"გუშინ ჩამოთრეული მოერგო ამერიკას" - ყურს სწვდება შენ მიმართ ნათქვამი სიტყვები, შენი ქართველისგან..."
"გუშინ ჩამოთრეული მოერგო ამერიკას" - ყურს სწვდება შენ მიმართ ნათქვამი სიტყვები, შენი ქართველისგან..."
"მას შემდეგ ოცი წელი გავიდა. ეს სიტყვები კი ჩემი მუდმივი თანამგზავრია"

მზია წულუკიძე 20 წელია, ემიგრანტია. ამბობს, რომ მისი მიზანი სამშობლოში ამაყად დაბრუნებაა. სოციალურ ქსელში იმ ჯგუფს მართავს, რომელიც ქველმოქმედებას ეწევა და მრავალი ემიგრანტისათვის მხარდაჭერის სივრცედ იქცა, სადაც ყოველდღიურ პრობლემებს ცოტა ხნით მაინც ივიწყებენ და ერთმანეთს გულისნადებს უზიარებენ.

ქალბატონი მზია ემიგრაციაში ყოფნისას დაუმეგობრდა კლავიატურას და პოსტების სახით, თავის ნაფიქრს "ფეისბუკ"-მეგობრებს უზიარებს... აქ წერს არა მარტო თავის სატკივარსა თუ სიხარულზე, არამედ
ზოგადად, ემიგრანტობის ტვირთზე... მის ჩანაწერებს მცირეოდენი სახეცვლილებით გთავაზობთ, სტილი დაცულია:

"20 წლის წინ ჩავკიდე ხელი ჩემს ორ მცირეწლოვან ვაჟკაცს და ჩემს მეუღლესთან, გია ხავლოშვილთან ჩავედით საფრანგეთში. ის ყოფილი მეზღვაურია, 1999 წელს დატოვა საქართველო. მოგეხსენებათ, იმ დროისათვის საზღვაო კომპანია ფაქტობრივად დაიშალა და ეს გახდა მისი ემიგრაციის
მიზეზი - ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის...
მე და ჩემი მეუღლე 27 წელია, ერთად ვართ. მხოლოდ შტატებმა დაგვაშორა დროებით. ყოველ 4 თვეში მსტუმრობს, მაგრამ მაინც ეცოტავება. ვფიქრობ, ამ დროებით განშორებასაც მალე დავუსვამთ წერტილს. სამი ვაჟკაცის დედა და ორი ტყუპის ბებია და ორი უმშვენიერესი გოგოს დედამთილი ვარ. ჩემმა შვილებმაც ქართული ოჯახი შექმნეს შუაგულ ევროპაში. მიხარია, რომ ბავშვები ენის ადგმას ქართულად იწყებენ, ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა...
ალბათ გიკვირთ, ევროპაში დაფუძნებულს ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება რამ მიგაღებინათო? მიზეზი - საქართველოა. მე მყარი საფუძველი და დასაყრდენი მინდა შევიქმნა საქართველოში, წელგამართული რომ დავბრუნდე. მიზნის 80 პროცენტი მიღწეულია. დღეს ორი ქვეყნის ემიგრანტი ვარ. ევროპამ ბევრი რამ მასწავლა, ამერიკამ კი ფიქრს მიმაჩვია, ზოგჯერ ხმამაღლაც ვფიქრობ და ამას უნებურად ფურცლებს ვუზიარებ. ურთულესია ამერიკაში ცხოვრება, მორალურად, ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო, სხვანაირად ვერ გაუძლებ, დაგჯაბნის. მოგენატრა? გაგიჭირდა? ვერ გაიქცევი, ოკეანეს ვერ გადაცურავ, ამიტომ ამერიკაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს გმირებს ვუწოდებ. აქ სულიერი სიმარტოვე უნდა დაამარცხო..."

ინტერნეტსივრცეში შემოკრებილი ემიგრანტები
"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთის რჩეული ვარ, მსუბუქი სამსახურები მხვდება, ამის დამსახურებაა ჩემი აქტიურობა ინტერნეტსივრცეში. ჩემი ჯგუფი - "ემიგრანტის დღიურები ამერიკიდან" ადამიანური ურთიერთობის ნაკლებობის საფუძველზე შეიქმნა. მე ამ ჯგუფმა გადამარჩინა, მან ნაწილობრივ შემივსო ოჯახის მიტოვებით გამოწვეული სევდა. ეს ჯგუფი ყველა ემიგრანტისათვის საყვარელ ადგილად იქცა, სადაც ვკამათობთ, კორექტულად ვცვლით აზრებს და ერთმანეთს ვეხმარებით... ვეწევი საქველმოქმედო საქმიანობას სახელწოდებით "10-დოლარიანი აქცია". 10 დოლარი პირობითად, რადგან ხალხს მცირედი თანხითაც უნდა შეეძლოს სიკეთის კეთება. ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარი ამერიკაში - ეს ხალხის ნდობაა. საოცარი განცდა მეუფლება, როცა ვიღაც უპირობოდ მენდობა. აქ არ არის მხოლოდ თანხის ნდობაზე საუბარი. როცა უცხო ადამიანს, სულის სანუგეშებლად ჩემთან, უცხოსთან საუბარი მოუნდება და ამბობს: არ ვიცი რატომ, მაგრამ გენდობითო - მაშინ ვარ ყველაზე ბედნიერი..."

ამერიკაში მყოფები პანდემიის დროს
"აქ ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად შექმნილი იყო კრიზის-ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებული გახლდათ მოხალისე ექიმების, ფსიქოლოგების, ნავიგატორების, მობილური ჯგუფებით. ყველა ვმუშაობდით 24-საათიან რეჟიმში. იმ პერიოდში თანამემამულეების ცხოვრებით ვცხოვრობდით, ერთად გვტკიოდა, ერთად გვიხაროდა. სხვათა შორის, კრიზის-ცენტრიდან კარგი მეგობრები შევიძინე. გადაიარა პანდემიამ და სიმშვიდემ დაისადგურა...
ვგრძნობ, ბევრი ადამიანი შემომყურებს იმედის თვალით და სტიმულს ჩემგან ელოდებიან. ჰოდა, ერთ დღეს, მეგობრის დაჟინებული თხოვნით, ინტერნეტპროგრამის მეშვეობით სიმღერა ჩავწერე, გავაზიარე და, მოეწონათ. ახლა ამბობენ, სასწაული იუმორი და ღიმილი გაქვსო... ამასობაში აღმოვაჩინე, რომ როცა რაღაც ძალიან მტკივა, მუზა მსტუმრობს. ერთ-ერთი ასეთი დიდი ტკივილი იყო, როცა გარკვეული მიზეზის გამო, შვილის ქორწილს ვერ დავესწარი და ცრემლით ფურცლები დავასველე. სტრიქონი სტრიქონს მისდევდა. იმ დღეს მე მარტო ჩემი კი არა, ყველა ემიგრანტი დედის სატკივარს ვამბობდი: "შენ შვილის ქორწილი გაქვს. ჯერ ვერ ხვდები, თუ რა ხდება შენს თავს. მთლიანად ჩართული ხარ საქორწილო სამზადისში. ამაყი ხარ, ქალბატონო, ამაყი. ყველაფერი გრანდიოზული გიყვარს, მდიდრული და ქორწილიც ასეთი გინდა. შორიდან აკვირდები, აკონტროლებ. არ გინდა, არც ერთი ნიუანსი გამოგეპაროს. ნერვიულობისთვის დრო არ გრჩება. ტელეფონით ხელში იძინებ და იღვიძებ. ყველაფერი საუკეთესო გიყვარს და შვილის ბედნიერების დღეც საუკეთესო გინდა იყოს. პროფესიონალების ძებნას იწყებ და პოულობ კიდეც...
ყველაფერს უნდა გაუძლო. ბუზღუნებ, ჯუჯღუნებ, კამათობ, ათანხმებ... აი, ბოლო ნიუანსიც შეათანხმე და მერე ფიქრობ: ჩემი შვილების ქორწილის დღეს მეც უნდა ვიდედოფლო. უფლება არ მაქვს, შვილებს ჩემი გულის ტკივილი ვაჩვენო. ეს დღე მათია და ბედნიერები უნდა იყვნენო...
საათს დაჰყურებ. იქ, შორეულ საქართველოში უკვე თენდება, აქ კი ძილის დროა. ვერ იძინებ, იქ ხარ, შენს ოჯახთან. "მზია, არ გძინავს?" - მეუღლის მესიჯი შემოდის. "დაისვენე, ცოდო ხარ". მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ... ბოლოს ძილი მაინც თავისას შვრება და... ტელეფონზე ზარია: "დედი, დე, ჯვარი უკვე დავიწერეთ". ეკრანზე შვილების ბედნიერ სახეს ვხედავ. ცხვირის ნესტოსთან ტკივილს გრძნობ, რომელმაც ძვლამდე მიაღწია. ეს ტკივილი ყველა ემიგრანტი მშობლის ხვედრია... "ჩვენ დღეს სულიერად მაინც ერთად ვიქნებით. შენი დედა ისეთი იქნება, როგორიც შენ გინდა", - ვამბობ და...
და მე მარტო ვიდექი სასმისით ხელში, ყელმოღერებული, მედიდური გამოხედვით, მაგრამ გულში დიდი ტკივილით; ტკივილით, რომელიც კარგად შევფუთე, ის მხოლოდ ჩემია. ტკივილი, რომელიც მაძლიერებს..."

"საქართველოვ, თუნდაც მაგრძნობინე, რომ შენც გჭირდები"

"სხვისი ბებოსთვის ანგელოზად მოვლენილი, საკუთარი შვილიშვილებისათვის "ეკრანის ბებო" ხარ. გტკივა, გტკივა შენი ცხოვრების განვლილი წლები, რომლებიც დაკარგე. კადრივით უკან გადაახვიე, მაგრამ ვერაფერს ცვლი - გისოსებია, რომლებიც თავად შევქმენით. ამერიკა თავისუფლების ქვეყანაა, ჩვენთვის კი... დამიძახე, საქართველოვ, თუნდაც მაგრძნობინე, რომ შენც გჭირდები. დავიკარგეთ, საქართველოვ, შვილები გეკარგებით. ყველას დავითობას და თამარობას ნუ მოგვთხოვ, საქართველოვ! როგორიც ვართ, ისეთი შეგვიყვარე! ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით!"

"ვინა ვარ მე?"

"ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ შევეცდები. საქართველოს ულამაზეს კუთხეში, აჭარაში დავიბადე. მამის ნებიერამ, ამაყმა და ლიდერის თვისებით დაჯილდოებულმა, ყოველთვის ვიცოდი ზღვარი უფროს-უმცროსობას შორის. ზღვის ტალღებივით მოუსვენარი და ცხრათვალა მზის სხივივით თბილი ვარ. ეს სამი ადამიანის დამსახურებაა: დედის, მამის და ბებიის. ბებოსი, რომლის კარი უამრავი გაჭირვებული ადამიანისათვის მუდამ ღია იყო. სხვისთვის მუდამ ხალისიანი მზიას სამყარო სევდიანია - ეს მამის დაკარგვით გამოწვეული სევდაა, მოუშუშებელი ტკივილი.
ინსტინქტურად, მატარებლის ვაგონის ხმაური მოიტანა ქარმა... ვაგონი - ადგილი, სადაც მამა-შვილი, პირისპირ მჯდარი, მდუმარედ შევყურებდით ერთმანეთს, სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდით... - შვილო, შენ ცხოვრების რთული გზა აირჩიე, მიგრანტობა... ერთი რამ დაიმახსოვრე: სხვისი ტკივილი საკუთარ ტკივილად გაიხადე, სხვისი ბედნიერებით შენც გაიხარეო, - მითხრა. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა. ეს სიტყვები კი ჩემი მუდმივი თანამგზავრია.
ვფიქრობ, პირნათლად ვასრულებ მამის დარიგებას. მიყვარს ბედნიერი ადამიანების სახის ხილვა. ეს სტიმულს მაძლევს, უკეთესი ვიყო...
დედა - მე მისი ხასიათი გამომყვა, გრძნობების გულში ჩაკვლა. ვსაუბრობთ, ვეფერებით ერთმანეთს, ოღონდ არ ვწუწუნებთ; არ ვიმჩნევთ, თუ როგორ გვიჭირს ერთმანეთის გარეშე. როცა ვხვდებით, სადაცაა ცრემლმა უნდა დაგვჯაბნოს, ერთმანეთს ვემშვიდობებით...
ეს ურჩი ცრემლი წერის გაგრძელების საშუალებას არ მაძლევს, თუმცა უხმოდ ტირილს დიდი ხანია მივეჩვიე...
ბუნებით მგრძნობიარე და რომანტიკოსი ვარ. უბრალო რამე მწყინს და წვრილმანი მაბედნიერებს..."

ბებო...
"დღემდე მახსოვს მცხეთელი ბებო, რომელიც შვილის გადასარჩენად მინდვრის ყვავილებს ყიდდა, წამალი რომ ეყიდა. ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მისი ახლოს გაცნობა და გულში ჩახუტება.
დღემდე სულს მიფორიაქებს მისი ცრემლები... ალალი და გულწრფელი.
ის ჩემს ბებოს მაგონებდა და წარსულში მაბრუნებდა... სახლი ტყის პირას... ყოჩივარდები...
თვალცრემლიანი ბებოს უკანასკნელი სიტყვები:
იქნებ აღარც კი დაგხვდე ცოცხალიო...
ვერ დავიტირე... ვერ გავაცილე... რამდენიმე წლის შემდეგ კი უხმოდ ვიდექი მის საფლავთან, თავჩაქინდრული, დარცხვენილი...

"სხვისი ხელით გველს ვერ დაიჭერ"

"ისევ მამის სიტყვებს მოვიშველიებ: სხვისი ხელით გველს ვერ დაიჭერ, შვილო... ყველა საქმის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ... ადრე ვენდე, ასე უბრალოდ, გულწრფელად. საკუთარ თავს ვუთხარი: შენ ხომ გენდობა ხალხი და მოდი, ერთხელ შენც ენდე-მეთქი... ჰოდა, იმედგაცრუებაც ვიგემე. თვალებაციმციმებულ ემიგრანტებს იმედი ჩაგვიკლეს... ველოდით ჩვენ მიერ გახარებული ოჯახის ახალმოსახლეობით გამოწვეულ სიხარულს, მაგრამ....
ჩვენ ვაპატიეთ, თუმცა ვანახვეთ ჩვენი ძალა... არა ვართ ხელწამოსაკრავი და დასაკარგი ხალხი... გვატკინეს, მაგრამ არ დავნებდით... ვიღაცას შია, ვიღაცას მხოლოდ ნუგეში სჭირდება, ვიღაც იმედით მოგვჩერებია, ჩვენ მათ მარტო ვერ დავტოვებთ... სინდისი არ მოგვცემს ამის უფლებას...
ერთ დღეს საკუთარ ოჯახში იმ უამრავ სამადლობელ წერილთან ერთად, მარტო დავრჩები და ხანში შესული, თმაში ვერცხლშერეული, ამაყად მოვუყვები შვილიშვილებს, რომ ამ ცხოვრებაში მეც მიცხოვრია და მეგობრებთან ერთად, ჩემი წილი აგური დამიდვია ამ წუთისოფელში; წუთისოფელში, სადაც არაფერია მარადიული..."

როცა ემიგრანტი მდიდარი ჰგონიათ...

"ერთხელ, დილით, ახალგაღვიძებულს პირადში წერილი მხვდება: "მომწერეთ, საქმე მაქვს".
ფოტოდან ახალგაზრდა გოგო მიცქერის. ვიფიქრე, ვუპასუხებ, ვინ იცის, რა უჭირს-მეთქი. არც აცია, არც აცხელა და მწერს: "გათხოვილი ვარ. დედასთან ვცხოვრობ. ჩემი დაც გაშორებულია... დედა, მამა... ნუ, მოკლედ, ბევრნი ვართ..." ჩემი ინტერესი უკვე პიკს აღწევს და ვეკითხები: "მერე?" "ბინა ან დამიგირავე, ან ფული მასესხე, თორემ დეპრესია მეწყებაო..."
მოკლედ, ახლა ვეძებ ადამიანს, ვისაც მიცვალებულებთან შეუძლია კონტაქტი. ჰკითხოს ცხონებულ მამაჩემს, სადმე ნახევარდა მყავს? არადა, მთელი ცხოვრება პატიოსანი კაცი მეგონა..."

"მე, ამერიკა და ჩემი თანამემამულეები..."

"ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჰოდა, მეც დღეს რატომღაც, ჩემი თვალით დანახული ამერიკაში მყოფი ქართველების ამბის თქვენამდე მოტანა მომინდა... თვითმფრინავი ბევრისთვის ნანატრი ქვეყნის აეროპორტში დაეშვა და აქედან დაიწყო ყველაფერი...
პირდაპირ ქართველთან და პირველი დისკრიმინაციის ფაქტები თავისუფლების ქვეყანაში - ქართველისგან.
პირველი ცრემლი და პირველი თანადგომა - ისიც ქართველისგან, მადლობა მას ამისათვის...
ქართველისგან გაქცეულს ისევ ქართველისგან ნუგეშისცემა მხვდა წილად... თავისუფალ საუბარს მოწყურებული, არ ვიცი, რამდენ ხანს ვსაუბრობდი, ის კი მისმენდა, არ მაწყვეტინებდა... ალბათ მისთვის არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელი, ვინც ასე იქცეოდა...
რამდენიმე საათის შემდეგ ყველაფერი გავაცნობიერე... ბოდიში მოვუხადე... ჩაეღიმა და ჩუმად მითხრა: არა უშავს... მე მისი არც სახელი მახსოვს და არც გვარი, მას მერე არც შემხვედრია, მაგრამ მე ამ ქართველი ვაჟკაცის კეთილი საქმე მახსოვს...
უკვე ვმუშაობ... ანაზღაურება დიდი არაა, მაგრამ თავს ადამიანად ვგრძნობ... ამერიკელები თავს მევლებოდნენ... დილით გაღვიძებისთანავე მაცივართან მივდიოდი, რადგან ვიცოდი, ჩემთვის ახალი ნამცხვრები ექნებოდათ გამზადებული... შაბათ-კვირას მე მითმობდნენ. ისინი მათვალიერებინებდნენ ბევრ რამეს და ცდილობდნენ, ჩემთვის ესიამოვნებინათ. თუმცა, ბრაზდებოდნენ კიდეც, ვერაფრით რომ ვერ მაკვირვებდნენ...
მოვიწყინე... ქართული ურთიერთობა მენატრებოდა... არ ვიცი, შეიძლება შეცდომაც აქ დავუშვი... სოციალური ქსელი "დავიმეგობრე". აქ ყველა კარგი მეგონა, გულწრფელი... მერე გაჩნდა პირველი ჭორები, უკვე შენით ინტერესდებიან...
ზოგს ფულმა სული გაუხრწნა... სხეულის ხრწნას შეაჩერებ, მაგრამ სულის ხრწნა როცა ეწყებათ, არაფერი შველის... არადა, ისევ გულუბრყვილოდ უყურებ ყველაფერს... ვერ იგებ, რატომ, რისთვის...
"გუშინ ჩამოთრეული მოერგო ამერიკას" - ყურს სწვდება შენ მიმართ ნათქვამი სიტყვები, შენი ქართველისგან... გეცინება... სადაც არ უნდა იცხოვრო, თავში თუ არაფერი გიყრია, მაინც შეუმდგარი დარჩები...
მერე გამოჩნდებიან ისევ კარგი ადამიანები...
ისევ გვერდში დგომა... ვატყობ საკუთარ თავს, ნელ-ნელა ვიცვლები... ვახლობლობ, მაგრამ აღარ ვენდობი... არ გინდა, მაგრამ ცხოვრება შეგცვლის... რაც ჩემს სულს არ შეეხო და ვერ შეცვალა, ეს კაცთმოყვარეობაა... მტკენენ, მაგრამ ვერ ვიძულებ...
თვალებს ვხუჭავ... წარსულში ვეშვები...
თვალწინ ბიძაჩემი დამიდგა... მახსოვს, ყოველ კვირას როგორ ველოდებოდით. კაცი სპეციალურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოდიოდა ბათუმიდან, რათა შემდეგ სოფლის ყველა მეზობლის ჭიშკართან გაჩერებულიყო და მათი ამბავი ეკითხა... გეცინებათ, არა, ამაში უცნაური რა არისო? არაფერი... უბრალოდ, მინისტრის მოადგილე იყო და მანქანა ემსახურებოდა... მგონი ხვდებით, რისი თქმა მინდა...
ვიღაცამ მუჯლუგუნი მკრა და მომაფხიზლა...
დამთავრდა, მზია, ასეთი ურთიერთობები, გამოფხიზლდი... მე კიდევ ისევ ურცხვად ვეჯიუტები... არასოდეს: ჩემი სახით, ჩემი შვილების სახით, ჩემი ახლობლების სახით, ბევრი კარგი ქართველის სახით, ჩვენ ვიარსებებთ...
ერთეულების ქმედებით არ იზომება ჩვენი ქართველობა! მტკივა, მაგრამ ვპატიობ... ჩემია... ქართველი ჰქვია... დამილოცე, უფალო, ჩემი ქართველები უცხო მიწაზე...
ამერიკა არ ცვლის, არც ევროპა რყვნის... უბრალოდ, ყველანი ჩვენს სახეს ვავლენთ..."

დაბოლოს...

"მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილმა და უცხო მხარეს შეხიზნულმა, ნამდვილი მეგობრობის ფასი ვისწავლე... სამშობლოს ფასი ვისწავლე და აღმოვაჩინე, რომ ულამაზესი ქვეყნის შვილი ვყოფილვარ... და ყველაფერთან ერთად ერთი ქართველი ქალი; ქალი თავისი კაპრიზებით, ემოციებით... და ვარ ქალი, რომელიც ხმამაღლა ფიქრს მიეჩვია".

ლიკა ქაჯაია
ჟურნალი "გზა"

ტოტო
23 ნოემბერი 2020 07:57
ძალიან პოზიტიური ქალბატონია.
მამუკა
23 ნოემბერი 2020 01:43
ძნელია ემიგრანტობა და ვისაც განოუცდია იცის რას ნიშნავს ეს სიტყვა რომელიც განაჩენივითაა ბევრი ქართველისთვის.ეხლა საქართველიში ვარ მარა ვერ ვუტყვუ რო ბედნიერი ვარ და ისევ საზღვარგარეთ ვფიქრობ წასვლას და იმიტო კი არა რო მინდა,იმიტო რო საჭიროა,მიხვდებით ალბათ
kolxi
23 ნოემბერი 2020 00:11
ნამდვილი ქართველი კეთილშობილი მანდილოსანი
ნეტავ ბევრი ჰყავდეს თქვენნაირი საქართველოს

პატივი ეცით მანდილოსნებს მათ ვარდები მოაქვთ დედამიწაზე ზეციდან. შილერ გერმანელი პოეტი.


რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები