ამდენი ქალი მოსწონდა და უყვარდა, მაგრამ მისი სულიერი მეგობარი მხოლოდ ერთი მათგანი იყო... - თბილისისა და ქალების მოტრფიალე "კოცნის პოეტი"
ამდენი ქალი მოსწონდა და უყვარდა, მაგრამ მისი სულიერი მეგობარი მხოლოდ ერთი მათგანი იყო... - თბილისისა და ქალების მოტრფიალე "კოცნის პოეტი"
"სადა ხართ, ლამაზმანებო,/ მოდით, დამათვრეთ ბუნებით,/ ამივსეთ ტუჩის ყულაბა/ მაგ კოცნის უზალთუნებით./ თორემ ვბერდებით და გულმაც/ ლოდინის შხამი დალია./ აუუ, რა კარგი დღე არის!/ ეჰეეე, რამდენი ქალია!" - იოსებ გრიშაშვილი

მასზე ამბობენ, ქალებს წიგნებს ადარებდა და ამბობდა, - როგორც ქალის გაშვება არ შეიძლება სახეტიალოდ, ისე - წიგნებისაც, თორემ ერთიცა და მეორეც გაცვეთილი დაბრუნდებაო. ზოგიერთისთვის იგი "კოცნის პოეტი" იყო, ზოგისთვის კი - "მოცლილი ქალებისა". მე კი მგონია, სადაც სილამაზეს დაინახავდა, ყველაფერი
უყვარდა. ამიტომაც ეტრფოდა და უმღერდა ერთნაირი ეშხით თბილისსაც და ლამაზ ქალებსაც - მკვლევარიც იყო და უნიკალური წიგნთსაცავის მეპატრონეც, საბავშვო მწერალიც და ქართული თეატრის მოამაგეც, თბილისური ლექსიკონის შემდგენელიც, თბილისის კოლორიტიც და, შესაძლოა, მექალთანეც ან... იქნებ, ქალები მას შემოქმედებით მუზად სჭირდებოდა...
იოსებ მამულაიშვილი 1889 წლის 24 აპრილს
თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში - ხარფუხში დაიბადა, მოგვიანებით, ლექსების წერა რომ დაიწყო, ფსევდონიმად მამის სახელი - გრიშა აირჩია და საზოგადოებასაც იოსებ გრიშაშვილად გაეცნო...
ერთხელ, წლების წინ, მასზე საუბრისას მწერალმა და მთარგმნელმა, ბატონმა გივი შაჰნაზარმა მითხრა, XX საუკუნის ათასწლეულის სატრფიალო ლირიკის ეს თავგადაკლული მეტრფე "მესიჯური დიალოგით" სიყვარულის ახსნას რომ მოსწრებოდა, ნამდვილად გული გაუსკდებოდა. ის ხომ ცოცხალი განცდას ეტრფოდა და არა - ვირტუალურსო!

"ჩემი აღმართი მიგაჩნდა ვაკედ, როცა გიყვარდი... როცა გიყვარდი"


იოსებ გრიშაშვილი ხარფუხის თითქმის კენწეროში ცხოვრობდა. მისი სახლის იქით გზა თრიალეთის კლდისკენ იწყებოდა და ბილიკები შინდისისა და ტაბახმელისკენ გადიოდა. აქ, გრიშაშვილის ძველ უბანში, სადაც ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია უნიკალური ბიბლიოთეკით, ნივთებით, რომელიც პოეტმა უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, ყოველწლიურად, მის დაბადების დღეს, თურმე, ეწყობოდა შემოქმედებითი კონფერენციები, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა. "ათწლეულების განმავლობაში ვხედავდით, როგორ იცვლებოდა იმ ულამაზესი ქალბატონების ხარფუხში ამობრძანება, რომლებიც უკვე ჭარმაგ ასაკში იყვნენ. ზოგიერთები, ღრმად მოხუცებულებიც კი, არ ერიდებოდნენ, იმ აღმართებზე სიარულს ბედავდნენ და მაინც ყოველთვის ესწრებოდნენ საღამოებს. ჩვენ - ახალგაზრდები, ერთი მხრივ, მონუსხულები ვიყავით მათი სილამაზითა და მშვენიერებით, მეორე მხრივ კი, ვგრძნობდით, რომ დრო არის სწრაფმავალი და სევდა და დროის ასეთი სისასტიკე ზღვა განცდებს ბადებდა ჩვენში", - მიამბობდა გივი შაჰნაზარი.
ეს სწორედ ის ქალბატონები იყვნენ, რომელთა ნაწილსაც ოდესღაც იოსებ გრიშაშვილი ეტრფოდა, და ეს სწორედ ის ქალბატონები იყვნენ, რომლებიც ოდესღაც იოსებ გრიშაშვილს ეტრფოდნენ.
ოლღა ლეჟავა
იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმში საკუთარი თვალით მაქვს ნანახი უამრავი ფოტო და სხვადასხვა ქალბატონისადმი მიწერილი მისი სასიყვარულო ბარათები. იცით, როგორ აქვს ყველაფერი საკუთარი ხელით ფაქიზად, რეზინით შეკრული და დახარისხებული?! - ვისთან ერთად იყო, რომელ სპექტაკლზე და ა.შ.

"შენ გაირყვნები... აშკარა არი.../ ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად./ შენი სხეული ნაქანდაკარი,/ ხელიდან ხელში წავა ფარულად.../ შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,/ დაგეწურება მკერდი მტევნებად -/ და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი,/ სიძვა მრუშება, აგედევნება.../ მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ,/ სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს -/ მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ/ მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.../ გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,/ მომიახლოვდი... მომეცი ხელი.../ თუ პირველობა მე არ მაღირსე,/ ვიქნები მაინც უკანასკნელი..."

XX საუკუნის 1930-იან წლებში მისი პოეზიისთვის "ეროტიკულიც" კი უწოდებიათ. როდესაც მის დის შვილიშვილს, იოსებ გრიშაშვილის მუზეუმის ხელმძღვანელს, ბატონ ნოდარ გრიგორაშვილს ჩავეკითხე, თავის სიყვარულებზე თქვენთან არასდროს ულაპარაკია-თქო? - ბავშვი ვიყავი და რას მომიყვებოდა, მაგრამ მის არქივს რომ კარგად გავეცანი, ყველაფერი გასაგები გახდა. ყველა იმ ქალის წერილი შეუნახავს, ვინც მოსწონდა ან უყვარდა და თითოეულზე მიწერილი აქვს, ვინ როდის გათხოვდა და ვის გაჰყვა, ის ქალები კი მასთან მიმოწერას ანადგურებდნენ, რადგან მათი ნაწილი გათხოვილი იყო. სხვათა შორის, ერთხელ საუბარს მოჰყვა და იოსებმა მითხრა, - ყველა რაღაცას იხსენებს და მე რა გავიხსენო: ეჰ, რამდენჯერ ვიყავი შეყვარებული-მეთქი? რომ ამბობენ, პირველი სიყვარული სულ სხვა არისო, მე ვიტყოდი, რამდენჯერაც მიყვარდა, ყველა გამორჩეულად ძლიერი სიყვარული იყოო...
ქეთო ჯაფარიძე
მის ნაწერებიდან ჩანს, რომ ბავშვობაში მარუსა (რეჟისორ პავლე ფრანგიშვილის და) მოსწონდა. რომელ ლექსშიც ხუჭუჭ თმას ვახსენებ, ყველა მაგას ეძღვნება. მიყვარდა და ვუყვარდი, მაგრამ მშობლებმა არ მომცეს ცოლად შერთვის უფლება, 17 წლისა იყოო. მერე, 1911-1913 წლებში მასზე 6 წლით უფროსი მსახიობი ოლღა ლეჟავა მოსწონდა. მისი სიყვარული უფრო პლატონური ყოფილა, ვიდრე - ხორციელი. იოსებ გრიშაშვილის არქივში ოლღასთვის მიწერილი 200 საფოსტო ბარათია შენახული. ყველა ლექსი, რომელსაც "ოლოლს" აწერია, ოლღა ლეჟავას ეძღვნება. არადა, ის ქალი გათხოვილი იყო და შვილიც ჰყავდა. 1913-1916 წლებში მოსწონდა სოფიო (სონა) ჩიჯავაძე. მასაც, თურმე, ბევრი ლექსი მიუძღვნა. ჩანაწერებში ისიც კი ჩაუნიშნავს, - გავიცანი ამა და ამ წელს და გადავიცანი ამა და ამ წელსო - და წელი, თვე და რიცხვი მიუთითებია. სონა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს სპირიდონ კედიას გაჰყოლია პარიზში და 108 წლისა იქ გარდაცვლილა. ფრანგ პოლიტიკოსს, ერთხანს საფრანგეთის პრეზიდენტს ჟაკ შირაკს მისთვის პარიზის საპატიო მოქალაქის წოდებაც კი უბოძებია. სონა, თურმე, მემუარებს წერდა და ვერ დაუსრულებია. ერთხელ მისი შვილი და ნათესავები მისულან, თურმე, ხარფუხში და მუზეუმის ის კუთხე გადაუღიათ, სადაც სონას ფოტოებია... აკი გითხარით, იოსებ გრიშაშვილს ბევრი ქალი მოსწონდა და უყვარდა-მეთქი. მეეჭვება, ყველა მათგანის ჩამოთვლა მოვახერხოთ, მაგრამ რამდენიმეს კიდევ დავასახელებთ: ნინო თარიშვილი, ვისაც მიუძღვნა ლექსი "ჩემი აღმართი", მომღერალი მერი ნაკაშიძე, რომელიც "რა კარგი ხარ, რა კარგის" ადრესატი გახლდათ, თუმცა, როგორც ჩანს, ყველასთან არ ჰქონია ინტიმური სიახლოვე, ზოგიერთ მათგანთან ხვევნა-კოცნაზე შორს ურთიერთობა არ წასულა.

იოსებ გრიშაშვილი საკმაოდ გვიან, 61 წლის ასაკში დაოჯახდა. კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელისა და მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის დიდი ძალისხმევით ცოლად მან იმხანად ცნობილი მომღერალი ქეთევან (ქეთო) ჯაფარიძე შეირთო. ქეთევანისთვის პოეტი, როგორც ჩანს, მეოთხე ქმარი უნდა ყოფილიყო. ანჯაფარიძე-ჭიაურელის წყვილი მათ ქორწილში მეჯვარეებად წაიყვანეს. როგორც ამბობენ, ქეთო ჯაფარიძეს მეუღლეზე არასოდეს უეჭვიანია. მათ ერთად 15 წელიწადს იცხოვრეს. პოეტმა მეუღლე ქალბატონსაც უამრავი სასიყვარულო ლექსი მიუძღვნა.
მარცხნიდან მარიჯანი და იოსებ გრიშაშვილი
და მაინც, ამდენი ქალი მოსწონდა და უყვარდა იოსებ გრიშაშვილს, მაგრამ მისი სულიერი მეგობარი მხოლოდ ერთი მათგანი იყო - პოეტი ქალბატონი მარიჯანი, რომელიც უკვე დაოჯახებული იყო. ამ ორ ადამიანს შემოქმედებითი და სულიერი ერთობა ჰქონდათ და... როგორც ჩანს, იოსებ გრიშაშვილს მარიჯანი მაინც ყველაზე მეტად უყვარდა: "...მაგრამ ჩემსავით თვით სიკვდილიც ვერ შეგიყვარებს,/ სიკვდილი, ტრფობის ერთადერთი გამომსახველი./ მაგრამ, ვინ იცის! შენ ჩემზე წინ, შენ ჩემზე ადრე/ თახთახ სუდარით თუ მობურე, თუ მოიჩადრე/ ეგ სათნო სახე, ლმობიერი ეგ შენი სახე:/ გემუდარები - რომ არ ვგრძნობდე იქ თავსა ობლად -/ შენსა საფლავთან, მეგობარო, შენსა მახლობლად/ ერთი ადგილი, ვიდრე მოვალ, მეც შემინახე!"

და მაინც, იოსებ გრიშაშვილმა დაასწრო - იგი 1965 წელს გარდაიცვალა, მარიჯანი კი - 13 წლის შემდეგ, 1978 წელს.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები