმილის ბიჭი" ვიყავი" - კვირის პალიტრა

"მე ყველაზე უმცროსი "ღიმილის ბიჭი" ვიყავი"

"კვირის პალიტრის" არქივიდან. მსახიობი გოჩა ლომია 2021 წლის 23 აგვისტოს გარდაიცვალა.

"ღიმილის ბიჭებს" ინტერნეტით ხშირად ვუყურებ ხოლმე, ჰოდა, შვილიშვილებს შეუყვარდათ ძალიან. "ბოლოკას" მეძახიან ეს მამაძაღლები"

ყველასთვის ცნობილი "ღიმილის ბიჭი", "ბოლოკას" როლის შემსრულებელი გოჩა ლომია სენაკში ცხოვრობს. ის ორგზის სენაკის საპატიო მოქალაქეა. სწორედ ამ ქალაქში აღმოაჩინეს, როცა რეზო ჩხეიძის გუნდი ფილმის პერსონაჟებს ეძებდა. მაშინ ბატონი გოჩა 15 წლის იყო, ახლა 67 წლისაა. დღეს ის "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- როგორ ხართ, ბატონო გოჩა?

- ქართველი პენსიონერივით, როგორც დროს შეეფერება. კარგად ვართ-მეთქი, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედით ვარ.

- რას ემყარება თქვენი იმედი? - მარტო ჩვენს თავზე ხომ არა ვართ დამოკიდებული, ეტყობა, რაღაც ცვლილებები უნდა მოხდეს. მერე შეიძლება უკეთესობისკენ წავიდეს ყველაფერი. უარესობისკენ ვეღარ წავა, მეტი უარესი რა გინდა, 90-იანებში ვეღარ დავბრუნდებით... ისე მეშინოდა, არჩევნების შემდეგ ზოგიერთს ისევ რევოლუცია არ აერჩია ბრძოლის გზად. მადლობა ღმერთს, მგონი, გადავრჩით. დრო უნდა ყველაფერს, როგორც რუსები ამბობენ, Москва не сразу строилась. ჩვენ თვითონაც უნდა გავანძრიოთ ზოგმა ხელი, ზოგმა ტვინი, რომ რაღაც უკეთესობისკენ დაიძრას. პრაქტიკული მთავრობა გვჭირდება, რომელიც ეკონომიკის განვითარებით იქნება დაინტერესებული, რომ ადგილობრივ მეწარმეს მეტი გასაქანი მიეცეს უცხოელ კონკურენტთან შედარებით. უამრავი ნაცნობი მყავს და ყველა ერიდება ბიზნესის დაწყებას, ეშინიათ. წალეკა ქვეყანა თურქულმა და ირანულმა პროდუქციამ.

წინასაარჩევნო დაპირებების ძალიან მჯერა-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ, მაგრამ მაინც მომავლის იმედი მაქვს. აქ ახალ სახეებს მაინც ვხედავ და ვინც ერთხელ არ გაამართლა, ის მეორე ჯერზეც არ გაამართლებს, გამორიცხულია. გახარიას იმედი მაქვს, მცოდნე, მეურნე კაცი ჩანს. კარგად მიჰყავს საქმე, თუ აცადეს. მაგრამ მარტო გახარია რას იზამს - ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ხომ გაგიგონიათ. გუნდი სჭირდება, დასაყრდენი, საქმიანი ადამიანები. კაცი საქმის გაკეთებაზე უნდა ფიქრობდეს, სამსახურის დაკარგვის, უპასუხისმგებლობისა და მაიმუნობისთვის სადღაც მოხვედრის უნდა ეშინოდეს, ანუ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს.

- ეპიდვითარებაზეც ვისაუბროთ. - ფაქტია, სადავეები გაექცათ, ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება. ვირუსი არჩევნების წინადღეებში შემოვიდა სენაკში, მანამდე ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო, ისიც კურორტებიდან ჩამოტანილი. მერე ფოთის დიდი კლასტერიდან გავრცელდა და ახლა დღე ისე არ გავა, 3-4 შემთხვევა არ დაფიქსირდეს. ხალხმა, როგორც იქნა, შეიგნო, რომ "კოვიდ-19" მართლა საშიშია და პირბადე აიფარა, ხელთათმანები გაიკეთა.

- ხომ უფრთხილდებით თავს? - სახლშიც პირბადით ვართ. თავს მაქსიმალურად ვუფრთხილდები. ჩ-ჰეპატიტი მაქვს გადატანილი.

- საავადმყოფოებში რა ვითარებაა? - სიტუაციის სიმძიმეს გააჩნია. ავადმყოფები ან ქუთაისში, ან ფოთში მიჰყავთ, მაგრამ იქაც ყველაფერი გადატვირთულია.

- როგორ გაგყავთ დრო? - ტელევიზორით, კროსვორდებითა და პენსიონერების ბირჟით. სპორტის გულშემატკივარიც ვარ, მაგრამ არასდროს მითამაშია ტოტალიზატორში. "ღიმილის ბიჭებს" ინტერნეტით ხშირად ვუყურებ ხოლმე, ჰოდა, შვილიშვილებს შეუყვარდათ ძალიან. "ბოლოკას" მეძახიან ეს მამაძაღლები. სესილი მეორეკლასელია, ანდრია - ბაღშია. სესილი ძალიან პრანჭიაა, სადმე წასვლამდე სამი კაბა რომ არ გამოიცვალოს, ვარიანტი არ არის. ანდრია ბატონი ძალიან გონებაგახსნილი ბავშვია. სესილის რომ ამეცადინებენ, ისმენს და იმახსოვრებს.

- მარტო შვილიშვილები გეძახიან "ბოლოკას"?

- არა, ვისაც გაუხარდება... ჩემს ბიჭს სამსახურში "ბოლოკიჩს" ეძახიან, სხვათა შორის, ეამაყება. მაგ სახელს და ფილმს კარგის მეტი ჩემთვის არაფერი მოუტანია.

- როგორ გახდით ერთ-ერთი "ღიმილის ბიჭი"? - შემთხვევით. 1967 წლის ზაფხულია. ახალი დათხოვილი ვართ სკოლიდან და ჩვენთან, სენაკში, "გარადოკში" ქართული სკოლელები რუსულ სკოლელებს ვეთამაშებით კალათბურთს. გადამღები ჯგუფის ავტობუსი სათამაშო მოედანთან სწორედ მაშინ გაჩერდა, როცა დამაჯარიმეს. მე გავბრაზდი, ვანჩხლობ, ვჭყიპინებ... უცებ დავინახე, რომ ავტობუსიდან ჩამოსული მამაკაცი, რომელიც რეჟისორის ასისტენტი აღმოჩნდა, მიყურებს და კვდება სიცილით. ამაზე სულ გავგიჟდი. ამასობაში ავტობუსის მგზავრებს ერთ-ერთი გამოეყო, გოჩა ლომია წამოგვყვეს, იბარებენო. ვიფიქრე, ვაი, ახლა გამაძრობენ ტყავს-მეთქი. მიმიყვანეს პიონერთა სასახლეში. თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონში, ყველა იქ დამხვდა. კინოში გადაღება გინდაო? - მკითხეს. ეგ ვის არ უნდა-მეთქი. ლექსი წაგვიკითხეო. პოეზიასთან ვერ ვმეგობრობ, თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი. კარგიო. მოვყევი და სული ძლივს მოითქვეს სიცილით. მერე ვინმეს პაროდია გააკეთეო, დამავალეს. თუ ცუდად არ დამიმახსოვრებს, ჩვენს სასწავლო ნაწილს გავცინებ-მეთქი. შენ მაგაზე არ იდარდოო, დამაიმედეს და ახლა ამაზე ვაცინე. ორი კვირის თავზე თბილისში კახა ქორიძესთან ერთად ჩამაწერინეს რამდენიმე სცენა და მახარეს, როლზე დაგამტკიცესო. დავფრინავდი სიხარულით.

- "ბოლოკას" მეგობრებთან ისევ მეგობრობთ?

- აბა, როგორ... კახა ქორიძე და ნუგზარ ბაგრატიონი ივლისში ვნახე, ცუდ ამბავზე კი შევხვდით, დედაჩემის წლისთავზე ჩამოვიდნენ.

- თაზო თოლორაიაზე გაიხსენეთ რამე, მგონი, ყველაზე მოუსვენარი იყო "ღიმილის ბიჭებს" შორის... - მაგაზე მაგარი კონკურენცია გვქონდა მე და თაზოს. ხან მე ვუგებდი, ხან ის. რაც კი სასაცილო და მამაძაღლობა ხდებოდა, ყველაფერი ჩვენი ხელიდან გამოდიოდა. დანარჩენები სტუდენტები ბრძანდებოდნენ, მე და თაზო - სკოლის მოსწავლეები. "ღიმილის ბიჭებს" შორის ყველაზე უმცროსი მე ვიყავი.

ზამთრის სცენები ყველა კიევშია გადაღებული. სასტუმროში ვცხოვრობდით და ყოველ ღამე სასწრაფო დახმარების მანქანა მოდიოდა ქალბატონ ნინა მანჯგალაძესთან, კოსტიუმების მხატვართან. ვერავინ გაიგო, ვინ იძახებდა. გამოხდა ხანი და გაირკვა, თურმე ბატონი რეზო ჩხეიძე იძახებდა.

- ალბათ, ყველას თქვენზე ეგონა, ხომ? - აბა, ბატონ რეზოზე ვინ იფიქრებდა.

- როგორ "გასკდა" ეს ამბავი? - "ღიმილის ბიჭები" იყო პირველი ფილმი, რომელიც სენაკის ახალაშენებულ კინოთეატრში აჩვენეს. ჩვენებაზე მთელი ჯგუფი დაპატიჟეს. პრემიერის შემდეგ ყველამ ჩვენს ოჯახში მოვიყარეთ თავი და სწორედ მაშინ გასკდა ეს ამბავიც. ფილმის დირექტორმა შოთა ლაფერაძემ, გენიალურმა კაცმა, სადღეგრძელოში შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამაზე თავს ვერ დავდებ, ახსენა. კიდევ კარგი, ქალბატონი ნინა იქ არ იყო. ბატონ რეზოს ულვაშებში ეცინებოდა, რაც დასტურის ნიშანი იყო.

- როგორი იყო გადასაღებ მოედანზე ან პირად ურთიერთობაში ბატონი რეზო? - დიდებული კაცი იყო, კონტაქტური, ყურადღებიანი, ხოლო გადასაღებ მოედანზე - ძალიან მკაცრი.

არ დამავიწყდება, გადაღების დროს 62-ე სკოლაში ვსწავლობდი, თბილისში. ბუნებრივია, ხშირად ვაცდენდი. ფიზიკის მასწავლებელმა, მე მაგას ნიშანს არ ვაღირსებო. ვეხვეწე, ვემუდარე, ვერაფერს გავხდი. ეს ამბავი ბატონმა რეზომ რომ გაიგო, მისი მოადგილე და 7 "ღიმილის ბიჭი" გაგვიშვა თინა მასწავლებლის გულის მოსალბობად. დირექტორის კაბინეტში ვიდექით ყველანი, ქალბატონი თინა რომ შემოვიდა. უთხრეს, გაიცანით, ერთ წელიწადში ამ ბიჭებს მთელი ქვეყანა გაიცნობსო და გული მოულბა...

- უცნაურია, რომ მსახიობობა არ მოინდომეთ. - ეგ იმის ბრალია, რომ დეტექტივების კითხვას გადავყევი. ამიტომ იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა კომუნისტურ წარსულში არ აღმოჩნდა იურისტის პროფესია ისეთი საინტერესო, როგორიც წიგნების ფურცლებზე ჩანდა. მერე ერთხანს ადვოკატურას მოვეკიდე.

- თქვენს რჩეულზე მიამბეთ, წარმომიდგენია, პოპულარულ "ღიმილის ბიჭს" რამდენი გოგო გაეპრანჭებოდა. - სწორედ მაგიტომ 31 წლისა დავოჯახდი. ჩემი რჩეული დოდო ცეკვავაა, გადასარევი ქალი, 3 შვილი და ბედნიერი ოჯახი მაჩუქა.