"მე ვერავინ მმართავს. სხვათა შორის, კომუნისტების დროსაც ვერ მმართავდნენ..." - კვირის პალიტრა

"მე ვერავინ მმართავს. სხვათა შორის, კომუნისტების დროსაც ვერ მმართავდნენ..."

"პრიორიტეტი არის ხალხი! მაშ, რისთვის ვირჩევთ მთავრობას? ვირჩევთ, რათა ჩვენი ქვეყნის, ხალხის მომავალი უკეთესი იყოს, ქვეყანა თუ არ გიყვარს, მარტო ჯიბისთვის არ უნდა იცხოვრო"

ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა საზოგადოების რადიკალიზაცია და პოლიტიკური დაპირისპირება. ხშირად ცნობილი ადამიანებიც გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ სიმპათიებს, აქტიურად ჩნდებიან ლიდერების მხარდამჭერ მიტინგებსა თუ კონცერტებზე, რის გამოც ხშირად ხდებიან გაკიცხვის ობიექტი. სწორედ ამის შესახებ ვესაუბრეთ მომღერალ მერაბ სეფაშვილს.

- ჩემი აზრით, მსგავსი რამ მხოლოდ დაბალი განვითარების ქვეყნებში ხდება, თუმცა ამერიკაში ჩატარებულმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ საზოგადოება ლიდერების გამო იქაც უპირისპირდება ერთმანეთს, იქაც გამოხატავენ პროტესტს, იქაც ზოგი ბაიდენის აქტიური მომხრეა და ზოგიც - ტრამპის, თუმცა ამას ტრაგედიად არ აქცევენ. შენ შენი აზრი გაქვს და ვისი მომხრეც გინდა, იყავი, ამის გამო იქ არავინ გაგაკრიტიკებს და არც შეურაცხგყოფს, საქართველოში კი სხვა მდგომარეობაა. ფაქტი, რომ საზოგადოება ორ რადიკალურ მხარედ არის დაყოფილი, ცუდია. სხვათა შორის, ხალხი თვითონვე უწყობს ხელს ამ პროცესს. ვფიქრობ, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის იდეოლოგია უნდა იყოს ის, რომ მოქალაქეები ერთმანეთს არ დაუპირისპიროს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რადიკალიზაციას კარგი არაფერი მოაქვს. უკვე გავლილი და ნანახი მაქვს ბევრი რამ და ვიცი.

- რას გულისხმობთ? ძველ ამბავს ხომ არა, როდესაც წლების წინ საზოგადოების ნაწილი გაკრიტიკებდათ ერთი კონკრეტული სიმღერის გამო - "ჩემი გმირი გიწოდე" თქვენ მიხეილ სააკაშვილს მიუძღვენით... - მაკრიტიკონ, კი ბატონო, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მეც მაქვს ჩემი აზრი და მას არ შევიცვლი!

ჩემი აზრი იქით მიდის, საითაც მიდიოდა 90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის დროს, როცა გვებრძოდა რუსეთი და ეს ომი დღემდე გრძელდება. მე ვდგავარ იმ მხარეს, საითაც ჩემი ქვეყანაა და ვიქცევი ისე, როგორც, ჩემი აზრით, მას სჭირდება.

- კრიტიკა არ გწყინთ? - ადამიანურად ძნელია, თავიდან შეიძლება გულიც გეტკინოს, მაგრამ მერე აღარ აქცევ ყურადღებას.

ადამიანების გეგმაზომიერი ზომბირება მიდის. შეხედეთ, ტელევიზიებში რა ხდება! ყველა აზრი საინტერესოა, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა გაცხარებული და თავგამოდებული ოპონირება, მით უფრო - ძალისმიერი ხერხებით, მართებულად არ მიმაჩნია.

- თქვენს ყველაზე მეტ გულისწყრომას რა იწვევს, ან რას მიიჩნევთ იმ ხელისუფლების მთავარ შეცდომად, რომელიც ამ ეტაპზე გვმართავს? - მე ვერავინ მმართავს. სხვათა შორის, კომუნისტების დროსაც ვერ მმართავდნენ... ჩამონგრეულია ყველაფერი... ჩემი გულისტკივილი ის არის, რომ ეს ქვეყანა ვერ ჩამოყალიბდა, ვერ დალაგდა, ხალხი ვერ ცხოვრობს ლაღად და ბედნიერად. მე ხომ არ ვითხოვ მინისტრობას ან პოლიტიკაში მოსვლას? რომ მინდოდეს, როგორმე მეც გავხდებოდი დეპუტატი, როგორც ბევრი სპორტსმენი თუ მსახიობი გახდა, მაგრამ ჩემი პროფესია ყველაზე მეტად მიყვარს და ვფიქრობ, ასე უფრო ვემსახურები ჩემს ხალხს, ვიდრე პარლამენტში ჯდომით. მხოლოდ ის მინდა, რომ ადამიანები ადამიანურად ცხოვრობდნენ, რასაც, უკვე 30 წელია, ვერ ვხედავ. პრიორიტეტი არის ხალხი! მაშ, რისთვის ვირჩევთ მთავრობას? ვირჩევთ, რათა ჩვენი ქვეყნის, შვილებისა და ხალხის მომავალი უკეთესი იყოს, მაგრამ ფაქტია, საქმე კარგად არ არის. ქვეყანა თუ არ გიყვარს, მარტო ჯიბისთვის არ უნდა იცხოვრო - ასეთია ჩემი აზრი.

- ამ ბოლო აქციებზე თქვენმა გამოჩენამ და "ნაციონალური მოძრაობის" გამართულ კონცერტზე სიმღერამ კიდევ ერთხელ მისცა საბაბი საზოგადოებას, გაეკიცხეთ. ალბათ, მოისმინეთ კომენტარები... - კი ბატონო, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის საბავშვო ბაღია. კომენტარები ერთ მხარეს თუ უარყოფითია, მეორე მხარეს დადებითია და ეს შეფასება უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. არ უნდა დამალო შენი პოზიცია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გაქვს შენი აზრი და მალავ. დასამალი არაფერია, რასაც ფიქრობ, უნდა თქვა. მგონი, გვაქვს ამის უფლება.

- რა თქმა უნდა, გამოხატვის უფლება ჯერ არავის წაურთმევია, თუმცა პანდემიის პირობებში ხალხის ქუჩაში გამოყვანას მიზანშეწონილად მიიჩნევთ? - არ მინდა, გავიმეორო ნათქვამი, კორონა მომკლავს თუ შიმშილი, სულერთიაო. მოძველდა უკვე ეს ფრაზა, მაგრამ მართლაც ბევრი პრობლემა აქვს ხალხს, გამოსავალი კი არ ჩანს. მდგომარეობა გართულდება და მეტი ხალხი მივა აქციებზე, დამიჯერეთ! როდესაც პურის ფული არა აქვს ადამიანს, არ იცის, რა აჭამოს შვილს, მივა აქციაზე, აბა, რას იზამს?! და მივალ მეც. უპირველესად კი თუ ამ პანდემიას არ მივხედეთ, ყველაფერი გვერდით დაგვრჩება, რადგან ადამიანების ჯანმრთელობაა მთავარი.

როგორც ამბობენ, ეს ვირუსი ბევრ გართულებას იწვევს. ვისურვებდი, რომ ყველაფერი კარგად იყოს, თუმცა ეჭვი მეპარება, უახლოეს პერსპექტივაში მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც ყველას სჭირდება. ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხალხი ბევრს ვეღარ მოითმენს და ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა. მშიერი თუ ამოიხოცა ხალხი, რად გინდა ასეთი მთავრობა? არ მეთანხმებით?

- სახარბიელო მდგომარეობაში არ ვართ, თუმცა საზოგადოების უმეტესობას აღარც ძველი "ფილმის" ნახვა უნდა... - მთავარია, შენი ქვეყანა განვითარების რა ეტაპზეა და შენი ოჯახი და შვილები როგორ ცხოვრობენ. ხალხი მილიონებსა და მილიარდებს არ ითხოვს, ითხოვს პირობებს, რომ ადამიანურად ცხოვრება შეძლოს, მთავრობა კი ვალდებულია, ეს პირობები შეუქმნას!

ახლა რთულ მდგომარეობაში არიან და როგორ "გამოძვრებიან", წარმოდგენა არ მაქვს! გეგმაც კი არ აქვთ, რა როგორ იქნება...…

ნინო ჯავახიშვილი