"ნანას გადავხედავდი ხოლმე, თუმცა ისედაც ვიცოდი, რომ ის უკვე ტიროდა" - რა ისტორიას იხსენებს გარდაცვლილი შვილის იუბილეზე გელა ჩარკვიანი - კვირის პალიტრა

"ნანას გადავხედავდი ხოლმე, თუმცა ისედაც ვიცოდი, რომ ის უკვე ტიროდა" - რა ისტორიას იხსენებს გარდაცვლილი შვილის იუბილეზე გელა ჩარკვიანი

19 ნოემბერი ქართველი მუსიკოსის, პოეტისა და მწერლის, ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. დღეს ის 59 წლის გახდებოდა.  ამ თარიღთან დაკავშირებით გელა ჩარკვიანმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ირაკლისთან დაკავშრებულ საინტერესო ეპიზოდს იხსენებს:

"დღეს ირაკლის 59 წელი შეუსრულდებოდა. რომ ეცოცხლა, დიდი ნაწილი იმ ათასი მელოდიის, მისივე თქმით მუდამ გონებაში რომ უტრიალებდა და მოსვენებას არ აძლევდა, ყველასაგან გამორჩეულ ჰიტებად იქცეოდა და ბევრ სიხარულს მოგვგრიდა ჩვენ, მისი უჩვეულო ძალის მქონე ხელოვნების მოყვარულებს.

2004 წლის ზაფხულში დასასვენებლად ჩაქვში მივდიოდით. ქეთათომ გადმომცა მისი და ირაკლის ახლად გამოსული საერთო ნამუშევარი. როცა ჩაქვში ჩავედით და მოვისმინეთ სიმღერა "ხალხს“, უცნაური გრძნობა დამეუფლა. მომეჩვენა, რომ ამ ფრაზით: „ჩვენ მხოლოდ ნოტებზე დავრჩებით, ხალხს არ მოვაბეზრებთ თავს“ – ირაკლი დედ-მამას რაღაც კოდირებულ მესიჯს გვიგზავნიდა იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო უახლოეს მომავალში. მას შემდეგ, რაც ყოველივე მართლაც მოხდა, სწორედ ეს სიმღერა იქცა ირაკლის სულთან დამაკავშირებელ ჩვენს ყველაზე მძლავრ მედიუმად. მახსოვს, ლონდონში, დასაძინებლად ისე არ წავიდოდი, იქ შეძენილ Yamaha-ზე რომ არ დამეკრა ეს თავისებურად სევდიანი მელოდია, რაღაც მისტიკური ძაფებით რომ მაკავშირებდა გარდაცვლილ შვილთან. იქვე შორიახლოს მჯდომ ჩემს მეუღლეს, ნანას გადავხედავდი ხოლმე, თუმცა ისედაც ვიცოდი, რომ ის უკვე ტიროდა" - წერს გელა ჩარკვიანი.

წყარო