"ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ტკივილი იყო. ღმერთმა ნუ ქნას, მსგავსი რამ უდროოდ კიდევ განვიცადო..." - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ტკივილი იყო. ღმერთმა ნუ ქნას, მსგავსი რამ უდროოდ კიდევ განვიცადო..."

გიორგი გაბუნია სიკვდილის შიშსა და ახლობლების დაკარგვით გამოწვეული გულისტკენის შესახებ

სახელი, გვარი: გიორგი გაბუნია.

ასაკი: 27 წლის.

განათლება: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაამთავრა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: "ღამის შოუს" წამყვანი და სცენარისტი.

ჰობი: სპორტი, ფილმების ყურება, თევზაობა და თევზისგან კერძების მომზადება.

ცხოვრების დევიზი: "ცხოვრებაში მთავარი უბრალოება, გულწრფელობა და რწმენაა."

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- საერთოდ, სარკეში დიდხანს ყურება არ მიყვარს: დილით, შინიდან გამოსვლისას უცებ მოვწესრიგდები და ჩავიხედავ ხოლმე... აი, გადაცემის ჩაწერის წინ კი, ცოტა არ იყოს, სარკეში დიდხანს ვიყურები, რომ თავიდან ბოლომდე კარგად გამოვიყურებოდე, მოწესრიგებული ვიყო და რამე დეტალი არ გამომრჩეს... სარკეში საკუთარ თავს ანუ ისეთ ადამიანს ვხედავ, რომელმაც ალბათ, ზუსტად იცის, რა აკეთოს, მაგრამ ამ პროცესში, ხანდახან ისეთ შეცდომებს უშვებს, რომელიც უნდა გამოასწოროს.

- პოპულარობას როგორი გემო აქვს?

- მჟავე, ანუ სასიამოვნოა, მაგრამ ხანდახან კბილებს კვეთს ხოლმე... ნახე, როგორ გიპასუხე? ქუთაისელი სოკრატე ვარ (იცინის).

- როცა უცნობი ადამიანები ვერ გცნობენ, ხომ არ გწყინს?

- არა. ხანდახან მიკვირს, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. თან, ახლა ყველგან სამედიცინო ნიღბით დავდივარ და ხშირად ვერ მცნობენ. შესაბამისად, არც მწყინს და არც მიკვირს. ის უფრო მიკვირს, როცა ნიღაბაფარებულს თვალებით მცნობენ (იღიმის).

- პირველი ავტოგრაფი ვინ გთხოვა?

- ალბათ, თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია, როცა ავტოგრაფი უთხოვიათ, რადგან ყველა ფოტოს გადაღებას ითხოვს... უმცროსი და მყავს. ერთხელ თანაკლასელმა სთხოვა - შენი ძმის ავტოგრაფი მომიტანეო. ჩემს დას რვეულში ხელი მოვუწერე, მან კი კლასელს წაუღო. პირველი ავტოგრაფი ეს იყო.

- ყველაზე ხარისხიანი ხუმრობების იდეები დღის რომელ მონაკვეთში მოგდის?

- დილის 10-დან დღის 2 საათამდე, როცა ტვინი ახალი გაღვიძებულია და ნელ-ნელა მუშაობას იწყებს. მერე, დაღლილ გონებაზე კარგი ხუმრობებიც იწერება, მაგრამ - იშვიათად. საღამო ხანს გგონია, რომ ხუმრობა სასაცილოა, მაგრამ მეორე დილით ხვდები, რომ ასე არაა და დაღლილ გონებაზეა დაწერილი.

- ტელეწამყვანად მუშაობის დასაწყისში, სტუმრებისგან არასათანადო დამოკიდებულება თუ გიგრძნია?

- იცი, როგორ იყო? გადაცემაშიც ისეთი ვარ, როგორიც - ცხოვრებაში: ლაღი, გულთბილი... გულთბილი დამოკიდებულების გამომჟღავნება მიყვარს. ალბათ, მიზეზი ესაა, რომ არასათანადო დამოკიდებულება მინიმალურ დონეზე თუ მიგრძნია.

- როგორ ფიქრობ, სიყვარული ფსიქიკური აშლილობაა?

- ჩემი აზრით, რაღაც აუხსნელი მოვლენაა. კი, მეცნიერები ახსნას ცდილობენ, მაგრამ ალბათ, მაინც აუხსნელია... სიყვარული ყველაფერია, რაც გვაცოცხლებს, გვამოძრავებს, გვასულდგმულებს... თუ რამეს ვაკეთებთ, ალბათ - იმ მოტივაციით, რომ ვიღაც გვიყვარს. სიყვარული ფსიქიკური აშლილობაცაა, "დალაგებაც" და საერთოდ, ყველაფერია, რა...

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი და დღევანდელი რეალობა როგორია?

- სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნება ის იყო, რომ საკუთარი გადაცემა მქონოდა, ანუ საჯაროდ გამოჩენა სულ მიყვარდა. ეს ოცნება ამიხდა - მადლობა ღმერთს, დღეს ეგ ბედნიერება მაქვს... ბავშვობაში სიკვდილის სულ მეშინოდა. მინდოდა, ირგვლივ მყოფ ადამიანებს ძალიან დიდხანს ეცოცხლათ. დღესაც სულ ვნატრობ, რომ ვინც მიყვარს - ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომელები - რაც შეიძლება, დიდხანს მყავდნენ გვერდით. თუ ამაში ჩემი ხელშეწყობა საჭირო იქნება, მაქსიმალურს გავაკეთებ. მართლა ასეა. ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ...

- ძვირფასი ადამიანი დაგიკარგავს?

- კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში - მამა და ჩემი ბავშვობის მეგობრები, რომლებთან ერთადაც გავიზარდე. სამწუხაროდ, ისინი დღეს ჩემ გვერდით არ არიან. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ტკივილი იყო. ღმერთმა ნუ ქნას, მსგავსი რამ უდროოდ კიდევ განვიცადო... ერთ-ერთ მეგობარს დაბადებისთანავე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა. მისი გარდაცვალება მოსალოდნელი იყო, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დგები, მაინც ბევრად რთულია... შემდეგ, მოულოდნელად მეორე მეგობარიც გარდამეცვალა. ელდა მეცა... მამაჩემის გარდაცვალებაც ძალიან მოულოდნელი იყო... რამდენიმე თვის წინ კი ჩემი კიდევ ერთი მეგობარი - "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი, ლაშა კუხიანიძე გარდაიცვალა - თავი მოიკლა...

- საკუთარი პიროვნული თვისებებიდან, ყველაზე მეტად, რა გეამაყება?

- ერთგული ვარ და ირგვლივ მყოფ ადამიანებზე ზრუნვა მიყვარს. ალბათ, ცხოვრებაში ეს ყველაზე დიდი სიამოვნება და ბედნიერებაა, რაც გამაჩნია, ყველაფერ ცუდთან და კარგთან ერთად.

- მობილური ტელეფონის ნომერი რამდენჯერ შეცვალე?

- აუ, ბევრჯერ... 5 წელია, რაც ამჟამინდელი ნომერი მაქვს. ეს ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია, რაც ნომერი არ შემიცვლია.

- ნომრის შეცვლის ძირითადი მიზეზი რა არის ხოლმე?

- ერთი-ორჯერ "დაიბლოკა" თუ რაღაც დაემართა... რამდენჯერმე ჩემს ცხოვრებაში არასასურველი ადამიანები გამოჩნდნენ - წარსულიდან უცებ ამოტივტივდნენ. მათთან ურთიერთობის სურვილი არ მქონდა... დანარჩენ შემთხვევებში, მობილური ტელეფონის ნომრებს უბრალოდ, ვცვლიდი. ალბათ, 7-8-ჯერ მექნება გამოცვლილი.

- თაყვანისმცემელი გოგონები ხომ არ გაწუხებდნენ წარსულიდან?

- არა, არა, ნომერი ამის გამო არ შემიცვლია.

- დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?

- ჩემს შეყვარებულს და თანამშრომლებს, ვისთან ერთადაც "მანსანკანის" თამაში დავიწყე, ახლა კი ტელევიზიაშიც ერთად ვმუშაობთ. 7 წელია, რაც ალბათ, ამ თანამშრომლებთან ერთად უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ოჯახის წევრებთან.

- კვირის განმავლობაში მხოლოდ 1 კერძის ჭამის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- რძიან ფაფას. შემიძლია, ერთი კვირა ბრინჯის ფაფა ვჭამო - არ მომშივდება... ხომ გეგონა, რომ მწვადს, ხინკალს ან რამე მსგავსს დავასახელებდი (იცინის)?..

- შენს პიროვნულ განვითარებაზე განსაკუთრბეული ზეგავლენა ვინ მოახდინა?

- ალბათ, პირველ რიგში - ოჯახმა: დედამ, ბებიებმა, ბაბუებმა, მეგობრებმაც, მაგრამ დიდწილად - დედამ.

- ოჯახის წევრები რას გეძახიან?

- "გაბუნია" - ეს "იარლიყი" "ამერტყა". ხანდახან თავი ჯარში მგონია... ბოლოს "გიორგი" ვინ დამიძახა, დედას გეფიცები, თუ ვიცოდე (იცინის)... აა, სახელით ჩემი შოუს ბენდის ყოფილი ხელმძღვანელი - ენრი შავდია მომმართავს ხოლმე.

- გულწრფელი ბოდიში ბოლოს ვის და რის გამო მოუხადე?

- აუ, გუშინ ჩემს მეგობარს უცნაურად მოვუბოდიშე. მიმაჩნია, რომ ბოდიში მოსახდელი არ მქონდა, მაგრამ რაღაც ეწყინა და გულწრფელად მოვუბოდიშე, რა თქმა უნდა.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- სიმართლე გითხრა, დიდი ხანია, არაფერი წამიკითხავს... "ჰარი პოტერის" მეშვიდე ნაწილი რომ გამოვიდა, ეგ წავიკითხე (იცინის).

- შენს გარდერობში როგორი სტილის, ფერის სამოსი ჭარბობს?

- მუქი ფერები და წითელი მომწონს, რადგან მიხდება... ასევე, მომწონს ჯინსის შარვალი, ქურთუკები... სხვათა შორის, ბოლო დროს სპორტულ სტილს "მივაწექი" - თავისუფლად ვგრძნობ თავს...

- ბოლოს სოციალურ ქსელში გავრცელებულმა რომელმა ინფორმაციამ მიიპყრო შენი ყურადღება?

- ერთი ადამიანის გათხოვების შესახებ ინფორმაციამ. ეს ამბავი ძალიან მეუცნაურა, მაგრამ თან, გამიხარდა (იცინის).

- რატომ გეუცნაურა?

- ისეთ ადამიანთან შეუღლდა, რომ არ ველოდი. ჩემში დიდი გაოცება გამოიწვია...

- ამ ეტაპზე, შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ვისი აზრია?

- ცოტა ეგოისტურად ნათქვამი გამომდის, მაგრამ პირველ რიგში, ალბათ - საკუთარი. კიდევ არის რამდენიმე ადამიანი - დედაჩემი, ჩემი შეყვარებული და ზვიად ბლიაძე (ზვიო) - ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

- მილიონი დოლარი რომ გქონდეს, შენს ცხოვრებას როგორ წარმართავდი?

- ვა, რა მაგარია! უეჭველი მინდა და ამასაც მოვახერხებ... ჯერ სანათესავო-სამეგობროში დავარიგებდი. მერე სადმე, სუფთა ჰაერზე, ტბის პირას ბინას ვიყიდდი...

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- პირველ რიგში, ალბათ - ის, რასაც ახლა ვაკეთებ: ადამიანებს ვახალისებ; ასევე, ალბათ, "სუფთად" რომ ვიცხოვრებ, ირგვლივ მყოფებისთვის კარგ აურას შევქმნი, ისინი ამ აურას სხვას გადასცემენ და ა.შ.

- შენი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა რა არის?

- სიყვარული და იმისკენ სწრაფვა, რომ მეც და ირგვლივ მყოფებიც კარგად ვიყოთ. მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესია...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"