"ყველა პრობლემას ქართული ცეკვით ვშველი...როგორ მინდოდა ჩემი "შოკოლადკებისთვის" "აჭარულის" კაბების შეკერვა და სცენაზე გაყვანა" - კვირის პალიტრა

"ყველა პრობლემას ქართული ცეკვით ვშველი...როგორ მინდოდა ჩემი "შოკოლადკებისთვის" "აჭარულის" კაბების შეკერვა და სცენაზე გაყვანა"

"რომ იცოდეთ, როგორ მინდოდა ჩემი "შოკოლადკებისთვის" "აჭარულის" კაბების შეკერვა და სცენაზე გაყვანა, მაგრამ პანდემიამ შემიშალა ხელი. როგორც კი ეს წყეული გადაივლის, მაშინვე გავმართავ კონცერტებს"

მაშინ, როცა იტალიელები კარანტინს აივნებზე სიმღერით ებრძოდნენ, იტალიის საერთაშორისო საემიგრაციო საზოგადოების ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე იმავე აივანზე "ქართულით" დაფრინავდა... მაშინ მივხვდი, რომ ფიქრიას "კორონა" ვერ შეაშინებდა და ასეც არის. ახლაც ვიცი, რომ ფიქრია ქართველი ემიგრანტების მხარში დგომასთან ერთად, წყეული პანდემიის შემდეგ საყვარელ "შოკოლადკებთან" ერთად ქართულ ცეკვაზე ფიქრობს. "შოკოლადკები" მისი  ფერადკანიანი მოსწავლეები არიან, რომლებსაც ქართული ცეკვა ასწავლა და დაუმეგობრდა. უცხოობაში, მოგეხსენებათ, მეგობრობის ისტორია ხშირად სევდიდან იწყება.

ფიქრია კუჭუხიძე: - გალაკტიონის ლექსი ხომ გახსოვთ, "ყველას რაიმე აქვს სახსოვარი"? მეც აბაშიდან ჩემი ცეკვის მასწავლებლის, ნიკო ხურციას სახსოვარი - ქართული ცეკვა რომ არ გამყოლოდა, არ ვიცი, რა მეშველებოდა, ყველა პრობლემას ქართული ცეკვით ვშველი. როდესაც აქ ჩამოვედი, თავისუფალ დროს ქუჩა-ქუჩა სიარულსა და ქართული ცეკვის მცოდნეების მოძებნას ვანდომებდი. ზოგან მედოლეს შევხვდი, ზოგან მოცეკვავეს, ზოგისგან ფაფახი ვიშოვე, ზოგისგან კი ნაბადი. ჩემი ტკბილი "შოკოლადკებიც" მაშინ გავიცანი. ზოგიერთი ჩემ თვალწინ გაიზარდა საემიგრაციო საზოგადოების ოფისში. აქ ხომ შავკანიანი და ფერადკანიანი ოპერატორებიც არიან და მათიანებიც ჩვენ თვალწინ ტრიალებენ. მაგალითად, ჩემი პატარა სენეგალელი ივაც, რომელიც მამამ დაბადებისთანავე მიატოვა, ჩვენ გავზარდეთ ოფისში. სამი თვის იყო, დედამისი რომ მიტოვებდა და სამუშაოდ გარბოდა, ჩვენ კი ბავშვს ვუვლიდით. ახლა ის 6 წლის არის, იმხელა, რომ ხანდახან გვემატრაბაზება კიდეც.

ვითომ რატომ არ უნდა მესწავლებინა მათთვის ქართული ცეკვა, მით უფრო, რომ ძალიან დაინტერესდნენ. ჩემი ტკბილები! იცით, ასე რატომ ვეფერები? იმიტომ, რომ რაც უნდა დაიცვას მათი უფლებები მსოფლიომ, მაინც დაჩაგრულები არიან. იცით, რა სასწაულებს სჩადიან ცეკვისას? განსაკუთრებით ინდოელები. ერთი მოწაფე მყავდა, ისე ამოძრავებდა ხელებს, ხანდახან ვფიქრობდი, ნეტავ გვარში ქართველი ხომ არავინ ჰყავდა-მეთქი. ინდოელების გარდა, ქართულად პაკისტანელები, სინგაპურელები, არაბები და ეთიოპიელები ავაცეკვე...

- რომელი ცეკვა მოსწონთ ყველაზე მეტად? - "კინტოური" და "განდაგანა". დედამიწაზე არა მეგულება ადამიანი, ამ ცეკვებმა რომ არ აამოძრაოს. ხომ გახსოვთ, ბუშმა როგორ ჩამოუარა საქართველოში "კინტოურით"? სისხლი დუღს ამ დროს. მეც ვგიჟდები "განდაგანაზე". მელოდია რომ მესმის, ჩემი ტანი თავისით ცეკვავს.

ერთი ჩემი პატარა პაკისტანელი მოსწავლე ისე საყვარლად აკეთებს "კინტოურის" ფეხის აქნევებს, სულ ჩახუტება მინდება ხოლმე. რომ იცოდეთ, როგორ მინდოდა ჩემი "შოკოლადკებისთვის" "აჭარულის" კაბების შეკერვა და სცენაზე გაყვანა, მაგრამ პანდემიამ შემიშალა ხელი. როგორც კი ეს წყეული გადაივლის, მაშინვე გავმართავ კონცერტებს.

- ჩვენი ქართველი ემიგრანტი პატარებიც ცეკვავენ თქვენს "შოკოლადკებთან" ერთად? - რა თქმა უნდა. ჩემი პატარა საბაც ცეკვავს და ყველას დაუმეგობრდა კიდეც... ქართული ცეკვა საუკეთესო დიპლომატიაა ქართველის გასაცნობად. ბევრ ჩვენს "დიპლომატზე" უკეთესი, რომლებიც უცხოელებთან კი არა, ერთმანეთთან ვერ პოულობენ საერთოს.

ზოგი, ალბათ, ფიქრობს, რადგან ემიგრანტები სამშობლოს მოშორებული ვართ, მის ბედზე არ ვფიქრობთ. ასე არ არის. როგორც ნაპირზე მდგომი უცქერის ზღვაში გემს, რომელზეც მისიანები არიან და ყოველ მის შერყევაზე გული უსკდება, ასე ვართ ჩვენც.