აფხაზეთში ქართველების სახლებს რუსები, სომხები და აფხაზები იყოფენ - კვირის პალიტრა

აფხაზეთში ქართველების სახლებს რუსები, სომხები და აფხაზები იყოფენ

ჩვენი რესპონდენტი აფხაზეთიდან დევნილია. თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოჩამჩირელ ქართველზე იქორწინა, ბარიერებს არ შეუშინდა და ცხოვრება აფხაზეთში გააგრძელა...

"მეექვსე თვეა, ოჩამჩირეში ქმართან ერთად ვცხოვრობ. მას დეიდისა და მამიდის მხრიდან ორივე ბიძა აფხაზი ჰყავს, სოხუმში ცხოვრობენ და მათთან ხშირად დავდივართ... ოჩამჩირე ძალიან ჰგავს ჩერნობილს, თუმცა ის ქუჩა, სადაც ჩვენი სახლია, შედარებით ცოცხალია. მისი პარალელური გუდაუთის ქუჩა კი, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ და მთელი ბავშვობა გავატარე, თავზარდამცემია...", - ამბობს მარიამი.

მარიამი, 34 წლის: - ჩემი ოჯახი ოჩამჩირეში, ღალიძგასთან ცხოვრობდა. ჩვენს სახლში ჯერ სომხები შესულან, შემდეგ აფხაზები, რომელთაც სახლი საოჯახო სასტუმროდ გადაუკეთებიათ, თუმცა ერთხელაც ელექტროგაყვანილობის გაუმართაობის გამო ხანძარი გაჩენილა და ომს გადარჩენილი სახლი დაიწვა. აფხაზ "პატრონს" ნარჩენები ჩალის ფასად მიუყიდია ვიღაც აფხაზისთვის, რომელსაც საყოფაცხოვრებო მაღაზია ჰქონია...

ჩემს ძველ სახლთან რომ გავიარე, მის ადგილას ვიტრინებიანი შენობა დამხვდა. როგორ ცხოვრობთ ამდენი ცარიელი და დანგრეული სახლის გარემოცვაში-მეთქი, ვკითხე მეზობელ ქალს, რომელიც სისხლის ანალიზის ასაღებად ლაბორატორიაში გამყვა. სასაფლაოზე ცხოვრებას ჰგავს, მაგრამ შევეჩვიეთო...

ლაბორატორიის დანახვაზე ჩემი გაოცებული სახე რომ დაინახა, გაეცინა, აბა, რა გეგონა, თბილისიდან აქ რომ გადმოხვედი საცხოვრებლადო... ფეხმძიმედ ვიყავი და ვინმესგან რამე რომ არ გადამდებოდა, საათ-ნახევარზე მეტხანს ფეხზე ვიდექი. აქ ადგილის წინასწარ დაჯავშნის კულტურა არ არსებობს - ზოგი "კოვიდ-19"-ის ტესტირებაზე იყო, ზოგი ჩ-ჰეპატიტის. როგორც ახლობელმა ამიხსნა, ე.წ. სახელმწიფო პროგრამის პირველად ანალიზზე აქ დადიოდნენ შიდსიანი ქალებიც.

მორყეულკარიანი ოთახის გავლის შემდეგ, სადაც მთელი განათება ჩახლართული კაბელიდან გამოყოფილი ერთი პატარა ნათურა იყო, შევედი შედარებით მოწესრიგებულ კაბინეტში, სადაც მაგიდასთან ძალიან დაღლილი, მაგრამ ყურადღებიანი ექიმი იჯდა. საბჭოური ხელსაწყოებით მომემსახურნენ და გამაფრთხილეს, რაც შეიძლება იშვიათად მევლო ხალხმრავალ ადგილებში, განსაკუთრებით, სამედიცინო დაწესებულებებში და ხშირი მოხმარების მედიკამენტები მომემარაგებინა.

- აფთიაქებში დეფიციტია? - დიახ, განსაკუთრებით გაცივებისას გამოსაყენებელი მედიკამენტების: პარაცეტამოლის, ნუროფენის, ციტრამონის, სტრეპტოციდის. ჩაის სახით მისაღები პრეპარატები კი იყო, ოღონდ ძვირი ღირდა, სამმაგი... ზოგი სახლში მკურნალობს და წამლებს იმარაგებსო, ამიხსნა ფარმაცევტმა და სოხუმში წასვლა მირჩია, იქ მეტი არჩევანიაო...

სოხუმს კარგად არ ვიცნობ და გადავწყვიტე მეუღლესთან ერთად წავსულიყავი. რადგან საქალაქო ტრანსპორტი, ფაქტობრივად, არ არსებობს, რომ გაიგებენ, ერთი ქალაქიდან მეორეში ავტომობილით მიდიხარ, აუცილებლად დაგემგზავრებიან. ზოგი საქმეზე მიდის, ზოგი ექიმთან ან ახლობლის სანახავად, რაღაცის საყიდლად ან გაისეირნებს მაინც...

ამჯერადაც გამოგვყვა ორი ახალგაზრდა აფხაზი მამაკაცი: ერთი ბაღაფშის პრეზიდენტობის წლებში თანამდებობის პირი იყო, ფული იშოვა და ნარკოტიკზე შეჯდა. აქ ასეა, თუ ფული აქვთ, ნარკოტიკის მოხმარებას იწყებენ, რომ დახარჯავენ, ლოთობენ ან "საქართველოში" გარბიან მეტადონის პროგრამაზე. უმეტესობა ზუგდიდშია აღრიცხვაზე...

"ამ სახლში ქართველი მხატვარი ცხოვრობდა. პერიოდულად ჩამოდიოდა, მაგრამ ახლობელი აფხაზის სახლში ჩერდებოდა და სოხუმის პეიზაჟებს ხატავდა. მერე აფხაზებმა თავის სახლში დარჩენის ნებაც დართეს - დანგრეულ შენობაში ორი ოთახი მოაწყო, ოღონდ უბნის ლოთები და ნარკომანები მოსვენებას არ აძლევდნენ, სულ მასთან იყვნენ, - მიყვება მეორე აფხაზი და სოხუმში ერთ-ერთ დანგრეულ შენობაზე მიმანიშნებს - ოდესმე ამ სახლებს უნდა ეშველოს და რაც უფრო ადრე, მით უკეთესი, სანამ კიდევ შეიძლება მათი გამოყენება, თორემ თუ ჩამოიქცა, ვის რაღად უნდა".

მერე უცებ მომიბრუნდა და მკითხა: "თქვენ არ გქონდათ აქ სახლი?" "კი, როგორ არა", - ვუპასუხე დაბნეულმა... ყველა დაიძაბა... "მე ვფიქრობ, ვისაც არ უბრძოლია, ის ქართველები უნდა დაბრუნდნენ, სანამ რუსებსა და რუსეთის მოქალაქე სომხებს არ შეუსყიდიათ მთელი აფხაზეთი. ეს ხომ კატასტროფა იქნება, ჩაგვყლაპავენ, ეს დღე გარდაუვალია. წლებია ნიადაგს სინჯავენ, მარყუჟს თანდათან გვიჭერენ. უკვე მთავრობაშიც ჰყავთ ლობი. აქაურ სომხებს გული მისდით, ისე უნდათ ამ სახლების ყიდვა. აფხაზებშიც არიან მსურველები, ისინი, ვისაც აქაურობა მხოლოდ ბიზნესისთვის უნდა. მე ჯანმრთელობა შერყეული მაქვს და იმედია, ამ დღეს ვერ მოვესწრები", - ასე დაასრულა საუბარი ჩვენმა მგზავრმა და განერვიულებულმა სიგარეტს მოუკიდა. მინდოდა თქმა, კი მაგრამ, ქართველები აქ ვცხოვრობდით, ვმუშაობდით, ჭირსა და ლხინში ერთად ვიყავით, რა გინდოდათ, რისთვის დაიწყეთ ეს ყველაფერი-მეთქი, მაგრამ გავჩუმება ვარჩიე...

რამდენიმე დღის მერე ვიღაც აფხაზი ჩემი ქმრის ოჯახში მოვიდა და მკითხა, თუ გუდაუთის ქუჩაზე მდებარე ბებია-ბაბუის სახლს გადმომიფორმებთ, ან ძველ პატრონთან დაკავშირებაში დამეხმარებით, პატივისცემა ჩემზე იყოსო... უცებ წარმოვიდგინე ბიძაჩემის სახე, როცა ვეტყოდი, მამაშენის სახლის გადაფორმება შენ უკან მანქანების ხელოსანი აფხაზი რომ ცხოვრობდა, იმას უნდა-მეთქი და, სიტყვა გამიწყდა. ვუთხარი, სახლის პატრონს ვეტყვი, მაგრამ არა მგონია, დათანხმდეს-მეთქი.

აფხაზეთში უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის საკითხი წამოიჭრა...

აფხაზეთში უცხოელებისთვის, კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მიღებისა და ჩაწერის გარეშე უძრავი ქონების მიყიდვის შესახებ დებატების განახლებამ აფხაზები გააღიზიანა, რადგან შიშობენ, თუ ეს დაუშვეს, ისინი უმცირესობაში აღმოჩნდებიან. ამიტომ წლების განმავლობაში არაერთხელ წამოჭრილ ამ საკითხს ემოციური განხილვები მოჰყვა...

ახლახან ასლან ბჟანიამ რამდენიმე ინიციატივა წამოაყენა, მათ შორის "აფხაზური და რუსული კანონმდებლობების ჰარმონიზაციისთვის" საჭირო პუნქტები და უძრავი ქონების ბაზრის ლიბერალიზაციის პროექტი. "ცვლილებების შეტანა აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებით იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინც აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნო", - ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის ინიციატივაში.

მას მომხრეებიც გამოუჩნდნენ, "დეპუტატი" ნათელა აკაბა ირწმუნება, რომ "ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალი პროექტებისთვის, აპარტამენტების მშენებლობა და აფხაზეთში სამუშაო ადგილების შექმნა აუცილებელია... ოღონდ საჭიროა ამ საკითხს პასუხისმგებლობით მივუდგეთ, ინდივიდუალურად განვიხილოთ ყველა პოტენციური მყიდველი", - დასძენს ის.

სხვების თქმით, ინვესტორის მოზიდვა უძრავი ქონების მიყიდვის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ "აფხაზეთში აპარტამენტების შეძენა იმ პირებმაც უნდა შეძლონ, ვისაც არც მოქალაქეობა აქვს და არც ჩაწერა. ამ ინიციატივას აქვს გამართლება - ქალაქები ცარიელდება და მრავალსართულიან შენობებში ხეები ამოდის. რომელი უფრო დანაშაულია - უძრავი ქონების უცხოელებისთვის მიყიდვა თუ ქვეყნის მიზანმიმართული ნგრევა მაშინ, როცა მისი აყვავების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს?" - კითხულობენ ისინი.

სხვების თქმით, საუკეთესო ვარიანტია უძრავი ქონების აფხაზთა დიასპორისთვის შეღავათიან ფასად შეთავაზება. მათ, ვისაც უცხოეთში ბიზნესი აქვს, "თუ სურთ, იყიდონ მთელი აფხაზეთი... ვინმემ შესთავაზა და უარი გვითხრეს?.. არა იმიტომ, რომ უძრავი ქონების ბაზარი პოლიტიკური საკითხია, ხელისუფლება დივიდენდებს ელოდება და, ალბათ, იღებს კიდეც. სწორედ ეს არის პრობლემა, - ამბობს აფხაზი ბიზნესმენი კადირ არგუნი, - ხელისუფლება ადგილობრივ ბიზნესმენებს განზრახ ბლოკავს, რაც შემთხვევითი არ არის".

აფხაზების მტკიცებით, უძრავი ქონების უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხი რუსეთიდან წამოიჭრა, სადაც კარგად მუშაობს სომხური დიასპორა. ბოლო 25 წლის განმავლობაში სომხეთიდანაც ბევრი ინვესტიცია შევიდა... რამდენიმე კვირის წინ რუსულ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კითხვას, აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლებების შეზღუდვის შესახებ, უპასუხა: "მოსკოვი დაუბრუნდება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის ეთნიკური რუსებისა და ეთნიკური ქართველების საკუთრების საკითხს".