მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ გიორგობას აღნიშნავს - კვირის პალიტრა

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

ხვალ ასევე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის დღესასწაულია. დღესასწაული 2004 წლის 23 ნოემბერს აკურთხეს.

სადღესასწაული წირვა-ლოცას სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

რელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

ამავე ინფორმაციით, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა.

კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.