"დღემდე დავრჩით მიხოდ, კატოდ და სოფოდ" - კვირის პალიტრა

"დღემდე დავრჩით მიხოდ, კატოდ და სოფოდ"

ლიანა მოისწრაფიშვილი თითქმის სულ კიკეთშია. აქაური გარემო ყველაზე მეტად უნდა ინატრო - საყვარელი ადამიანები, ოთხფეხა მეგობრები და სუფთა ჰაერი. არ უყარს საჯარო ცხოვრება, ყურადღება. ამბობს, ამიტომაც ჩავაბარე კონსერვატორიაში, ფორტეპიანოსთან განმარტოვება ვარჩიეო, არადა, თავის თაობაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბავშვი იყო - ის ხომ ქვრივი მაგდანას უფროსი ქალიშვილის, სოფოს როლის შემსრულებელია ფილმში "მაგდანას ლურჯა". ფილმში როცა გადაიღეს, 15 წლის იყო...

- ორი წლის წინ ჩემმა შვილებმა გადაწყვიტეს, კიკეთში გვეცხოვრა, ძველი სახლი დაიწვა, ახალი კი ჩვენი ხელით ავაშენეთ. კვირაში სამჯერ მაინც აქეთ გამოვრბოდით... ხან ძაღლებისთვის საჭმლის ატანა იყო საჭირო, ხან - შეფითხვნა, ხან - შეღებვა. ყველანი მუსიკოსები ვართ, მაგრამ კარგად ავითვისეთ სამშენებლო საქმე. ზოგჯერ თბილისში ჩავდივარ და გული მიკვდება, ჩაცემენტებულ ქალაქს რომ ვუყურებ.

- გარდა ინსტრუმენტთან ურთიერთობისა, კიდევ რა საქმე გგვრით სიამოვნებას? - დიახ, მიყვარს ჩემი თავშესაფარი და როიალთან ურთიერთობა. მსიამოვნებს, როცა კარგი სიმღერა ან ლექსი დაიწერება, ნამცხვრის გამოცხობა, კერვა... მსიამოვნებს, ცუგებს რომ დავაპურებ და მადლიერი არიან. დღეები კი გარბიან...

- "მაგდანას ლურჯას" ხშირად უყურებთ? - დიახ და ახლა ვაფასებ, როგორი გარღვევა მოხდა მაშინ ქართულ კინემატოგრაფიაში. კი ეტყობა იტალიური ნეორეალიზმის გავლენა, მაგრამ ამან ვისზე არ მოახდინა გავლენა?! ამას ედავებოდნენ ორ დამწყებ რეჟისორს, რეზო ჩხეიძესა და თენგიზ აბულაძეს. არადა, ოცდახუთი წლისანი იყვნენ. არ ვიცოდი, მათთვის როგორ მიმემართა. მხოლოდ ათი წელი იყო ჩვენ შორის განსხვავება და ბიძიასა და ბატონოზე სიცილით იხოცებოდნენ...

კინოთეატრ "ამირანში" შეხვედრა მოგვიწყვეს. მოწვეული ჰყავდათ კინოსა და თეატრის მუშაკები. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ამ პატარა მარგალიტმა ოქროს პალმის რტო აიღო და დიდი ხნის მანძილზე "მოსფილმი" არ ამხელდა. 60-იანებში გაიგეს ჩვენთან და მოითხოვეს, პრიზი საქართველოსთვის გადმოეცათ. ახლაც არ ვიცი, ამ პრიზს რა ბედი ეწია. ფილმს რომ იღებდნენ, ეპიზოდებს მოსკოვში გზავნიდნენ და დასტურის შემთხვევაში აგრძელებდნენ მუშაობას - აი, ასე იყო მაშინ...

30 წლის შემდეგ ყველანი შევხვდით ბატონი რეზოს იუბილეზე, ფილარმონიაში. სიტყვით გამოსვლა მთხოვა ბატონმა რეზომ. ვუთხარი, რომ მერჩივნა სცენაზე დამეკრა, მაგრამ არაო - მიხო და კატო იტყვიან რაღაცას და შენც უნდა თქვაო. გამოვედი... პირდაპირი გადაცემა იყო პირველი არხით, დარბაზში შევარდნაძე იჯდა და დავიწყე, ბატონო რეზო, ძალიან დიდი მადლობა ლამაზი და საოცარი ბავშვობისათვის, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ იმის მერე სულ "ლურჯას" როლს ვთამაშობ-მეთქი. დარბაზი აგუგუნდა, ჩვენცო! რეზო გამიბრაზდა, რატომ თქვი ასეო. მერე ბანკეტზე აღარ წავედი - შემრცხვა, რომ გავაბრაზე.

- როგორ გახდით ამ ფილმის პერსონაჟი? - მუსიკალურ სკოლაში მოვიდნენ რეზო და თენგიზი. თეორიის პედაგოგი გავაბრაზე და გარეთ ვიყავი გაგდებული. დირექტორთან რომ შევიდნენ, უთქვამთ, ერთი პატარა გოგო ვნახეთ გარეთ და თუ შეიძლება შემოიყვანეთო. დირექტორს შევრჩი მე, აუღებელი ციხესიმაგრე - ასე მეძახდა. ჰოდა, დამიბარეს კინოსტუდიაში და გავხდი სოფო. სხვათა შორის, გადაღების დროს, გაგვაფრთხილეს, ნამდვილი სახელებით არ მიგვემართა ერთმანეთისთვის და დღემდე დავრჩით მიხოდ, კატოდ და სოფოდ. არ დამავიწყდება მათი ჩხუბი. მიხოს თმა უნდა მოექაჩა და კატოს ეტირა. კამერის ჩართვამდე უთანხმდებოდა ხოლმე, მიხო, იცოდე, მაგრად არ მომქაჩოო. თუ მაგრად მოქაჩავდა, იბუტებოდა...

- ბევრის გასაკვირად, თეატრალურში არ ჩაგიბარებიათ.... - მიხომ სარეჟისორო დაამთავრა, ნანიმ - სამსახიობო. ეს ურთულესი პროფესიაა. შენი თავი შენ არ გეკუთვნის, რეჟისორი ირჩევს როლზე არტისტს და ეს არ მომეწონა. სკოლა რომ დავამთავრე ოქროს მედალზე, მაშინ სამედიცინოზე ერთ საგანს აბარებდნენ მედალოსნები. დედას უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ ვუთხარი, არ შემიძლია მთელი ცხოვრება ავადმყოფებს ვუყურო-მეთქი, თუმცა მერე მთელი ცხოვრება ნემსი არ გამიგდია ხელიდან - ყველას მედდა მე ვიყავი...

- როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება? - როგორ და ნებიერა, ხელისგულზე ნატარები გოგო დავრჩი სრულიად მარტო ორი შვილით. პირველად პურის მაღაზიაში მარტო რომ შევედი და პურის ფასი ვიკითხე, ყველა გაკვირვებული დარჩა. მერე, როგორც ვანუა იტყოდა, არც ვაციე, არც ვაცხელე და გავზარდე ორი მუსიკოსი, ავაშენე დამწვარი აგარაკი, დავწერე 100 საბავშვო სიმღერა, გამოვეცი საბავშვო სიმღერების რამდენიმე კრებული, ასევე ლექსების კრებული, მუსიკის სახელმძღვანელო დამწყები პიანისტებისთვის, შევკერე უამრავი კაბა (მუსიკის მასწავლებლის შემოსავალი სასაცილო იყო ყოველთვის), ვინც დახმარებას მთხოვდა, ყველას ხელი გავუმართე, დავაპურე ქუჩის ცუგები და ფისოები...

მთავარია, იყო ოპტიმისტი, თან - გამოუსწორებელი!

"ვინც ეს ფილმი გააჩერა, მე იმისიო, შეიგინა გალაკტიონმა და წავიდა!"

რეზო ჩხეიძე "მაგდანას ლურჯას" გადაღებას ასე იხსენებდა: "ახალკურსდამთავრებულები ვიყავით მე და თენგიზ აბულაძე. სტუდიის დირექტორმა თითქმის უკვე დასრულებული ფილმის გაგრძელება აგვიკრძალა, არ მომწონსო! შემოქმედთა სექციამ გადაწყვიტა, ჩვენი ნამუშევარი ქართველი მწერლებისთვის ეჩვენებინა... ერთ მშვენიერ დღეს დაუძახეს მათ და აჩვენეს "მაგდანას ლურჯა"... ვდგავართ მე და თენგიზი აწურულები. იღება კარი და შემოდის გალაკტიონი თავისი პორტფელით. გავოგნდით. ეს კაცი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და არსად არ დადიოდა. მწერალი დემნა შენგელაია ჩემი ბიძა იყო, მეგონა, იმან უთხრა-მეთქი, მაგრამ ხელი გამიქნია, ეგ რამდენი ხანია, არ შემხვედრიაო. გალაკტიონი დაჯდა, ბოლომდე უყურა ფილმს, მერე ადგა და უცებ - ვინც ეს ფილმი გააჩერა, მე იმისიო, შეიგინა და წავიდა! აკაკი ბელიაშვილმა ცხვირსახოცი ამოიღო, ცრემლი მოიწმინდა, ეკრანს შეხედა და - ამ ეკრანს ბევრი კარგი ფილმი უნახავს, მაგრამ რაც ამ ბიჭებმა გვიჩვენეს, მსგავსი არასოდესო! მეორე დილას უკვე გამოკრული იყო ბრძანება ფილმის გაგრძელების შესახებ.