კუო ფეი: "ბებია არის ჩემთვის ინსპირაცია ხელოვნებაში და ფანტაზიის წყარო" - კვირის პალიტრა

კუო ფეი: "ბებია არის ჩემთვის ინსპირაცია ხელოვნებაში და ფანტაზიის წყარო"

ექსკლუზიური ინტერვიუ მსოფლიოში ცნობილ მაღალი მოდის დიზაინერთან

კუო ფეი - ჩინელი დიზაინერი, მაღალი მოდის გამორჩეული წარმომადგენელი, ცნობილია მისი დახვეწილი და ექსტრავაგანტური სტილით. კუო ფეი მეორეა ლიბანელი დიზაინერის, ელი სააბის შემდეგ, ვინც 1868 წელს დაარსებული ფრანგული მოდის ფედერაციის (hambre syndicale de la haute couture parisienne) წევრი გახდა. მისი ყველა ჩვენება მსოფლიო მოდის ინდუსტრიისთვის აღმოჩენა და განსაკუთრებული წარმოდგენაა. 2016 წელს აშშ-ის ყოველკვირეულმა ჟურნალმა "ტაიმმა" კუო ფეი Time Magazine-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. პარიზში, სენტ ონორეს ქუჩაზე, ბრენდ "კუო ფეის" სათავო ოფისია. ამაჟამად დიზაინერი და მისი გუნდი ახალ კოლექციაზე მუშაობენ, მაგრამ კუო ფეიმ მაინც მოიცალა "კვირის პალიტრასთან" სასაუბროდ.

- 30 წელია, მოდის ინდუსტრიაში ვარ. თავიდან ვმუშაობდი დიზაინერად ბრენდისთვის, რომელიც აწარმოებდა მზა ტანსაცმელს. იქ ძალიან ბევრი საზღვრის დაცვა მიწევდა, ამიტომაც 1997 წელს ჩემი საკუთარი ბრენდი შევქმენი იმ იმედით, რომ მეტი თავისუფლება მექნებოდა ლამაზი სამოსის შექმნისთვის, თუმცა ამის შემდეგ მივხვდი, რომ მეტი საზღვრის დაცვა მომიხდა. მე მიწევს თითოეულ მომხმარებელთან პირისპირ შეხვედრა, მათი სურვილების გათვალისწინება. ჩემთვის ეს არის სერვისი, როდესაც აკმაყოფილებ მოხმარებლის სურვილებსა და ემოციებს. ყოველთვის ვოცნებობდი, ჩემი წარმოსახვით შემექმნა კაბები. ზუსტად ამას წარმოვადგენ პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე. მე ვიყენებ ამ კოლექციებს, რომ გამოვხატო ჩემი ემოციები, სამყაროს ჩემეული აღქმა, დროისა და სივრცის უსაზღვრო მშვენიერება. აი, ეს არის დიზაინერის ხიბლი.

- ბავშვობის მოგონებები გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე, კარიერასა და ურთიერთობებზე. თქვენზე რამ მოახდინა გავლენა? - თითქმის ყველა ინტერვიუში მინდა, ბებიაზე ვისაუბრო. ის არის ჩემთვის ინსპირაცია ხელოვნებაში და ფანტაზიის წყარო. ძალიან მიყვარდა ძილის წინ მისი ნაამბობი ზღაპრები სრიალა ქსოვილებზე, რომლებიც პეპლებითა და ყვავილებით იყო მოქარგული. მე ჯერ ისევ მათ ძიებაში ვარ. ჩემს ნამუშევრებში უამრავ ნაქარგ დეტალს ნახავთ - ეს არის სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ტექნიკის ნარევი და ბებიისგან გამოყოლილი ბავშვობის საყვარელი მოგონებებიც, რომლებიც ჩემს ნამუშევრებში აირეკლა.

- როგორია შემოქმედებითი პროცესი?

- შემოქმედებითი პროცესისთვის განსაზღვრული დრო არ არსებობს, რადგან ერთ წამში შეიძლება მოვიდეს მუზა და შექმნა - ასე იყო ჩემი კოლექციის - "არქიტექტურის" შექმნის დროს. აეროპორტში ლოდინის დროს შეიქმნა ამ კოლექციის მონახაზი. დიდი დრო სჭირდება მონახაზის ხორცშესხმას ქსოვილიდან დიზაინამდე, ნაქარგებს, დეკორაციულ დეტალებს. დასრულებას შეიძლება თვეები და წელიწადიც კი დასჭირდეს. ამ პროცესში კოლექცია ძალიან ბევრ ცვლილებას განიცდის.

- ძალიან ხშირად იყენებთ ოქროს. რატომ მაინცდამაინც ოქროს?

- ბავშვობაში ბებიას ვთხოვე ყვითელი კაბა, მაგრამ უარი მითხრა. მაშინ ყვითელი სამეფო ფერად ითვლებოდა. ჩემთვისაც ეს იყო განსაკუთრებული ფერი, სამეფო დიდებულების სიმბოლო. კოლექციაში "ლეგენდა დრაკონებზე" ყვითელი გამოვიყენე განსაკუთრებული ქალურობის გამოსახატავად. აქ ყვითელი მზის სხივებს ჰგავს, რომელიც ყველაფერს აცოცხლებს. ყვითელს ვიყებენ თავგანწირული ერთგულების გამოსახატავადაც.

- ვინ არის თქვენი მუზა, ბებიის გარდა? - უამრავი მუზა მყავს - ისტორიული პიროვნებები, მსახიობები, რომლებიც დროდადრო ჩემი ინსპირაცია ხდებიან. მაგალითად, ჩემი "ლეგენდების" ჩენება კონსერჟერიაში (ყოფილი სამეფო სასახლე და საპყრობილე პარიზში) გაიმართა, მისი ყველაზე ცნობილი პატიმარი კი მარია ანტუანეტა იყო. ამიტომაც შევქმენი კაშკაშა ქსოვილი, კაბაში კი, სახელად "მოჩვენება", რთული გადაბმის ტექნიკა გამოვიყენე. ეს კაბა გამოხატავს მის განწყობას საპყრობილის კედლებს შორის ხეტიალის დროს. იგი პრელუდიასავით იყო 2017 წლის იანვარში "ლეგენდების" ჩვენებაზე... კოლექციაში "ალტერნატიული უნივერსი" ინსპირაცია სალვადორ დალის სიურრეალისტური ქმნილებები იყო. ჩემთვის დალის ნამუშევრები პარალელურ სამყაროს გამოხატავს, რომლისაც მჯერა.

- თქვენ ირჩევთ მაღალ მოდას. რატომ? - მე არ მინდა, მოდა იყოს სწრაფად წარმავალი პოპულარული პროდუქცია, რომელიც მალევე მიეცემა დავიწყებას. იმედი მაქვს, ხალხი ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგაც შეიგრძნობს სილამაზეს. მინდა, კვალი დავტოვო მაღალი მოდის სტილით, რომელიც ამ ეპოქას ეკუთვნის.

- მოდის ლეგენდასთან, კარმენ დელ ორეფიჩესთან მუშაობის გამოცდილებაზეც გვიამბეთ. - ვეთაყვანები კარმენს. მან ორჯერ მიიღო მონაწილეობა ჩემს შოუში "1002 ღამესა" და "ლეგენდების" კოლექციების ჩვენებისას. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა შინაგანმა ძალამ, რომელიც დღემდე აქვს და სწორედ ამის გამოა ის ძალიან ელეგანტური. მას აქვს დიდი, ლამაზი გული, არის უაღრესად სათნო ადამიანი.

- როგორ ფიქრობთ, პანდემია გავლენას მოახდენს ფასეულობებზე? - პანდემიის პერიოდი მართლაც დაუვიწყარია ჩემთვის. მან ოდნავ შეანელა ცხოვრების ტემპი, ადამიანებს საშუალება მიეცათ, დაეფასებინათ სხვა ადამიანები და მოვლენები, ცხოვრებაზე ახლებურად ფიქრიც ვისწავლეთ.

ჩვენი 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ამ პერიოდში შეიქმნა. ინსპირაცია სავანების მისტიკური ველებია, რომელიც სიცოცხლის ხალისს გამოხატავს. ეს არის ცხოვრებისა და ბუნების ანარეკლი. იმედი მაქვს, მეტი ადამიანი მიაქცევს ყურადღებას მაღალ მოდას, რადგან ეს არ არის მხოლოდ ქსოვილი, რომელიც შეგიძლია ჩაიცვა. ის თქვენი შინაგანი სამყაროს გამომხატველია, გიწევთ კომპანიონობას და რეალობის მიღმა სილამაზით ტკბობის საშუალებას გაძლევთ, მით უმეტეს ახლა, პანდემიის პერიოდში. იმედი მაქვს, ადამიანები მაღალი მოდის ხიბლს უკეთ იგრძნობენ!