"დედამიწას ემუქრება ორი დიდი საფრთხე..." - კვირის პალიტრა

"დედამიწას ემუქრება ორი დიდი საფრთხე..."

"თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, ორმხრივი პნევმონია აქვს და მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ღვთის მადლით, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. იმედია, ასე გაგრძელდება“

ქვეყანაში პანდემიური სიტუაცია დღითი დღე რთულდება - სექტემბრიდან მოყოლებული, ასე იწყება თითქმის ყველა ჩემი სტატია კოვიდინფექციაზე, თუმცა დღეს განსაკუთრებულად რთული ვითარება გვაქვს - ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა დღიური მაჩვენებელი 4000-მდე აღწევს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაშია, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი კი უკვე "კოვიდს" ებრძვის... დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძესთან ინტერვიუ სწორედ თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრით დავიწყეთ.

- თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, ორმხრივი პნევმონია აქვს და მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ღვთის მადლით, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. იმედია, ასე გაგრძელდება.

- ბატონ თენგიზს მთელი საქართველო გულშემატკივრობს. როცა მასთან საუბრის საშუალება მომეცემა, უნდა ვკითხო, როგორც პაციენტს - ახალი შენიშვნები ხომ არ გაუჩნდა? - საინტერესო იქნება, მეც სიამოვნებით მოვისმენ, რას იტყვის...

- ამირან გამყრელიძე კვლავ იზოლაციაშია? - დიახ. ამირანმა ტესტი ჩაიტარა. პასუხი უარყოფითია, მაგრამ ჯერჯერობით მაინც თვითიზოლაციაშია, რადგან შეიძლება ტესტმა 10 დღის განმავლობაში უარყოფითი პასუხი აჩვენოს და მე-11 დღეს გამოვლინდეს ვირუსი.

- 14 დღე დარჩება? - არა, 12 დღე.

- ქვეყანაში დღეს როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია? - ციფრებს თქვენც ადევნებთ თვალს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის მძიმე სიტუაცია, ავადმყოფთა რაოდენობა დიდია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარდა გამოვლენილი ინფიცირებულებისა, არიან ისეთებიც, ვისაც უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარე ვირუსი აქვს.

- არსებობს სტატისტიკა, ან მოდელი, როგორ უნდა დავთვალოთ ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა? - ბოლოს ვაშინგტონის შტატში, სიეტლში გამოქვეყნდა ჯანმრთელობის გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემები, სადაც აკეთებენ მოდელირებას ევროპისა და ამერიკისთვის. ისინი ჩვენთან დიდი ხანია თანამშრომლობენ და საქართველოსთვის ცალკე აკეთებენ მოდელირებას. მათი შეფასებებით, ევროპაში ერთი შემთხვევა ვლინდება დაახლოებით ხუთი ინფიცირებულიდან, ჩვენთან კი ერთი - 2,5 ინფიცირებულიდან, ანუ ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ინფიცირებული გვყავს, ვიდრე ვავლენთ და ვაცხადებთ.

- ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან რამდენი გარდაცვლილი გვყავს? - ჩვენთან 0,92%, ანუ 100 კაცზე ერთი გარდაცვლილი...

- ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ამ სიტუაციაში საჭიროა ლოკდაუნი. - მთელი ოქტომბრის განმავლობაში მიმდინარეობდა პოლიტიკური პროცესები, რომელთა გამო მაქსიმალურად ვეცადეთ, შეზღუდვები არ ყოფილიყო. ადამიანებს გამოხატვის თავისუფლებას ვერ შეუზღუდავ.

- ითქვა, პანდემია პოლიტიკური პროცესის მძევალიაო... - ასეა... თუ გახსოვთ, გაზაფხულზე ჩვენ მივმართეთ ეკლესიას, თვითონ მოეგვარებინა ყველაფერი და რეგულაციები დაეცვა.

ჩვენი პოზიცია ახლაც ასეთი იყო - პოლიტიკურ ძალებს ვთხოვდით, თვითონ ეფიქრათ ყველა წესის დაცვაზე, განსაკუთრებით - ნიღბების გამოყენებასა და დისტანციაზე. საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას უსაფრთხოების ყველა წესი დაცული იყო, მაგრამ მერე დაიწყო ხალხმრავალი შეკრებები. აქციები უნდა ჩატარდეს წესების დაცვით.

მე ხომ გაზაფხულიდან მოყოლებული გავიძახი: "ნიღაბი და დისტანცია!" ჩვენ რომ ეს გაგვეთვალისწინებინა, შეზღუდვები საჭირო არ იქნებოდა, მაგრამ როცა მოქალაქეები ვერ ახერხებენ რეგულაციების დაცვას, მაშინ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო.

- ამ ეტაპზე ზოგიერთი შეზღუდვის გამკაცრება იგეგმება? - ამაზე ყველა ექსპერტი თანხმდება. მთავარია ადამიანების მობილობა. ნახეთ, რა ხდება ევროპაში - ძალიან ბევრი ქვეყანა გაზაფხულის რეჟიმს დაუბრუნდა. ამიტომ ვიმეორებ - ადამიანთა ურთიერთობა შემცირდეს, უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი და დავიცვათ დისტანცია. თუ ავადმყოფსაც უკეთია ნიღაბი და ჯანმრთელსაც, დაავადება თითქმის არ გადადის.

შეზღუდვები მოქმედებს, მაგრამ ვხედავთ, რომ საკმარისი არ არის, რადგან საზოგადოების ნაწილი წესებს არ იცავს. ჯანდაცვის სისტემისთვის დღევანდელი ვითარება რთულია - 6 ათასამდე პაციენტი საავადმყოფოშია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა შესაძლებლობას აქვს ზღვარი და ჩვენი საავადმყოფოები და ექიმებიც ვერ აუვლენ ამდენი პაციენტის მოვლას. სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგებიც ავადდებიან - ჩვენც ხომ ადამიანები ვართ?!

- ფიქრობთ რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტისა და მოლების შეჩერება შედეგს მოგვიტანს? - რაც შეამცირებს მობილობას, შედეგს ყველაფერი მოგვიტანს.

- რამდენ ხანში? - სამწუხაროდ, არც ერთი ღონისძიება სწრაფად ეფექტიანი არ არის. როგორც ნებისმიერი თავყრილობა 10-14 დღის შემდეგ ავლენს უარყოფით შედეგს, შეზღუდვებსაც 2-3 კვირის შემდეგ მოჰყვება შეღავათი.

- ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა პიკია, თუ პიკი წინ გვაქვს? - სამწუხაროდ, ყველა ჩვენი გათვლა გვეუბნება, რომ ახლა, პრაქტიკულად, ავადობის პიკზე ვართ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, პიკი პლატოზე გადავიდეს. წარმოიდგინეთ, როგორი დატვირთვაა ყოველდღიურად 4 000 ახალი ავადმყოფი!

- ცუდ და კარგ შემთხვევებში რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პიკი? - კარგ შემთხვევაში ეს იქნება სამი კვირა მაინც, ცუდ შემთხვევაში - გაცილებით მეტი...

- ოქტომბერში რომ გამკაცრებულიყო ზომები, დღეს ასეთი სიტუაცია გვექნებოდა? - ჩაკეტვასა და გამკაცრებაზე არ არის ლაპარაკი, მთავარია წესების დაცვა. აგვისტოში რომ დაგვეცვა წესი, არ გვექნებოდა სექტემბერი და ოქტომბერი, ოქტომბერში რომ დაგვეცვა წესი, არ გვექნებოდა ასეთი ნოემბერი...

- საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ ხართ ხოლმე კატეგორიული, რომ მეტი შეზღუდვა დაწესდეს? ხომ აშკარაა, რომ საზოგადოების შეგნების იმედად ყოფნას შედეგი არ მოსდევს. - საქმე ის გახლავთ, რომ გარდა იმისა, რაც ეპიდემიოლოგებსა და ჯანდაცვის სისტემას გვაწუხებს, არის ქვეყნის ეკონომიკა და მასზე ფიქრიც აუცილებელია. ამიტომ ვამბობთ, რომ თუ გვინდა, ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ, წესები უნდა დავიცვათ.

- კოვიდინფექციის დროს ანტიბიოტიკის გამოყენება შეიძლება თუ არა? - არა. ანტიბიოტიკები არ მოქმედებს არც ერთ ვირუსზე, მათ შორის - არც კორონავირუსზე, ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს, თუ კოვიდინფექციას ერთვის ბაქტერიული ინფექცია. მსოფლიო სტატისტიკით, შემთხვევათა დაახლოებით 8%-შია საჭირო ანტიბიოტიკის ჩართვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ მსოფლიო სტატისტიკით, ანტიბიოტიკებს ინფიცირებულთა 70% იღებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. დედამიწას ემუქრება ორი დიდი საფრთხე - რესპირატორული ვირუსის პანდემია და ანტიბიოტიკური რეზისტენტობა. ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენების დროს ბაქტერიები მათ მიმართ გამძლეობას გამოიმუშავებენ და შეიძლება ადამიანები ელემენტარულ ბაქტერიულ ინფექციებს ვეღარ გაუმკლავდნენ. ახლა გვაქვს რესპირატორული ინფექციის პანდემია და ჩვენი გაუფრთხილებელი მოქმედებით ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების გამძლეობას აღარ უნდა შევუწყოთ ხელი.

- ვაქცინასთან დაკავშირებით საიმედო ამბები ისმის... - უკვე არის ორი-სამი ვაქცინა, რომლებიც შეიძლება უკვე დეკემბერში დამტკიცდეს. "ფაიზერის" - გერმანულ-ამერიკული კომპანიის, "მოდერნის" - ამერიკული კომპანიის, "ასტრაზენეკასა" და "ოქსფორდის"... ეს ის ვაქცინებია, რომლებმაც გააჩინა იმედი, რომ მათ მალე ოფიციალურად აღიარებენ. ჩვენ ამ ვაქცინების რიგში ვართ, წინასწარი შენატანიც გვაქვს და რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, ჩვენც იმას მივიღებთ, თუმცა ამის იმედი გაზაფხულამდე ნუ გვექნება.

- რამდენიმე ასეულ ადამიანს როცა უკეთდება ვაქცინა, ყველა ეს ადამიანი მოხალისეა? - დიახ, ყველა მოხალისეა - ერთეულიც, ასეულიც და ათასეულიც. პირველი, მეორე და მესამე ფაზების მონაწილეები მოხალისეები არიან.

- ჩვენთან შემოსული ვაქცინა ვისთვის იქნება გათვლილი? - ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის 20%-ისთვის, რისკ-ჯგუფებისთვის, უპირველესად კი - სამედიცინო პერსონალისთვის.

- ახლა მეორე ტალღა გვაქვს. მესამე ტალღასაც უნდა ველოდოთ? - პანდემიებს, ჩვეულებრივ, რამდენიმე ტალღა ახასიათებს...

"პაციენტების 80-85%-ს არ სჭირდება სტაციონარი"

ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი: - ჩვენი პაციენტების 37% ახლა კლინიკებშია და ეს ძალიან ცუდია. პაციენტები, ხანდახან 20-25 წლის ახალგაზრდები, ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ, რომ გართულების თავიდან აცილების მიზნით ნაცნობობით, დარეკვით კლინიკაში მოხვდნენ. ეს მოგვიტანს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას. ყველა პაციენტის კლინიკაში მოთავსება ნიშნავს, რომ საწოლი წავართვით იმ პაციენტს, ვისაც ის უფრო სჭირდება. პაციენტების 80-85%-ს არ სჭირდება სტაციონარი. თუ ჟანგბადი არ გვჭირდება, მაშასადამე, არც საავადმყოფო გვჭირდება.

ძალიან გთხოვთ, არ ინერვიულოთ - ემოციური ფონი ყველაზე მეტად აქვეითებს იმუნურ სისტემას, ამიტომ მშვიდად იყავით სახლში და თქვენს ორგანიზმს უსმინეთ. სუნთქვის გაძნელება ან გახშირება, უჩვეულოდ აჩქარებული პულსი, გულმკერდში ძლიერი, გამჭოლი ხასიათის ტკივილი, ძლიერი სიფერმკრთალე ან ციანოზი ტუჩების ირგვლივ - ეს არის ნიშნები, როცა საავადმყოფოში უნდა წავიდეთ...