"ქვეყანაში დაახლოებით 70 პროცენტი ღარიბ-ღატაკია" - ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა - შეღავათი თუ პიარის ნაწილი? - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში დაახლოებით 70 პროცენტი ღარიბ-ღატაკია" - ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა - შეღავათი თუ პიარის ნაწილი?

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს დახარჯავს, კომუნალურ გადასახადებს დაუფინანსებენ. სუბსიდირება წყლისა და დასუფთავების გადასახადსაც შეეხება. ეს შეღავათი 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, კერძოდ: ნოემბერში, დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღის ნაწილია და რადგან განცხადება პრემიერმა არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე გააკეთა, მას დიდი დავა-კამათი მოჰყვა: საზოგადოების ნაწილი მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს წინასაარჩევნო პიარს ემსახურებოდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ნატო მეტონიძე, მომღერალი:

"ვისურვებდი, რომ ქართულ სახელმწიფოს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს, სოციალურად დაუცველებს, გაჭირვებულებს დაეხმაროს. მართალია, მე ეს დახმარება არ შემხებია, მაგრამ ვიღაცას ხომ შეეხება და ეს მახარებს, მით უმეტეს, რომ ხელოვან ადამიანებს პანდემიის პირობებში ძალიან გაუჭირდათ. მხოლოდ მატერიალურ გასაჭირს არ ვგულისხმობ, მთავარი ხომ ადამიანის სულიერი მდგომარეობაა! ჩვენ, არტისტები დამოკიდებული ვართ მაყურებელზე, ოვაციებზე, თეატრზე... პუბლიკა გვენატრება..."

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:

"არ ვაპირებ ამ პროგრამით ვისარგებლო, რადგან გადახდა შემიძლია. აჯობებს, ვისაც არა აქვს, იმან გამოიყენოს. პატარა სახლი მაქვს და იმდენი არ მეხარჯება, რომ ვერ გადავიხადო..."

კოტე ყუბანეიშვილი, პოეტი:

"სოციალური დახმარებები ხშირად ხალხამდე ვერ აღწევს, რადგან აქაც ბიუროკრატიული მექანიზმი ირთვება და ყველაფერს ისევ "ოცნება" ანაწილებს. ამ დახმარებითაც მცირე ნაწილი ისარგებლებს და ეს მაშინ, როცა ძალიან ბევრი ადამიანი გაღარიბდა, პირველი ტალღის დროს არაერთი ბიზნესი დაიხურა და ბევრი უმუშევარი დარჩა. პანდემიის პირობებში მთავრობა ხალხზე როგორც ზრუნავს, ყველამ საკუთარი თვალით ვნახეთ, როცა 8 ნოემბრის აქცია დაარბიეს. მეც იქ ვიყავი და აქციის მონაწილეებთან ერთად, "ცივი შხაპი" მეც მივიღე. ნოემბერში ცივ წყალს რომ შეგასხამენ, როგორ ადარდებთ, ხალხი კოვიდით არ დაავადდეს, ხომ ვნახეთ?! რას აკეთებენ ხალხისთვის, ამ 8 წელიწადში ესეც ვნახეთ, ამიტომ ეს ფურუნკულები როგორმე ჩვენი სხეულიდან უნდა მოვიშოროთ. ჩვენი ქვეყნის ბედს კობახიძეები, თალაკვაძეები და კალაძეები წყვეტენ, რაც ჩემთვის მიუღებელია. ძალიან ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ეს პრობლემები მას არ შეეხება, რადგან ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ. ამ პატარა საქართველოში მდიდარიც და ღარიბიც - ყველა ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული. მე როგორ შეიძლება კმაყოფილი ვიყო მაშინ, როცა გვერდზე ამდენ მშიერსა და გაჭირვებულს ვხედავ?!."

დათო ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე:

"მე არ მესმის იმ ხალხის, ვისაც არასდროს არაფერი მოსწონს. მთავრობა რამეს გააკეთებს და ამტკიცებენ, რომ ეს პიარია, არ გააკეთებს და მაინც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. რა უნდათ, როგორმე ჩამოყალიბდნენ! ახლაც, რისი საშუალებაც აქვთ, იმას აკეთებენ..."

მაყვალა გონაშვილი, "მწერალთა კავშირის" თავმჯდომარე:

"როცა ასეთი სერიოზული სიტუაციაა, ნებისმიერი სოციალური დახმარება ამსუბუქებს ადამიანის მდგომარეობას, მით უმეტეს, რომ ქართველი მწერლობა დღეს ძალიან ცუდ დღეშია... იმ ურთულეს თვეებში მოვახერხეთ, თანამშრომლებისთვის განახევრებული ხელფასები მაინც მიგვეცა. ჩვენთან მაქსიმალური ხელფასი 500 ლარია, რაც სასაცილოა, მაგრამ ამის განახევრება დაგვჭირდა..."

ამ და სხვა ცნობილი ადამიანების მოსაზრებებს სრულად ჟურნალ "გზის" 19 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე