"ყოვლად მიუღებელია ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ხალხის ასე გამეტება როგორ შეიძლება?!" - კვირის პალიტრა

"ყოვლად მიუღებელია ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ხალხის ასე გამეტება როგორ შეიძლება?!"

"ყველა კერძო და მცირე ბიზნესი გაკოტრდა, ხალხს ისე შემოუტია ვირუსმა, ახლა ადამიანების სიცოცხლე დგას პირველ ადგილზე. ვინც არ ემორჩილება შეზღუდვებს, დიდი ჯარიმებია დაწესებული"

ჩვენი რესპონდენტი მანანა გოგოლაძე წლებია ესპანეთში ცხოვრობს და მუშაობს. ის ქალაქ ალიკანტეს ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელია და იქ მცხოვრებ ქართველებსა და პანდემიასთან მებრძოლ ესპანეთზე გვესაუბრება.

- ესპანეთში დაძაბული ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტალღას ელოდნენ, ასეთი შედეგი მაინც მოულოდნელი იყო. უმკაცრესი ზომებია მიღებული, მთელი ესპანეთი ჩაკეტილია. ქალაქიდან ქალაქში ვერ წახვალ, თუ სათანადო მიზეზი არა გაქვს. ღამის 11-დან დილის 6 საათამდე საყოველთაო კარანტინია. რეგიონებში, სადაც ბევრი შემთხვევაა, სახლიდან გამოსვლის უფლებაც არა აქვთ. სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს. 6 თვით გადაუვადეს კომუნალური გადასახადები იმ პირებს, ვინც უმუშევარი დარჩა, დაწესებულია სოციალური დახმარებები. მე ასეთი გაჭირვებული ესპანეთი არ მინახავს. საათობით რიგებში დგანან პროდუქტების ასაღებად, რომლებსაც სოცსამსახურები და სხვა ორგანიზაციები არიგებენ.

მეორე ტალღამ მოლოდინს გადააჭარბა. ხალხმა სერიოზულად არ მიიღო მოსალოდნელი საფრთხე, დაიწყო მრავალრიცხოვანი შეკრებები, გახსნეს ღამის კლუბები, რასაც ვირუსის აფეთქება მოჰყვა. გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა. მართალია, სამედიცინო მომსახურება უფრო მოწესრიგდა, მაგრამ თუ გართულება არ არის, საავადმყოფოში არავის ათავსებენ, ვერც ექიმთან მივდივართ, სატელეფონო კონსულტაციას გვიწევენ.

- საქართველოში თავს იკავებენ სრული ლოკდაუნისგან. ამბობენ, რომ ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ჯობს წერტილოვანი შეზღუდვებით გავუმკლავდეთ ვითარებას. - ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ესპანეთს ასე გაუჭირდებოდა. ქვეყანამ, რომლის ეკონომიკის 50% ტურიზმით დგას ფეხზე, ჩაკეტა საზღვრები, დაკეტა სასტუმროები და შეამცირა ავიარეისები. ყველა კერძო და მცირე ბიზნესი გაკოტრდა, ხალხს ისე შემოუტია ვირუსმა, ახლა ადამიანების სიცოცხლე დგას პირველ ადგილზე. ვინც არ ემორჩილება შეზღუდვებს, ჯარიმებია დაწესებული.

- პიკს როდის ელიან? - როგორც ამბობენ, უკვე პიკია, მაგრამ ძალიან გაგრძელდა, არ მცირდება ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი.

- რა პრობლემები შეექმნათ ქართველებს? - ჩვენი დიასპორა პირველივე დღიდან ეხმარება თანამემამულეებს. კავშირი გვქონდა ბარსელონის საკონსულოსა და საელჩოსთან, სამრევლოებსა და სხვა დიასპორულ ორგანიზაციებთან. ჩვენი დიასპორა 100-მდე მოქალაქეს დაეხმარა პროდუქტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით.

ის, ვინც ლეგალურად მუშაობდა და კოვიდის გამო დარჩა უმუშევრად, სახელმწიფო დახმარებას მიიღებს, არალეგალებს კი ძალიან უჭირთ. ზოგს უკან დაბრუნება უნდა და ვერ ახერხებს. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ბევრ ჩვენს თანამემამულეს დაეხმარა, შედგა საგრანტო პროექტი დიასპორული ორგანიზაციების დასახმარებლად. ჩვენი დიასპორა ერთ-ერთი გამარჯვებულთაგანია ამ პროექტში. ვეხმარებით უსახსროდ დარჩენილ მოქალაქეებს. განახლდა სწავლა ქართულ საკვირაო სკოლაში.

- ალბათ, ქართველები შეძლებისდაგვარად ზრუნავთ ერთმანეთზე. - ვცდილობთ ამ ჟამიანობის დროს ერთმანეთს შევუმსუბუქოთ ყოფა. სანამ მკაცრი შეზღუდვები დაწესდებოდა, მოვასწარით და შემოდგომა ვიზეიმეთ ალიკანტეში. ჩურჩხელები ამოვავლეთ და თან კარს ვდარაჯობდით, რომ არავინ შემოსულიყო, რადგან ნორმით გათვალისწინებულზე ცოტა მეტი ვიყავით. ესპანელები ძალიან ცნობისმოყვარე ხალხია და ერთმა მეზობელმა მაინც შემოიხედა.

ვუთხარი, ჩვენი ტრადიციული რიტუალია, საახალწლოდ ვამზადებთ ამ ტკბილეულს-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ მითხრა, უცნაური ხალხი ყოფილხართ ქართველები, საახალწლოდ სანთლებს რომ ჭამთო.

- ამჯერად პროგნოზი როგორია? - ესპანელები დიდი სიხარულით შეხვდნენ ახალი ვაქცინის შესახებ ინფორმაციას. ვნახოთ, რა მოხდება...

პანდემიასთან ბრძოლის პირველ ტალღას საქართველო კარგად გაუმკლავდა. ყველას დაბრუნება სურდა...

ძალიან ვღელავთ და ყოვლად მიუღებელია ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ხალხის ასე გამეტება როგორ შეიძლება?! მსოფლიოში პანდემია ბობოქრობს, მილიონობით დაინფიცირებულია, ბევრი დაიღუპა, ჩვენ კი ვუყურებთ მომიტინგეებს, რომლებიც დისტანციას არ იცავენ, ბევრს არც პირბადე უკეთია. გაუფრთხილდით ერთმანეთს, ხალხო!