"გადავწყვიტეთ და დავეხმარებით...ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ" - "გურული დღიურების" ფონდი ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის დედას დაეხმარება - კვირის პალიტრა

"გადავწყვიტეთ და დავეხმარებით...ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ" - "გურული დღიურების" ფონდი ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის დედას დაეხმარება

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის გადაწყვეტილებით "გურული დღიურების" ფონდი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 31 წლის ლევან ზურაბაშვილის დედას  დაეხმარება:

"ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევლები აიყვანა. ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო. აბა, ეს რას უშველის, არც არაფერს, მაგრამ "გურული დღიურების" ფონდში, რომელიც საგანმანათლებლოა, საახალწლოდ რომელიმე შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით. ახლა გადავწყვიტეთ და მას დავეხმარებით - ყოფილი მასწავლებელი გამოდგა ქალბატონი ლამარა" - წერ გიორგი კეკელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 31 წლის ლევან ზურაბაშვილის დედამ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა,

როგორც 73 წლის ლამარა ტერელაძემ "ფორმულასთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, სავარაუდოდ, მისმა შვილმა ეს ყველაფერი ეკონომიური პრობლემების ფონზე ჩაიდინა.

"ხელზე მაკოცა, დავლოცე და სამსახურში გავუშვი. ყველაფერმა იმოქმედა ეტყობა, დედაჩემს წამალი ვერ ვუყიდეო, მაღაზიიდან პურს ვალზე ვყიდულობთ... ეკონომიური გაჭირვება იყო მიზეზი, რომ ასეთი რამე ჩაიდინა. როგორც ჩანს, ცოტა დალია. ეს ლიმონკის ყიდვა საიდან მოიტანა?!ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ხალხს, ვინც ლევანმა გუშინ შეაწუხა. ძალიან გთხოვთ, აპატიეთ ლევანის და მაპატიეთ მე, როგორც ერთადერთი შვილის პატრონს. მე სხვა არავინ გამაჩნია. მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია. მე არ ვამართლებ. რას ქვია შეიჭრა?! მეც რომ ვიყო და ვიღაც შემოვარდეს, ძალიან შემეშინდება. ამ ხალხის წინაშე ძალიან მცხვენია" - ამბობს დაკავებულის დედა.

წყარო