"შპიგელის" რედაქტორმა მთხოვა, დამიგეგმე საქართველოში რა უნდა ვნახოო, და როცა ჰამბურგში დაბრუნდა, მითხრა, შენ შესანიშნავი ქვეყანა გქონიაო!" - კვირის პალიტრა

"შპიგელის" რედაქტორმა მთხოვა, დამიგეგმე საქართველოში რა უნდა ვნახოო, და როცა ჰამბურგში დაბრუნდა, მითხრა, შენ შესანიშნავი ქვეყანა გქონიაო!"

"ჰამბურგში ჟურნალ "შპიგელის" რედაქტორის სამ შვილს ვუვლიდი"

ალბათ, ყველას გვსმენია, ერთხელ მოვედი ცხოვრებაში და რაღა ჩვენს ქვეყანაში, სადაც ვერაფერს მიაღწევო. საბედნიეროდ, არსებობს ხალხი, რომელიც მსგავს აზრს ფიქრადაც არ გაივლებს, ვერ წარმოუდგენია, რაიმე მოინდომოს და დამარცხდეს. ხაშურელმა სალომე გოგინაშვილმა ჩემოდანი ისე ჩაალაგა, დამარცხებაზე ფიქრიც არ დაუშვია, წლების შემდეგ კი ისევ ხაშურში დაბრუნებულმა ჩემოდანი იმ რწმენით ამოალაგა, რომ პატარა ქალაქში დიდი გამარჯვებებისთვის ბრძოლა დაეწყო...

- როცა 10 წლის წინ სკოლა დავამთავრე, არც მიფიქრია, თუ სადმე გავემგზავრებოდი. უნივერსიტეტი რომ დავასრულე, მაგისტრატურაში გადავინაცვლე და ამ დროს მოხდა ის, რამაც ყველაფერი შემიცვალა. სამსახურის საშოვნელად ცნობილი კომპანიის კონკურსი წარმატებით გავიარე, მაგრამ არ მიმიღეს. იმდენად დიდი პროტესტი გამიჩნდა, რომ როცა გერმანიაში მცხოვრებმა მეგობარმა შემომთავაზა, იქნებ აქ დაიწყო მუშაობაო, გამგზავრება გადავწყვიტე. რაც უფრო ვშორდებოდი ჩემს მშობლებს, მით უფრო მტკიოდა გული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰამბურგში ოჯახში დავიწყე მუშაობა და მივხვდი, საკუთარი თავის ამარა დავრჩი. მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს, ამ ქალაქში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტია, შენ აქ უნდა ისწავლო-მეთქი და ასეც მოხდა.

- ვისთან დაიწყე მუშაობა? - ეს იყო ჟურნალ "შპიგელის" პოლიტიკური რედაქტორის, დიტერ ბადნერზის ოჯახი. მე მისი სამი შვილისთვის უნდა მომევლო. მართალია, გერმანელები თავიანთ გრძნობებს დიდად არ გამოხატავენ, მაგრამ როცა, მაგალითად, ბავშვებს მათემატიკის ამოცანების ამოხსნაში ვეხმარებოდი და მშობლებს ეუბნებოდნენ, სალომემ ყველაფერი გაგვაგებინაო, უკვირდათ. რომ ვამბობდი, ჰამბურგის უნივერსიტეტში უნდა ვისწავლო-მეთქი, ვატყობდი, ეჭვი ეპარებოდათ. ალბათ, არ სჯეროდათ, რომ გერმანულის უცოდინარი ოდესმე ვისწავლიდი. გერმანული ენის შემსწავლელ კურსებზე დავდიოდი და თან თავს ვუჩიჩინებდი, აქ აუცილებლად ვისწავლი-მეთქი. ერთ დღესაც ჰამბურგის უნივერსიტეტის თანხმობა მივიღე ჩარიცხვაზე და პოლიტოლოგიის შესწავლა დავიწყე. ვიჯექი ბიბლიოთეკაში, დღედაღამ ვკითხულობდი და თან ვფიქრობდი, ესენი ჩემზე უკეთესები არიან, მე კი საცოდავად ვბლუკუნებ, მაგრამ აუცილებლად დავეწევი-მეთქი.

ხშირად უბინაოდაც ვყოფილვარ, მაგრამ ყველაფერს ვაგვარებდი. ბოლოს ჩემივე უნივერსიტეტში დავიწყე მუშაობა. მერე უკეთესი სამსახური ვიშოვე, მერე კიდევ უკეთესი... გერმანიაში საქართველოს საელჩოშიც გავიარე სტაჟირება.

ჩემები სულ მენატრებოდნენ და ხაშურში ხშირად ჩამოვდიოდი. ერთი ასეთი მონატრებისას ვიპოვე ერთი ხაშურელი ბიჭი, რომელიც შემიყვარდა და დავქორწინდით. ჩემი მომავალი მეუღლე შემთხვევით გავიცანი - სადაც მივდიოდი, 10 წუთით რომ არ დამგვიანებოდა, ალბათ, ვერც გავიცნობდი. სწორედ იმ 10 წუთში გადაიკვეთა ჩვენი გზები. მას შემდეგ ჰამბურგსა და ხაშურს შორის დავდივართ, თუმცა გაზაფხულზე პანდემიამ გერმანიაში გამოგვკეტა და შინ მხოლოდ სექტემბერში დავბრუნდით.

- ჰამბურგში განათლებამიღებულმა პოლიტოლოგმა ხაშურში რა უნდა აკეთოს? - მაგის დროც მოვა, როცა სპეციალობით ვიმუშავებ. ახლა გერმანიაში ინტერნეტით ვაწვდი მასალებს, ხაშურში კი ჩვენს პატარა კაფეში სუშის მომზადება დავიწყე, გერმანიაში კულინარიის კურსები გავიარე... ერთ დილას სუში მომენატრა და მეუღლეს ვუთხარი, მოდი, მოვამზადებ და კაფეშიც გავიტანოთ-მეთქი. დამეთანხმა. ხუმრობით ჩავწერე მენიუში, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. უამრავი ხალხი გვსტუმრობს. კომფორტული ქვეყნის მიტოვება არ არის იოლი, მაგრამ არც ისე რთულია, რომ ვერ შეძლო.

- "შპიგელის" რედაქტორი თუ ჩამოვიდა საქართველოში, ხაშურში თუ გეწვია სუშიზე? - ჩამოვიდა. ერთ დღესაც მთხოვა, დამიგეგმე საქართველოში რა უნდა ვნახოო, და როცა ჰამბურგში დაბრუნდა, მითხრა, სალომე, შენ შესანიშნავი ქვეყანა გქონიაო!