"მამა იმაში, რაც არის მისი ცხოვრების აზრი, ვეღარ ხედავს ხვალინდელ დღეს და ამის გამო ცუდ ხასიათზე ვართ" - კვირის პალიტრა

"მამა იმაში, რაც არის მისი ცხოვრების აზრი, ვეღარ ხედავს ხვალინდელ დღეს და ამის გამო ცუდ ხასიათზე ვართ"

"ისეთი მამა, შვილს რომ კისერზე შემოისვამს და გაასეირნებს, მე არ მახსოვს"

ჩვენი სტუმარია ცნობილი თეატრალური ოჯახის წევრი, ყველასათვის საყვარელი მსახიობი ეკა ჩხეიძე. ჩვენი საუბარი ბევრ საინტერესო თემას შეეხო, თუმცა დაიწყო მილოცვით - ქალბატონი ეკას მამა, ცნობილი რეჟორი თემურ ჩხეიძე იუბილარია.

- 77 წლის გახდა, მაგრამ არ მივსულვართ, შორიდან მივულოცეთ. რა ვქნათ, გვეშინია. იმდენი ვართ, ყველა რომ ავსულიყავით, მერე გენახათ ხალხმრავალი შეკრება... ახალ წელს და აღდგომას ვხვდებით ხოლმე განსაკუთრებული მონდომებით, როგორც წესი, თემურთან. ძალიან მინდა, ამ ახალ წელს ეს ისევ შევძლოთ.

- როგორია ბატონი თემური როგორც რეჟისორი და როგორია ოჯახში, როგორც მამა? - როგორც მამა პასიურია და როგორც რეჟისორი - ძალიან აქტიური. ორი სხვადასხვა ადამიანია. როდესაც პიესაზე მუშაობს, სულ საქმეშია ჩართული, სახლში როცაა, მაშინაც გონებით რეპეტიციაზეა. ჩართავს ხოლმე ტელევიზორს, რომელიმე მატჩზე გადართავს და ვგრძნობ, რომ მექანიკურად უყურებს... თეატრით ცხოვრობს, ახლა კი არსებობის წყარო გადაჭრილი აქვს. რაც არის მისი ცხოვრების აზრი, იმაში ვეღარ ხედავს ხვალინდელ დღეს და ამის გამო ძალიან ცუდ ხასიათზე ვართ.

- პანდემიას გულისხმობთ...

- რა თქმა უნდა. არ ვიცით, როდემდე გაგრელდება ასე ცხოვრება. ამ რეჟიმს თავისი განწყობა შემოაქვს. უკვე ვცდილობ, აღარ მოვუსმინო ინფორმაციას. შვილი მყავს მილანში, სადაც ეპიდემია მძვინვარებს და ამას წინათ გახარებულმა დამირეკა, 30 000-ზე ჩამოვიდა ბოლო 24 საათში დაინფიცირებულების მაჩვენებელიო. 30 ათასი 24 საათში და უნდა გვიხაროდეს! ალბათ, სამყარო გაგვიბრაზდა - ამდენი შუღლი, მტრობა, ომები... ხალხი ძალიან დეპრესიული და ფარხმალდაყრილია. ზოგი გაბოროტდა, აღარ იციან, რა ქნან. უკვე გადარჩენისთვის იბრძვიან. უიმედობა როცა გიპყრობს, ძალიან ძნელია მომავალზე ფიქრი.

- გადავიდეთ უკეთეს თემაზე - იუბილარზე მიამბეთ... - პირველი შვილი ვარ. მე რომ დავიბადე, მამა 24 წლის იყო. რაც თავი მახსოვს, მამაც და ბებია მედიკოც სულ საქმიანები იყვნენ - თეატრი, რეპეტიციები, პრემიერები, გადაღებები... მეუბნებოდნენ, მამა არ შეაწუხო, ოთახშია, ფიქრობს... ისეთი მამა, შვილს რომ კისერზე შემოისვამს და გაასეირნებს, მე არ მახსოვს. ცეკვაზე მევლო, სპორტზე თუ ხატვაზე - ამ საკითხებს დედა აგვარებდა, თემურს ამისთვის არავინ აწუხებდა. ახლა უფრო მოიცალა შვილებისა და შვილიშვილებისთვის.

მახსოვს, ერთხელ, შუა სემესტრში, ბინა რომ შევიცვალეთ, სკოლის გამოცვლამ მომიწია და მამას ვთხოვე, უცხო სკოლაში შენ მიმყევი-მეთქი. მიმყვა. დიდი პატივით მიგვიღეს, სკოლის დირექტორმა - საუკეთესო კლასში დავსვამ, ასე ვიზამ, ისე ვიზამო. მთელი სკოლა მოგვატარა. მეორე დღიდან მთელი სკოლა "რაიკომის მდივნის" შვილს მეძახდა, ოღონდ ზოგიერთს მამას მონაწილეობით ფილმი ნანახი არ ჰქონდა და მართლა რაიკომის მდივნის შვილი ვეგონე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მამა სკოლაში გამყვა.

- თქვენს პროფესიულ არჩევანს როგორ შეხვდა? - მას და მედიკოს უნდოდათ, ეს გზა ამერჩია, რადგან ორივე მიშა თუმანიშვილის ფანატიკოსი იყო და მე რომ სკოლა დავამთავრე, იმ წელს სწორედ მიშა თუმანიშვილი იყვანდა ჯგუფს... თავიდან არ მინდოდა, მაგრამ მერე მომეწონა. ეს პროფესია, ალბათ, მაინც მიშა თუმანიშვილმა შემაყვარა, დროთა განმავლობაში კი ჩემი გახდა.

- რომელიმე როლი განუხილავს მამას თქვენთან ერთად?

- კი, რომელზეც ერთად გვიმუშავია. რომელზეც ერთად არ ვმუშაობთ, იმ სპექტაკლს ესწრება, მაგრამ მხოლოდ ორიოდე სიტყვას გეტყვის: "ყოჩაღ, მამა", დანარჩენი სახეზე ეტყობა.

- ბატონ თემურსა და ქალბატონ მედეას როგორი დედაშვილობა ჰქონდათ? - მედიკოსთან რომ ვცხოვრობდი, პატარა ვიყავი. მამიდაჩემი მაკა თავისი ქმარ-შვილით, მე, დედაჩემი, თემური, მედიკო, კოტე მახარაძე - ყველა ერთად ვცხოვრობდით დიდ ბინაში, პეკინის ქუჩაზე. მერე გაყიდეს ის ბინა და დავიშალეთ... ოჯახში დედის კულტი იყო. მედიკო სამივე შვილისთვის იყო დედაბოძი. სიცოცხლის ბოლომდე სამივე შვილი ხელისგულზე ატარებდა.

- ბებოს არ ეძახდით? - ბებია არასდროს დამიძახია. ერთად რომ ვცხოვრობდით, მაშინ კოტე მახარაძე იყო მედიკოს ქმარი და პირველად მედიკოს დავუძახე ტატა, კოტეს კი - დუდა. მას შემდეგ შინაურ წრეში მათ ყველა ასე მიმართავდა. ჩემი შერქმეული სახელები შერჩათ.

მედიკო ისე ლამაზად ლაპარაკობდა მეგრულად, ფრანგული გეგონებოდა. სხვათა შორის, კოტემაც იცოდა მეგრული...

- მამა თქვენს გათხოვებას როგორ შეხვდა? - არასდროს ზედმეტ კითხვას არ დასვამს, არავის პირად ცხოვრებაში არ ერევა, არც გვეწინააღმდეგება. პირიქით, რითიც ჩვენ ვიქნებით ბედნიერი, იმით იქნება კმაყოფილი.

- როგორი ბაბუაა? - წელს წუწუნებდა, წეროვანში სულ მარტო ვარ, არც ერთ შვილიშვილს აღარ უნდა აქ გაჩერებაო. ხუთი შვილიშვილი ჰყავს და ხუთივე ჭკვიანი. ეს ახარებს თემურს. კიდევ ერთხელ ვულოცავ! მინდა დიდხანს მყავდეს ჯანმრთელად.