"ერთმანეთი 7 წლის წინ გავიცანით კიოტოში და იმ დღის შემდეგ ერთად ვართ" - კვირის პალიტრა

"ერთმანეთი 7 წლის წინ გავიცანით კიოტოში და იმ დღის შემდეგ ერთად ვართ"

"ამომავალი მზის ქვეყნის უცნაური ტრადიციები"

მარიამ ბეჟანიშვილი უკვე 8 წელზე მეტია იაპონიაში მეუღლესთან, კოსუკე ინაბასთან ერთად ცხოვრობს და კიოტოს პრეფექტურაში მუშაობს. წყვილმა საქართველოში იქორწინა. მარიამი კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა და ბევრ საინტერესო ამბავთან ერთად იაპონურ ტრადიციებზეც გველაპარაკა.

- რატომ დაინტერესდით იაპონიით და იაპონური ენის შესწავლით?

- თავდაპირველად ენის სირთულემ დამაინტერესა - მეშვიდე კლასში ესპანურსა და იაპონურს შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ესპანური მარტივად მომეჩვენა და ვიფიქრე, მის სწავლას ყოველთვის შევძლებ-მეთქი, ამიტომაც მესამე უცხო ენად იაპონური დავიმატე.

- გაგიჭირდათ შესწავლა? - იაპონურ ენაში ორი ანბანია, ამას დამატებული უამრავი იეროგლიფი. ანბანის სწავლა არ გამჭირვებია, არც სასაუბრო ენის, გრამატიკაც მარტივია.

სამაგიეროდ, იეროგლიფები დღემდე ჩემი თავსატეხია. 12 წლიდან ვსწავლობ და მარაგი მაქვს, მაგრამ ითვლება, რომ 10 000-მდე იეროგლიფი უნდა იცოდე ენის სრულყოფილად ცოდნისთვის. ამდენი იაპონელებმაც არ იციანო, მამშვიდებენ ხოლმე. ალბათ, მე 10 000 იეროგლიფს ვერასდროს დავიმახსოვრებ.

ახლა, როცა სხვებს ვასწავლი იაპონურს ("ფეისბუკზე" ჯგუფი მყავს), ჩემს მოსწავლეებსაც უჭირთ იეროგლიფების შესწავლა.

აქ 8 წლის წინ ჩამოვედი იაპონიის განათლების სამინისტროს დაფინანსებით, 3-წლიანი მაგისტრატურის პროგრამით.

ჩემიანებს არ ეგონათ, თუ გავბედავდი და წამოვიდოდი. თავიდან გამოცდებზე მგულშემატკივრობდნენ, მაგრამ საბოლოო პასუხზე რომ დამირეკეს, დედას პირველი სიტყვა "ვაიმე" იყო.

თავიდან კიოტოში ჩამოვედი. 6 თვეს ოსაკაში ვიცხოვრე და მალევე ისევ კიოტოში გამოვიქეცი. ვცხოვრობ ცნობილი სასახლის - ნიჯოს მიდამოებში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია და იაპონიის ეროვნული საგანძურია.

- როგორია იაპონელების ცხოვრების წესი, როგორ მიგიღეს? - ცხოვრების ტემპი ძალიან სწრაფია. კიოტოელებს არ უყვართ უცხოელები, ტურისტებს მაინცდამაინც ტკბილად არ ექცევიან, თუმცა მე უკვე როგორც თავისიანს, ისე მექცევიან. მკაცრები არიან, დიდ ყურადღებას აქცევენ ეტიკეტს, ქცევას, მოძრაობას, სიტყვებსაც კი. დღემდე ვერ შევეგუე ბევრ რამეს, რადგან არ მიყვარს შეზღუდვები, აქ კი უამრავი შეზღუდვაა.

იაპონელები საოცრად შრომისმოყვარენი არიან და სამსახურში დიდ დროს ატარებენ, სამუშაოს თავს აკლავენ. ძალიან მომეწონა წესრიგი და სისუფთავე ქუჩებში, რიგს ყოველთვის იცავენ. ტრანსპორტი დათქმულ დროზე მოდის და ზუსტად დათქმულ დროს მიგიყვანს დანიშნულების ადგილას.

არ მომწონს, ყველას ერთი სტილის ტანსაცმელი რომ აცვია. რაღაცნაირი ფერმკრთალია გარემო, მე კი ფერადოვნება მიყვარს და ამიტომ როცა გარეთ გავდივარ, ყურადღებას ვიქცევ, თუნდაც ქერა თმით და მასში შერეული ვარდისფერი ელემენტებით...

განსაკუთრებით გამაკვირვა ერთმა იაპონურმა ტრადიციამ - რამდენიმე წლის წინ კოსუკეს 80 წელს გადაცილებული ბებია გარდაეცვალა. წავედით ნარაში, სადაც კოსუკეს დედა ცხოვრობს.

ჩემმა დედამთილმა, ბებოს იქით ოთახში სძინავსო. რანაირად სძინავს-მეთქი, კი ვიფიქრე, მაგრამ რას ვიტყოდი? გავედით ოთახში და ვხედავ, ძირს ლოგინია გაშლილი (ძველებურ სახლებში იატაკზე სძინავთ) და წევს გარდაცვლილი. ეს კიდევ არაფერი, მაგრამ ბებიას ოთახში ვივახშმოთო, რომ თქვა, თვალები შუბლზე ამივიდა. სუფრა გაშალეს და იქვე დაიწყეს ჭამა, მე კი კრიჭა შემეკრა. რას შევჭამდი, გვერდით ბებია ესვენა.

დილას მოიტანეს ყუთი - 4 ფიცარს გარედან თეთრი ატლასი ჰქონდა გადაკრული. ჩაასვენეს ბებია და ჩაულაგეს ფული, ყველანაირი საჭმელი, ხილი, რაც უყვარდა, და გადაასვენეს რიტუალების სახლში. იქ ორ დღეს ასვენებენ პანაშვიდებისთვის.

შესასვლელში არის მიმღები, სადაც ხალხი კონვერტით ტოვებს ფულს, 5.000-დან 30.000 იენამდე, ოღონდ ქაღალდის ფულის ოდენობა არ უნდა უდრიდეს 4-ს, რადგან 4 სიკვდილს ნიშნავს. ამიტომ კონვერტში უნდა ჩადოთ, მაგალითად, ხუთი ცალი 1000-იენიანი, ორი ცალი 5.000-იენიანი და 1 ცალი 10.000-იენიანი და ა.შ..

სიაში ჩაწერთ სახელს და გვარს, მისამართს და შეხვალთ პანაშვიდზე, რომელსაც ბუდისტი ბერი გადაიხდის. სამძიმარზე მისულები სხდებიან (წრეს არ უვლიან ჩვენსავით). ლოცვის დროს ყველას ხელში კრიალოსანი უჭირავს. ბერი წვავს სპეციალურსუნიან რაღაცას, საკმეველივით... მეორე დღეს, გასვენების შემდეგ, კრემაციისთვის განკუთვნილ ადგილას წავედით...

ერთ, არც ისე დიდ ოთახში აკლდამასავით უზარმაზარი რამდენიმე ღუმელი იყო. უკანასკნელად გამოვემშვიდობეთ მიცვალებულს, შემდეგ კუბოიანად ქვის გრძელ მაგიდაზე მოათავსეს და ღუმელში შეუშვეს. კარი რომ დაიკეტა, კოსუკეს ბიძას უთხრეს, ღილაკისთვის თითი დაეჭირა. ისე ცუდად გავხდი, მეგონა, გული წამივიდოდა...

რამდენიმე საათის შემდეგ გამოაღეს ღუმლის კარი და გამოაცურეს დაფერფლილი ბებია. ბოლომდე არ იყო დაფერფლილი. ყველას დაურიგეს დიდი ჩხირები. ის იყო, გავიფიქრე, ნეტავ რას აპირებენ-მეთქი და, მაშინვე მეც მომაჩეჩეს. კოსუკემ ამიხსნა, ჩხირებით დარჩენილი დიდი ძვლები უნდა ჩავაწყოთ სპეციალურ ქილასა და ყუთშიო. ბოდიში მოვიხადე და უარი ვთქვი. მოშორებით დავდექი და ვუყურებდი, როგორ აწყობდნენ ძვლებს სათავსში.

მთავარი რიტუალი 49 დღის შემდეგ იმართება - ძვლებს სპეციალურად მომზადებულ საფლავში ათავსებენ. ქილაში მოთავსებული ძვლების ნაწილი შეგიძლიათ სახლში გქონდეთ, სადმე გაფანტოთ ან შესაბამისი ბუდისტური მიმდინარეობის ტაძარში მიაბაროთ...

- მოდი, ეს მძიმე თემა შევცვალოთ და მოგვიყევით თქვენს მეუღლეზე - რას საქმიანობს, როგორ გაიცანით ერთმანეთი? - ჩემი მეუღლე პილოტია, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა პროფესიით მუშაობა და უკვე მერვე წელია, ტურისტულ ბიზნესშია, საკუთარი კომპანია აქვს. ერთმანეთი 7 წლის წინ გავიცანით კიოტოში და იმ დღის შემდეგ ერთად ვართ. საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვედით. მაშინ უცებ გადავწყვიტეთ და მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით ქორწილი გადავიხადეთ. საქართველოდან დაუვიწყარი მოგონებებით წამოვედით. როგორც ქართველები, ასევე იაპონელებიც ინდივიდუალურები არიან ოჯახში - ზოგი ცოლს ეხმარება ბავშვების აღზრდაში, ზოგი მუშაობს და ეს საკმარისი უნდა იყოს ცოლისთვის. უმეტესად ქმრები მუშაობენ და ცოლები დიასახლისობენ. ჩვენ ერთად ვაკეთებთ საოჯახო საქმეს, თუ რომელიმეს არ გვცალია, მაშინ ერთ-ერთი ვითავებთ. კოსუკე ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანია.

- თქვენს გვერდზე წერდით, რომ იაპონიის განათლების სამინისტროს განცხადებით, 2019 წელს სკოლებში დაფიქსირებულა 672 496 ბულინგის შემთხვევა. საინტერესოა, რატომ? - 2013 წელს დაიწყეს ბულინგის პრევენციაზე მუშაობა, მას შემდეგ, რაც მოსწავლემ სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.

ახალი კანონით, სკოლაში ჩხუბი და დაცინვაც ბულინგად ითვლება. აქ ბავშვებს ასწავლიან, რომ არავისთან დამარცხდნენ. შესაბამისად, როცა გინდა, რომ პირველი იყო, გიწევს შენზე სუსტის დაჩაგვრა. ჩაგრავენ გარეგნობის, ან განსხვავებული ინტერესების, რასის გამო.

მე მქონდა ასეთი შემთხვევა - ჩემმა მოსწავლემ, რომელსაც ინგლისურს ვასწავლიდი, მთხოვა დავხმარებოდი ერთ უზბეკ ბავშვს საბავშვო ბაღში. გოგონამ იცოდა ცოტა იაპონური და არ უჭირდა თანატოლებთან კონტაქტი, მაგრამ სათვალე ეკეთა და ამის გამო არავინ ეთამაშებოდა. პირველად რომ მივედი ბაღში, ყველა მოცვივდა, ე.წ. ჯგუფის ავტორიტეტებიც, ჩემთან უნდოდათ თამაში. რამდენჯერმე მივედი მათთან და იმდენი შევძელი, რომ ბავშვები ერთმანეთს დავამეგობრე. ავუხსენი, რომ ყველა ერთნაირი ვართ და ერთად უნდა ვითამაშოთ.

- "ბურაკუმინ-ბურაკუ" - ასე უწოდებენ სოფლის ღატაკ მცხოვრებს. მათზე არ საუბრობენ, რატომ ითვლება ეს ტაბუდადებულად? - ეს არის დისკრიმინირებული იაპონური მოსახლეობის ჯგუფი. ამაზე არავინ ლაპარაკობს, ეს თემა იაპონიაში ტაბუდადებულია. ბურაკუმინ-ბურაკუს უწოდებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სოციალური იერარქიის ყველაზე დაბალი ფენაა, ე.წ. შეუხებლები. ბურაკუმინები აკეთებენ ყოველგვარ ჭუჭყიან საქმეს. იგულისხმება ყველა ხელობა, რაც სიკვდილთან არის დაკავშირებული, მაგალითად, ცხოველების დაკვლა-გატყავება, აბორტები, ისინი იყვნენ ჯალათებიც. ხშირად ხდებოდნენ დისკრიმინაციისა და საზოგადოებიდან გარიყვის მსხვერპლნი, ცხოვრობდნენ გარიყულ სოფლებსა და გეტოებში და მათ არავინ ეკარებოდა. ბურაკუმინის სტატუსი ოფიციალურად გაუქმდა და დაიგმო 1868 წელს, მაგრამ მათი შთამომავლების ჩაგვრა დღემდე გრძელდება. დღემდეა ისეთი უბნები (კიოტოშიც კი), სადაც გაივლით და მიხვდებით განსხვავებას. თუ ახლოს არის საყასბოები, ტყავის ან ბეწვის მაღაზიების ბანერები, დიდი შანსია, მათ უბანში იყოთ. ახლა არავის არაფერს უშავებენ და არც კრიმინალები არიან. გადატანილი ჩაგვრის გამო არ იხდიან გადასახადებს და როგორც ვიცი, პრივილეგიებითაც სარგებლობენ.

- იაპონური სამზარეულო თუ მოგწონთ, ან მათ თუ დააგემოვნებინეთ ჩვენი სამზარეულო?

- რამდენიმე წლის წინ ერთმა იაპონელმა ბიზნესმენმა მოინდომა ქართული რესტორნის გახსნა და მე დავეხმარე. ამ სფეროში სრულიად გამოუცდელმა შეფადაც კი ვიმუშავე. რესტორნის პატრონს ქართული საჭმელების იაპონელებზე "მორგება" სურდა, მაგრამ მე ძალიან ვეცადე და შევუნარჩუნე ქართული გემო. არც შევმცდარვარ - იაპონელებს ძალიან მოსწონდათ ჩიხირთმა, ჩახოხბილი, ხარჩო, ხაჭაპური, მწვადი, კიტრი-პამიდვრის სალათა კახური ზეთითა და სვანური მარილით... სამწუხაროდ, რესტორანი დაიკეტა, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და თავის დანებება მომიხდა, სხვა კი არავინ იყო, რომ ჩემი საქმე გაეგრძელებინა. ახლა აქ შქმერულის ბუმია, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს საელჩოს იაპონიაში. შქმერულის ნახევარფაბრიკატი უდიდეს ქსელურ მარკეტშიც იყიდება.

ნინო ჯავახიშვილი