"გერმანიაში მცხოვრები თურქი ცოლ-ქმრის შექმნილ ვაქცინას მსოფლიო იმედით ელოდება" - კვირის პალიტრა

"გერმანიაში მცხოვრები თურქი ცოლ-ქმრის შექმნილ ვაქცინას მსოფლიო იმედით ელოდება"

10 წელზე მეტია, ჩვენი თანამემამულე მეგი სტემპენი გერმანიაში ცხოვრობს. საზოგადოებამ ის მეორე მსოფლიო ომში, გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების მიმდებარედ უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარიკაცების საფლავების ძებნით გაიცნო. ამჯერად მეგი გერმანიაში შექმნილ ეპიდვითარებაზე გვიამბობს:

- დიდ ქალაქებში უფრო რთული ვითარებაა, თუმცა პანიკა არსად იგრძნობა. ცდილობენ შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაიცვან წესები. პირბადის გამოყენება აუცილებელია არა მხოლოდ ხალხმრავალ ადგილებში, არამედ დახურულ სივრცეშიც.ქემნიცში, სადაც მე ვცხოვრობ, შედარებით სტაბილური სიტუაციაა. პატარა ქალაქია, უმეტესობა ასაკოვანია, რომლებიც შეძლებისდაგვარად ფრთხილობენ და მხოლოდ საჭიროებისას გადიან გარეთ. რაც შეეხება ჯარიმებს, ყველგან სხვადასხვა კანონი მოქმედებს. ჩემს ქალაქში უპირბადოდ სიარულის შემთხვევაში 60 ევროა ჯარიმა.

საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი. ძალიან ბევრს არ სჯერა ამ ვირუსის არსებობის, ან თუ სჯერა, ჰგონია, რომ გრიპის მსგავსია, რომელიც არ კლავს და ამას მსოფლიო "აფიორას" უწოდებენ.

- ზოგიერთი რეგიონი მართლა ჩაიკეტა?

- რეგიონების ჩაკეტვაზე არაფერი მსმენია. მიუხედავად ინფიცირებულთა დიდი რაოდენობისა, ქვეყანაში მსუბუქი ლოკდაუნია. დაიკეტა რესტორნები, კაფეები, კლუბები, სპორტული დარბაზები, სალონები... არ დაკეტილა სკოლები და ბაღები.

- სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოძახების შემთხვევაში სწრაფად მოდიან? - გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს და "სასწრაფო" გამოიძახოს. საერთო სურათით თუ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით აქაური ჯანდაცვა უძლებს და ისეთი რთული ვითარება არ არის, როგორიც, სამწუხაროდ, საქართველოშია. მსუბუქი პაციენტები სახლში მკურნალობენ, ოჯახის ექიმის კონსულტაციით.

- როგორ გამოიყენა გერმანიამ ზაფხული მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად, რა შეცდომებს აღიარებენ, ან თავს რით იწონებენ?

- ვფიქრობ, ზაფხული მოსამზადებლად არ გამოუყენებიათ, პირიქით, ძალიან ზერელედ შეხვდნენ მოახლოებულ საშიშროებას. გაიხსნა საზღვრები, ყველა დაწესებულება... ხალხის კეთილსინდისიერების იმედად იყვნენ, რამაც არ გაამართლა. იმ ადამიანების დაუდევრობის გამო, რომელთაც დღემდე არ სჯერათ ამ ვირუსის არსებობის და ბრაზობენ იმის გამო, რომ საღამოს რესტორანში ცხელ კერძს ვერ მიირთმევენ, დღეს მძიმე მდგომარეობაში ვართ.

ხელისუფლება შეცდომებზე ნაკლებად ლაპარაკობს. როდესაც დაინფიცირებულთა რაოდენობამ სწრაფად იმატა, ვერც მაშინ მიიღეს დროული გადაწყვეტილებები.

- ხალხის განწყობა როგორია?

- ჩემ გარშემო ყველა ცდილობს, მოერიდოს ხალხმრავალ ადგილებს და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეს გარეთ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, წელს საშობაო დღესასწაულები და ახალი წლის ღონისძიებები უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ მომავალი წლიდან ვიფიქროთ დღესასწაულებსა თუ შეხვედრებზე.

- საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გერმანული და ამერიკული კომპანიების - Biontech-ისა და Pfizer -ის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა ახალი ვაქცინა - BNT162b2. ვაქცინის შექმნაში უამრავი მეცნიერი მონაწილეობდა, განსაკუთრებული წვლილი კი თურქი ეროვნების გერმანიაში მცხოვრებ ცოლ-ქმარს - უგურ შაჰინსა და ოზმელ თურეჩს მიუძღვის. რა იცით მათ შექმნილ ვაქცინაზე? - Biotech-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, უგურ შაჰინის განცხადებით, კორონას კრიზისის დაძლევა 2021 წლის ზამთარში დაიწყება და ეს შესაძლებელია მასობრივი ვაქცინაციით. მაგრამ აღნიშნავს, რომ თავიდან დიდ შედეგს არ უნდა ველოდოთ, მისი მიზანია კრიზისის დასრულება 2021 წლის შემოდგომამდე... მედია იუწყება, რომ ვაქცინამ წარმატებით გაიარა საცდელი პერიოდი და 90%-იანი შედეგი აჩვენა. ევროპის კომისიამ კი უკვე გააფორმა ხელშეკრულება Biotech-სა და Pfizer-თან 300 მილიონ ვაქცინაზე... უგურ შაჰინი ექსპერიმენტული ონკოლოგიის პროფესორია. ის 4 წლისა ჩამოვიდა თურქეთიდან მშობლებთან ერთად გერმანიაში, 2002 წელს კი თურქ ქალბატონზე იქორწინა. მათ მიერ შექმნილ ვაქცინას ბევრი იმედით ელოდება, თუმცა ბევრიც არ ენდობა და თვლიან, რომ საკმარისი ექსპერიმენტები არ ჩატარებულა.

- მეზობელ ქვეყნებში რა ამბებია? - კორონავირუსს დაემატა პოლონეთში გავრცელებული ინფექცია - ღორის ცხელება. გერმანიის ჯარი ცდილობს, პოლონეთის საზღვარზე გააკეთოს ჯებირი, რათა გარეულმა ღორებმა ვერ შეძლონ გერმანიის ტერიტორიაზე შემოსვლა და ვირუსის გავრცელება.

- ეს ინფექცია ადამიანზე გადადის? - ღორის ცხელება მხოლოდ ცხოველიდან ცხოველზე გადადის, მაგრამ საფრთხეს უქმნის ფერმებს, სადაც ღორები ჰყავთ... თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, ჯარი განაწილებულია სხვადასხვა პუნქტში, მაგალითად, მოხუცებულთა თავშესაფრებში, სადაც ჯარისკაცები პერსონალს ეხმარებიან, ჯანდაცვის ქოლ-ცენტრებში, სადაც პასუხობენ სატელეფონო ზარებს... ჯარს დაევალა ვაქცინის დაცვა და ზედამხედველობაც, რათა არ გაანადგურონ იმ ადამიანებმა, ვისაც ამ ვირუსის არ სჯერა ან ამ ვაქცინის წინააღმდეგნი არიან.

ძალიან უჭირს მოხუცებულთა თავშესაფრებს. ერთ-ერთის ნაწილობრივი ევაკუაციაც კი გახდა საჭირო, რადგან ბევრი დაღუპული იყო. მოხუცებულთა ოჯახის წევრები გარეთ დგანან და მათ ფანჯრიდან ესაუბრებიან. ეს ძალიან სევდიანი სანახავია.

ჩემი 1 წლის შვილის დაბადების დღე მხოლოდ მე და ჩემმა მეუღლემ აღვნიშნეთ, არ მინდოდა ბებია-ბაბუა საფრთხეში ჩამეგდო. იმედია, მალე დავუბრუნდებით ძველ ყოფას და შევძლებთ ჩახუტებას.