"რომ გაჰყვირიან, მიშას გაუმარჯოსო, ვერ ხვდებიან, რომ ის უკვე წარსულია?!" - კვირის პალიტრა

"რომ გაჰყვირიან, მიშას გაუმარჯოსო, ვერ ხვდებიან, რომ ის უკვე წარსულია?!"

"სააკაშვილი უთვლის, გაანძრიეთ ხელი, თუ გინდათ, ჩამოვიდეო. ხელის განძრევა რას ნიშნავს? რომელია სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი - გვარამია, მშვილდაძე თუ გუბაზ სანიკიძე?"

"დაუკვირდით, როგორი არაჯანსაღი სახეები ჰყავთ, როგორი გამოსვლები აქვთ! ერთმანეთი არ უყვართ და რომელ სამშობლოზეა ლაპარაკი! მალე, ალბათ, ერთმანეთს დაჭამენ. საზოგადოების ამგვარი დანაწევრება და გახლეჩაც მიშას დამსახურებაა. ის მავანთათვის ღმერთი გახდა, არადა, რაც შეიძლება მალე უნდა მოათავსო მინის კამერაში და როგორც სამართალდამრღვევის საუკეთესო ნიმუში, შემოუნახო მომავალ თაობას, ლენინივით..." - ამბობს მსახიობი ბესო ზანგური:

- ასეთ ფორსმაჟორულ პერიოდში როგორ შეიძლება ისე მოქცევა, როგორც ამ მავნებლური, ფაშისტური ორგანიზაციის წევრები იქცევიან - აქციებს ვგულისხმობ. ფაქტია, ოპოზიციას არ ადარდებს ხალხის დაინფიცირება და აქციას აქციაზე აწყობს. რა დავაშავეთ მსახიობებმა? ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენატრება თეატრი. თუნდაც სატელევიზიო სპექტაკლები რომ გვქონდეს, რა მოხდება? გული მწყდება, რომ ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა კულტურას. ბარემ საქართველოს სახელწოდებაც შევუცვალოთ და დავარქვათ, მაგალითად, ექსპერიმენტული პოლიტოლოგიური ქვეყანა, ან რაღაც მსგავსი - მაინც ყველა პოლიტიკოსი გახდა დღეს, ჰოდა, აღარ იყოს არც ქართული ცეკვა, არც ტრადიციები...

- ყველა სიკეთესთან ერთად, საზოგადოება ორად გაიხლიჩა, მუდმივად ისმის შეურაცხმყოფელი ბრალდებები. ასეა თქვენს სფეროშიც... - ეს ტენდენცია 2003 წლიდან ჩამოყალიბდა - დაყოფა კლასობრივად და დაყოფა პარტიულად. ალბათ გახსოვთ, როდესაც ყველა პირობა შეუქმნეს რობიკო სტურუას, წასულიყო თეატრიდანაც და ქვეყნიდანაც. მან დადგა სპექტაკლი "მტრის ნიღაბი", მე მთავარ როლს ვთამაშობდი.

სამი წელი არ მქონდა ნათამაშები და დამინიშნეს სპექტაკლი იმ დღეს, როდესაც ციხის კადრები გავრცელდა. თამაშზე უარი ვთქვი და კინაღამ მეც შევეწირე სპექტაკლის ჩაშლას.

ამას წინათ სალომე სამადაშვილის ჩანაწერს რომ მოვუსმინე, ბევრი რამ მენიშნა. მართალს ბრძანებს ქალბატონი, როდესაც ამბობს, "ოცნების" მხარეს ერუდირებული და კეთილშობილი ადამიანები დგანანო. დიახ, ასეა, მართლაც ის ადამიანები დგანან, ვისაც უყვარს სამშობლო, თავისი ხალხი და სოცქსელში კამათისას არავის დაგიწყევლის...

დაუკვირდით, როგორი არაჯანსაღი სახეები ჰყავთ, როგორი გამოსვლები აქვთ! ერთმანეთი არ უყვართ და რომელ სამშობლოზეა ლაპარაკი! მალე, ალბათ, ერთმანეთს დაჭამენ. საზოგადოების ამგვარი დანაწევრება და გახლეჩაც მიშას დამსახურებაა. ის მავანთათვის ღმერთი გახდა, არადა, რაც შეიძლება მალე უნდა მოათავსო მინის კამერაში და როგორც სამართალდამრღვევის საუკეთესო ნიმუში, შემოუნახო მომავალ თაობას, ლენინივით. თუმცა, ვერაფრით ჩამოვიყვანეთ აქამდე... საზოგადოების ორად გახლეჩას არ ემსახურება ეს აქციებიც? როდესაც მსოფლიოში "ლოკდაუნია", ასეთ საქციელს გამართლება არა აქვს. რას ნიშნავს, არ ვემორჩილები კანონს? რომ გაჰყვირიან, მიშას გაუმარჯოსო, ვერ ხვდებიან, რომ ის უკვე წარსულია?

სააკაშვილი უთვლის, გაანძრიეთ ხელი, თუ გინდათ, ჩამოვიდეო. ხელის განძრევა რას ნიშნავს? რომელია სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი - გვარამია, მშვილდაძე თუ გუბაზ სანიკიძე?

საკმარისია რაც მოვიმკეთ და მივიღეთ - ჩარეცხილი ტვინები, გარეცხილი ნამუსი, ჩაშვების ინსტიტუტი... ტელევიზიები რომ დაარბიეს, ბიჭები რომ ხოცეს, ქონება რომ წაართვეს, ამ ყველაფრის გამოსწორებას დრო სჭირდება. მესმის ხალხის უკმაყოფილება, იქნებ მეც ბევრი მაქვს სასაყვედურო, მაგრამ ახლა ოპოზიციის ქმედება დანაშაულის ტოლფასია.

- უპირველესად რის გამო საყვედურობთ ხელისუფლებას? - კოაბიტაციის გამო. გარდა ამისა, საჯაროდაც არაერთხელ ვთქვი, რომ პრობლემები მაქვს - ხუთი შვილით ვრჩები ქუჩაში, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. ვერ დამეხმარა მთავრობა, მაგრამ ამის გამო "ნაციონალების" გვერდით დავდგე?

როდესაც დედა ცუდად გამიხდა, ბინა კერძო პირთან იპოთეკით დავტვირთე და თანხას ვეღარ ვაბრუნებ, ამიტომ სახლს ვკარგავ და სხვა საცხოვრებელიც არ მაქვს. თუმცა, რა ვალდებულია მთავრობა, მე თუ ვალი ავიღე, გამისტუმროს?..

ხშირად მეკითხებიან, "ნაციონალებს" რატომ ებრძვი, პირადად დაგიშავეს რამეო? აუცილებელია, პირადად შენ შეგხებოდნენ? შენს ქვეყანას რომ დაუშავა, შენს ხალხს რომ დაუშავა, ეს არაფერია? ბუტა რობაქიძე რომ მოკლა, ჩემი დაშავება არ არის? ვაზაგაშვილი რომ დახვრიტა და შვილის საფლავზე მამა ააფეთქა, ეს არ არის დაშავება? გირგვლიანზე აღარაფერს ვამბობ... მშვიდად იყვნენ, თორემ აქცია და გამოსვლები როგორი უნდა, ნახავენ! ეს არ არის მუქარა. მადლობა უთხრან ამ ხელისუფლებას, რომ ხალხს აჩერებენ, თორემ არანაკლებად დაგეშილები აქეთაც არიან...

ნინო ჯავახიშვილი