ქალი პირბადეშიც იცნობა... - კვირის პალიტრა

ქალი პირბადეშიც იცნობა...

პანდემია რომ ქალბატონების კოსმეტიკურ ჩანთასაც მისწვდა და "აურდაურია", გასაკვირი არ არის. საინტერესო ის არის, რომ ქალბატონებმა, რომელთა სილამაზისთვის ბრძოლას წინ ვერაფერი აღუდგება, კოსმეტიკურ ნაწარმზე მოთხოვნები შეცვალეს, პირბადეებს მოარგეს და გადაწყვიტეს, რომ კოსმეტიკურ ნაწარმში, რომელსაც პირბადე ფარავს, ფულის ხარჯვა არ ღირს. სამაგიეროდ, ფული არ უნდა დაიშურო თვალის კოსმეტიკაში. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, პირბადეების ვალდებულებამ ინგლისში ისე შეცვალა მომხმარებლის გემოვნება, რომ კოსმეტიკაზე მოთხოვნა თითქმის გაქრა და მისი ფასიც განახევრდა, არადა, ინგლისში მხოლოდ ტუჩსაცხებზე წელიწადში 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი იხარჯებოდა. პანდემიის პერიოდში ეს თანხა 50 მილიონამდე, ტუჩსაცხის გაყიდვა კი 49%-ით შემცირდა. სამაგიეროდ, 25%-ით გაიზარდა თვალის კოსმეტიკის მოთხოვნა, რამაც მწარმოებლებს ტუჩსაცხებით მიღებული ზარალი შეუმცირა. პანდემიის პირობებში კოსმეტიკაზე მოთხოვნა, ცხადია, საქართველოშიც შეიცვალა. ამის შესახებ კოსმეტიკური კომპანიების წარმომადგენლები გვიამბობენ.

"გაიზარდა მოთხოვნა თვალის ჩრდილებზე"

სოფო ბურძგლა, კოსმეტიკური ფირმის წარმომადგენელი: - ჩვენთან კოსმეტიკურ საშუალებებზე მოთხოვნა პანდემიის დასაწყისშივე შემცირდა. სამაგიეროდ, როგორც კი პირბადით სიარული აუცილებელი გახდა, მაშინვე გაიზარდა მოთხოვნა თვალის ჩრდილებზე, წამაწამების დაგრძელების საშუალებებსა თუ თვალის გარშემო საცხებზე. სხვათა შორის, პირბადეებმა ზოგიერთი ქალბატონის თვალების სილამაზე მართლაც გამოკვეთა, თუმცა ერთი რამ მინდა აღვნიშნო - ქალბატონები, რომლებმაც ონლაინრეჟიმით განაგრძეს მუშაობა, მონიტორებთან წითელი პომადით სხედან და ასე ერთვებიან ონლაინთათბირებსა თუ სხვა აქტივობებში. წითელი ტუჩსაცხების მოთხოვნამ მართლაც უცნაურად იმატა, რაც, შესაძლოა, პანდემიის წინააღმდეგ პროტესტადაც ჩაითვალოს, რადგან სწორედ პანდემიამ აიძულა ქალბატონები, თავიანთი სილამაზე ნიღბებით დაეფარათ. მიხარია, რომ მიუხედავად შემოსავლის შემცირებისა, ქალბატონები კოსმეტიკურ ნაწარმზე უარს ვერ ამბობენ.

"ჩვენი ქალბატონები იბრძვიან სილამაზის შესანარჩუნებლად"

ევროპისაგან განსხვავებით, პანდემიის პერიოდში ჩვენში ოდნავ შემცირდა მოთხოვნა კანის მოვლის საშუალებებზე, თუმცა ძვირად ღირებულ ნაწარმს კვლავაც ბევრი ყიდულობს. ამას გადამზიდავი ფირმის მენეჯერი დევი უგრეხელიძეც ადასტურებს.

- ჩვენს კომპანიას კანის მოვლის ძვირად ღირებული ფრანგული საშუალებები შემოაქვს. ახლა, როცა დოლარი გაუფასურდა და არაერთმა ქალბატონმა სამუშაო დაკარგა, მათი გაყიდვა მართლაც სასიხარულოა. ჩვენი ქალბატონები იბრძვიან სილამაზის შესანარჩუნებლად, თუმცა დანანებით უნდა ვთქვა, რომ ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა პროფესიონალურ კოსმეტიკაში. ექიმი-დერმატოლოგები, მკურნალობის პარალელურად, ძვირად ღირებულ, კანის დამზოგავ კოსმეტიკას ნიშნავენ, რომლის შეძენა პრობლემური სახის კანის ქალბატონებისთვის ზოგჯერ შეუძლებელია, ზოგჯერ კი მათი შემოტანა ფერხდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ე.წ. ლოკდაუნია.

"ჩვენი შემოსავალი თებერვალში 50.000 ლარი იყო, ოქტომბერში კი 25.000 ლარამდე შემცირდა"

ხათუნა ჩაჩანიძე, კოსმეტიკური კომპანიის დირექტორი: - პანდემიამ ყველაზე მეტად პროფესიონალურ კოსმეტიკას "შეუტია". ეს კოსმეტიკა განკუთვნილია პრობლემური კანისთვის, ქალბატონები კი პანდემიის შიშით იშვიათად მოდიან კლინიკებში, ვერ იტარებენ პროცედურებს, ვეღარ ყიდულობენ ძვირად ღირებულ საცხს. არადა, ეს პროდუქცია ჩვენს კომპანიას 12 წლის მანძილზე შემოჰქონდა. თუ ჩვენი შემოსავალი თებერვალში 50.000 ლარი იყო, ოქტომბერში 25.000 ლარამდე შემცირდა.

- საინტერესოა, ალტერნატივად რას იყენებენ ქალბატონები?

- არაფერს ან "შინაურ კოსმეტიკას", საიდანაც პრობლემური სახის კანისთვის ბევრი რამ მავნებელია. დღეს სოციალური ქსელით უამრავი ადამიანი ავრცელებს საკუთარი კოსმეტიკური ნაწარმის რეკლამას, რისი მომხრეც ვერ ვიქნები, რადგან დარწმუნებული არ ვარ მათ კომპეტენტურობაში.

"ხალხი სალონში თმის შესაჭრელადაც აღარ შემოდის"

მოთხოვნა შემცირდა ფრჩხილის მოვლის საშუალებებსა და თმის საღებავებზეც, ამან კი არაერთი სილამაზის სალონის დახურვა გამოიწვია:

ნატა ნადრაშვილი, სილამაზის სალონის მენეჯერი: - სილამაზის სალონებში არათუ პედიკიურის ან მანიკიურის გაკეთება შეწყდა, არამედ ხალხი თმის შესაჭრელად და შესაღებადაც აღარ შემოდის. თუმცა, იმ სალონების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობს, კლიენტი, ძირითადად, მკვეთრი ფერის ლაქსა და თმის საღებავს ითხოვს. ჩემი აზრით, ამით ხალხი ცდილობს, დაივიწყოს ის მძიმე განწყობა, რაც პანდემიის გამო გვაქვს.

"ახლა ძირითადად, მკვეთრი ფერის საღებავი იყიდება: წითელი, მწვანე და ლურჯი"

ანზორ მამედოვი, კოსმეტიკური ფირმის მენეჯერი: - ათეული წლებია, თმის საღებავების კომპანია მაქვს. პანდემიის დასაწყისში ხალხი სალონებში არ მიდიოდა, მაგრამ საღებავებს ყიდულობდა და შინ აგვარებდა ამ პრობლემას. ახლა ეს საღებავებიც ნაკლებად იყიდება, რასაც ორი მიზეზი აქვს: ან ხალხი ცუდ ხასიათზეა და არაფერი უნდა, ანდა საღებავს ზოგავენ, რადგან შინ სხედან. ამ ეტაპზე, ძირითადად, მკვეთრი ფერის საღებავი იყიდება: წითელი, მწვანე და ლურჯი. ადრე ამ ფერებით ახალგაზრდობა მხოლოდ ზაფხულში იღებავდა თმას, ახლა კი ნოემბერი იწურება და ისევ ასეთი საღებავებია მოდური. ეს კარგია, თუმცა ჩემთვის მთავარია, პანდემიამ მალე გაიაროს...

"ქართული პირბადე" საუკეთესო ხუთეულში მოხვდა"

კოსმეტიკური საშუალებებისგან განსხვავებით, რამდენიმე ასეული პროცენტითაც კი მოიმატა პირბადეების მოთხოვნამ. ქართული ფირმის შეკერილი პირბადეები "ამაზონზე" განთავსების შემდეგ ინგლისურმა მედიამ საუკეთესო დიზაინის პირბადეების ხუთეულში შეიტანა და "დოლჩე და გაბანას" გვერდით მიუჩინა ადგილი.

მარიკა ღარიბაშვილი, ქართული პირბადეების მწარმოებელი: - პანდემიის დასაწყისში გვქონდა ჩვენივე შეკერილი საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია, რომელიც მაშინვე დავხურეთ, რადგან სიტუაციასთან გამკლავება ვერ შევძელით. ამ დროს შეწუხებულმა ახლობლებმა გვირჩიეს, რადგან ქსოვილი დაგრჩათ, იქნებ პირბადეები შეგეკერათ და გაგეყიდათო. ჩვენ, ცოტა არ იყოს, გვეწყინა ამის გაგონება, რადგან ხარისხიან საბავშვო ბრენდზე გვქონდა პრეტენზია და პირბადეებზე გადასვლა არ მოგვეწონა, თუმცა მერე ამ აზრს ჩავეჭიდეთ და ლამაზი ფერადი ქსოვილით პირბადეების კერვა დავიწყეთ... ამასობაში დაიწყო პროექტი, რომელიც პანდემიის პირობებში მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. ამ პროექტის საშუალებით მოვძებნეთ ფირმა, რომელმაც ჩვენი პირბადეები "ამაზონზე" განათავსა, წარმატება კი შემთხვევით აღმოვაჩინეთ, როდესაც ბრიტანული The Sun-ის სტატიას წავაწყდით. იქ ეწერა, რომ პორტალ "ამაზონიდან" საუკეთესო დიზაინერულ ხუთეულში მოხვდა სწორედ ჩვენი, ქართული პირბადე. და ის Dolce&Gabbana-სა და LANVIN-ის გვერდით აღმოჩნდა... მალე საბავშვო ტანსაცმელს განვათავსებთ, რომელიც ლამაზი და ხარისხიანია, პირბადე კი უკვე 29 000 ცალი გავგზავნეთ სარეალიზაციოდ.