ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი ამავე კლინიკაში მკურნალობდა.

"ექიმი ბენო ჭელიძე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 20 ნოემბერს კლინიკაში მოვათავსეთ, დღეს კი სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მდგომარეობა გუშინ დამძიმდა, მას თანმდევი დაავადება ჰქონდა", -აღნიშნა კლინიკის მენეჯერმა გია კიკაბიძემ.

ამასთან, კლინიკის მენეჯერის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 212 პაციენტიდან 48 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისივე ინფორმაციით, 10 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან , 35 პაციენტს კი ჟანგბადი მუდმივ რეჟიმში მიეწოდება.

"კლინიკაში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გავწერეთ, ამდენივეს გაწერა იგეგმება დღესვე. პაციენტთა ნაწილის მდგომარეობა გაუმჯობესდა და გადავიყვანეთ კოვიდსასტუმროში. ასე მუდმივად ხდება ინფიცირებულთა ერთგვარი როტაცია, რის შედეგადაც კლინიკაში მძიმე პაციენტებისთვის თავისუფლდება ადგილები", – განაცხადა გია კიკაბიძემ.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში ათი პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 46-დან 86 წლამდეა.

"ინტერპრესნიუსი"