"ჩემთვის ეს ძლიერი დარტყმა გახლდათ. ჯერ კიდევ უკიდეგანო სტრესსა და ტკივილთან გამკლავება მიწევს"
23-11-2020
"ჩემთვის ეს ძლიერი დარტყმა გახლდათ. ჯერ კიდევ უკიდეგანო სტრესსა და ტკივილთან გამკლავება მიწევს"
"ჩემს სიყვარულს საქართველო და იტალია თანაბრად ინაწილებს. შესაბამისად, ვეცდები, იტალიაში ადამიანებს საქართველო შევაყვარო, საქართველოში კი - იტალია"

ცნობილმა სოპრანომ, წარმატებულმა მაესტრომ, პეზაროს აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მმართველმა - ნინო ლეჟავამ სამშობლოში ახალგაზრდების სწავლა-განათლებისთვის ხელშეწყობა გადაწყვიტა და თბილისში კლასიკური მუსიკის აკადემია გახსნა. ქალბატონ ნინოსთან ინტერვიუ სწორედ ამ სიახლეზე საუბრით დავიწყეთ.

- 10 წელია, რაც იტალიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ, აქედან 9 წელი - პეზაროს აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ, 2015 წლიდან კი -
მმართველი. რამდენიმე წელი ვფიქრობდი, მსგავსი აკადემია საქართველოში გამეხსნა. უკვე ერთი წელია, რაც ამ პროექტზე ჩემს პარტნიორთან - მედეა (მეკო) ქავთარაძესთან ერთად ვმუშაობ. ლოკდაუნმა პროცესები დააჩქარა, რადგან ამ პერიოდის გადატანა თბილისში მომიხდა: როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ლოკდაუნის დროს, როცა ყველაფერი პარალიზებული იყო, ჩვენ პროექტის განხორციელებით ვიყავით
დაკავებული. შესაბამისად, როცა ნელ-ნელა ქვეყანამ ლოკდაუნიდან გამოსვლა დაიწყო, პრაქტიკული სამუშაო პროცესისთვის, ფაქტობრივად, ყველაფერი მზად გვქონდა. ამან ხელი შეგვიწყო, რომ პირველ ოქტომბერს აკადემია ოფიციალურად გახსნილიყო, მანამდე კი მსურველების მიღება და მოსმენები გამოცხადდა (რაც დღესაც მიმდინარეობს). აკადემიაში საკმაოდ მოქნილი და მოსწავლე-სტუდენტებისთვის მაქსიმალურად მორგებული სასწავლო პროგრამა გვაქვს, რაც აკადემიური სასწავლო წლის გარდა, 1, 2 და 3-თვიან მასტერკლასებს ითვალისწინებს. აკადემია ორი დიდი მუსიკოსის - რენატა ტებალდის და მარიო მელანის სახელს ატარებს. თითოეულ კურსსა და ეტაპს ინდივიდუალური პროგრამა აქვს და სასწავლო საგნების რაოდენობაც მზარდია. აკადემიაში თითქმის ყველა მუსიკალური განხრა გვაქვს: ვოკალური, საფორტეპიანო, სიმებიანი, ჩასაბერი, საგუნდო-სადირიჟორო და ა.შ. "ჩავუშვით" ოპერეტის და მიუზიკლის კურსები (რაც აბსოლუტური სიახლეა), სადაც ახალგაზრდები ამ მუსიკალური მიმართულების შესწავლას პროფესიულ დონეზე შეძლებენ. წლის განმავლობაში, აკადემია მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსებს უმასპინძლებს, რომლებიც მასტერკლასებით, თავიანთ გამოცდილებას სტუდენტებს გაუზიარებენ. დაიგეგმება კონცერტები - საქართველოსა და იტალიაში, რათა ახალგაზრდა მუსიკოსებს ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგომის საშუალება მიეცეთ. აღსანიშნავია, რომ იტალიური ენის ცოდნა სავალდებულოა. მისი შესწავლა მეხუთე კლასიდან იწყება. დღეს არსებული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა ქვეყნიდან სტუდენტების მოზიდვა გაჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, მომავალი აკადემიური წლისთვის აკადემია ჩვენი მეზობელი და ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სტუდენტების მიღებას შეძლებს. წელსაც გვქონდა მოთხოვნა, სტუდენტები ყაზახეთიდან და რუსეთიდან მიგვეღო, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვეცა. მოგეხსენებათ, იტალიაში, ჩემს აკადემიაში მქონდა პრეცედენტი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან მიმეღო სტუდენტები. ამ მიმართულებით უფრო მეტად ვიმუშავებთ, რადგან კომუნიკაციისთვის მუსიკა უნივერსალური ენაა.

- პეზაროს აკადემიაში სამხატვრო ხელმძღვანელობას როგორ ართმევთ თავს?
- თბილისის აკადემიაში მე და ჩემი პარტნიორი დატვირთვას ვინაწილებთ. პანდემიის გამო, სოპრანოს ამპლუაში ნაკლებად ვარ დაკავებული, მაგრამ ვიმედოვნებ, ახლო მომავალში სიტუაცია შეიცვლება და შესაბამისად, უფრო მეტი მუშაობა, დროის სწორად განაწილება მომიწევს, თუმცა არც ეს მაშინებს. მნიშვნელოვანია პროფესიონალების გუნდის ჩამოყალიბება, მერე კი ეს გუნდი ნებისმიერ სიძნელეს უმკლავდება. მაგალითი არსებობს: თბილისის აკადემია პირველ ოქტომბერს გაიხსნა. ის სრული დატვირთვით მუშაობს. ყველა მუსიკალური კურსი და სეგმენტი გააქტიურებულია. მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმის რეალიზებაში ჩემს დას - ლიკა ლეჟავას უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის. ის ყველა ჩემი წამოწყებისა და პროექტის შეუცვლელი მენეჯერია.

- ამჟამად, პანდემიის ფონზე, იტალიაში როგორი სიტუაციაა კულტურის, კონკრეტულად კი - საოპერო სფეროში?
- რა გითხრათ, რით გაგახაროთ?.. 25 ოქტომბერს ქალაქ კალის ისტორიულ თეატრში, ცნობილ პიანისტ ლორენცო ბავაისთან (რომელიც 40 წელზე მეტია, გენიალური ტენორის - ხოსე კარერასის პიანისტი გახლავთ - 500 სოლო კონცერტი აქვთ შესრულებული) ერთად, ჩემი სოლო კონცერტი იყო დაგეგმილი. "კოვიდ 19"-თან დაკავშირებული რეგულაციების გამო, გადაიდო. მგონი, ამ ფაქტით იტალიაში არსებული სიტუაცია სრულად ავხსენი... ძალიან დიდი კრიზისია. ალბათ, ეს პანდემია მუსიკალურ, თეატრალურ და საერთოდ, ხელოვნების სფეროს გამოუსწორებელ დაღს დაასვამს. ეს კრიზისი მთელი კაცობრიობისთვის მტკივნეული იქნება, რადგან ხელოვნების გარეშე ადამიანს სულიერ საზრდოს ვაცლით, რაც მის სულიერ გამოფიტვასა და რეგრესს იწვევს. მუსიკა ღვთიური ენაა. თუ ადამიანს მუსიკა მოაკლდება, ის ბედნიერი ვერ იქნება. ყველა ხერხით (რეგულაციების გათვალისწინებით) უნდა ვიბრძოლოთ, რომ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ახალგაზრდებს, მუსიკისა და ხელოვნების დეფიციტი არ შეექმნათ, რადგან ეს დანაკლისი იმაზე მეტ ზიანს გამოიწვევს, ვიდრე ნებისმიერი პანდემია.

- თქვენ მიერ განვლილი კარიერული გზა რთული იყო? თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევთ?
- თუ ჩემ მიერ განვლილ გზას (კარიერულსა თუ ცხოვრებისეულს) გადავხედავ, გეტყვით, რომ ფორტუნა ყოველთვის ჩემთან იყო: არაჩვეულებრივი, წარმოუდგენლად საყვარელი ოჯახი მყავს; პროფესიონალად ჩემს ჩამოყალიბებაში საუკეთესოთა შორის საუკეთესო მაესტროები მონაწილეობდნენ; საოცარ მუსიკოსებთან ურთიერთობის საშუალება მაქვს... რა თქმა უნდა, ეს შრომის ნაყოფია, მაგრამ უფრო მეტად - ღვთის მადლია, ვიდრე მხოლოდ ჩემი მონდომება. მიმაჩნია, რომ ადამიანს ნიჭს განგება აძლევს. ადამიანი მხოლოდ ჭურჭელია. ის ვალდებულია, ეს ნიჭი განავითაროს და რაღაც ლამაზს, სასარგებლოს მოახმაროს. პირადად მე, ჩემი სიმღერით უამრავ ადამიანს ვაბედნიერებ. ასევე ვახერხებ, ნიჭი სხვა ახალგაზრდებში აღმოვაჩინო და მათ განვითარებაში დავეხმარო, შემდგომში ნიჭიერების რეალიზება რომ შეძლონ. ეს საოცარი, ძლიერი ემოციებისა და ენერგიის მქონე პროცესია.

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია - საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?
- არ მომწონს, როცა ამ კითხვას მისვამენ. რატომღაც მგონია, რომ სამშობლოს მართმევენ ან კიდევ, სამშობლოს არჩევანის წინაშე მაყენებენ. საქართველო ჩემი სამშობლოა. ის ჩემთვის მშობელივით ტკბილი და პატივსაცემია. ჩემი პოზიცია ალბათ, აკადემიის გახსნითაც დავაფიქსირე, მაგრამ მე ორი სამშობლო მაქვს: მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში 6 წელი ვიცხოვრე, იტალია ჩემი მეორე სამშობლოა. არჩევანის გაკეთება გამიჭირდება. ეს იგივეა, ბავშვს ჰკითხო: დედა უფრო გიყვარს თუ მამაო? ჩემს სიყვარულს საქართველო და იტალია თანაბრად ინაწილებს. შესაბამისად, ვეცდები, იტალიაში ადამიანებს საქართველო შევაყვარო, საქართველოში კი - იტალია.

- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
- ჩემთვის პირადი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ის სამყაროა, რომელიც მხოლოდ ჩემთვისაა. ამაზე საუბარი არ მომწონს. მსურს, პირადი ცხოვრება მხოლოდ ჩემი იყოს და საზოგადოების ყურადღების ცენტრში არ მოხვდეს... 2020 ჩემთვის დიდი ტრაგედიის წელი იყო - მამა გარდამეცვალა. ჩემთვის ეს ძლიერი დარტყმა გახლდათ. ჯერ კიდევ უკიდეგანო სტრესსა და ტკივილთან გამკლავება მიწევს. მაგრამ მაინც წინ მივდივარ, რადგან ყოველთვის წინსვლასა და წარმატებაზე ორიენტირება მამამ მასწავლა. ის ყოველთვის ჩემი მყარი ზურგი იყო. ნებისმიერ წამოწყებაში და პროფესიონალად ჩემს ჩამოყალიბებაში ლომის წილი მიუძღვის. ჩემი პროექტის შესახებ იცოდა - ამაყი და ბედნიერი იყო, რომ საქართველოში აკადემიას გავხსნიდი. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული, ძალა იყო და არის... ამ ტრაგედიის მიუხედავად, შევძელი, მიზანი რეალობად მექცია და დარწმუნებული ვარ, რომ მამა ჩემით ძალიან ამაყობს და ბედნიერია.

ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"

მიხო
24 ნოემბერი 2020 09:32
ნეტა საქართველოშ,ი ქართველებს, თავიაანთი ქვეყანა უყვარდეთ!
ანი
24 ნოემბერი 2020 08:27
რა ლამაზიცააა, ადამიანმა უნდა მოინდომოს , ისწავლოს , იშრომოს და დაუფასდება, ტყუილია თითქოს მცდელობას შედეგი არ მოაქვს. მოაქვს !

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები