"დღევანდელი 3128 შემთხვევა ნუ დაგვამშვიდებს, კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და კიდევ გაგრძელდება" - კვირის პალიტრა

"დღევანდელი 3128 შემთხვევა ნუ დაგვამშვიდებს, კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და კიდევ გაგრძელდება"

დღევანდელი ახალი შემთხვევათა რაოდენობა 3128 გთხოვთ ნუ დაგვამშვიდებს იმიტომ, რომ კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და მატება კიდევ გაგრძელდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რამოდენიმე ინსტიტუციაა, რომელიც პროგნოზირებაზე მუშაობს და მათზე დაყრდნობით, დეკემბრის პირველ კვირაში იქნება ახალ შემთხვევათა ზრდა და ასევე სიკვდილიანობის ზრდა, შესაბამისად, აუცილებელია საქართველომ გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება და დაამატოს და გააფართოოს ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები.

„ბოლო პერიოდში ჩვენ გადავცილდით 4000 ახალ მაჩვენებელს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევედით პიკში. დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა ეს დამოკიდებული იყო სამ დღეზე, როდესაც ტესტირების რაოდენობები დასვენების და სადღესასწაულო დღეებში ეცემა. ბოლო დღეებში აღებული როგორც „პისიარის“, ასევე ანტიგენის ტესტების რაოდენობა გვქონდა დაახლოებით 8000-ის ფარგლებში, როდესაც კვირის სხვა დღეებში გვაქვს 13000-ის ფარგლებში. ამიტომ, დღევანდელი ახალი შემთხვევათა რაოდენობა 3128, გთხოვთ, ნუ დაგვამშვიდებს იმიტომ, რომ კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და მატება კიდევ გაგრძელდება. ეს პიკი რამდენხანს გაგრძელდება არ ვიცით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასების ინსტიტუტთან და ეს ინსტიტუტი აკეთებთ ყოველკვირეულ განახლებას და რადგან ჩვენ ვართ ძალიან ახლო პარტნიორები, საქართველოსაც გვიკეთებს პროგნოზირებას და მათი გათვლების მიხედვით დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეყანაში, გვექნება სიკვდილიანობის და ასევე, ახალ შემთხვევათა ზრდა და პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ არ შემოვიღეთ და უფრო არ გავამკაცრეთ არსებული შემზღუდველი ღონისძიებები, პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. რამოდენიმე ინსტიტუციაა, რომელიც პროგნოზირებაზე მუშაობენ და მათზე დაყრდნობით აუცილებელია საქართველომ გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება და დაამატოს და გააფართოოს ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები”, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"