"დღესაც მისი ცოლი რომ მქვია, ესე იგი, გამიმართლა - ყველასთვის არ არის ადვილი, ასე ღირსეულად მიიღოს მომხდარი" - კვირის პალიტრა

"დღესაც მისი ცოლი რომ მქვია, ესე იგი, გამიმართლა - ყველასთვის არ არის ადვილი, ასე ღირსეულად მიიღოს მომხდარი"

"ბევრი რამ გამოვიარე, რომ დღემდე მოვსულიყავი, დღეს უკვე აღარ ვფიქრობ იმაზე, რა გადამხდა; არ ღირს ცხოვრება იმად, რომ მთელი დღე ამაზე ვიტირო და ვიწუწუნო"

მადონა ლომინაძე ბათუმში ცხოვრობს. 15 წლის წინ მომხდარმა შემთხვევამ მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა - იმ დღიდან ეტლით მოსარგებლე გახდა, თუმცა ყოველი დღისთვის და ამ განსაცდელისთვისაც კი მადლობას სწირავს ღმერთს. ჰყავს შვილები და მეუღლე, აქვს საკმაოდ დატვირთული ცხოვრების რეჟიმი.

- ოჯახში უამრავი საქმეა და ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებ - ზამთრისთვის იმდენი კონსერვი თუ კომპოტი მოვიმარაგე, გაგიკვირდებათ. ვხუმრობ ხოლმე, ეტლით მხოლოდ კედლებზე ვერ ავდივარ, თორემ სხვა ყველაფრის გაკეთება შემიძლია-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ სახლი, სადაც ვცხოვრობ, ადაპტირებული არ არის. იმავდროულად, ვმუშაობ კიდეც. დაახლოებით ერთი წლის წინ კარგმა ადამიანმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ცოტნე ანანიძემ, ახლა უკვე ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შემომთავაზა, თანაშემწედ მემუშავა მასთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტში, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ. თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი თანადგომისთვის. სწორედ მასზეა მისადაგებული სიტყვა "უფლებადამცველი".

- მომიყევით თქვენი ამბავი.

- სოფელ ციხისძირში დავიბადე და გავიზარდე. ცოტა არ იყოს, ადრეულ ასაკში გავთხოვდი - 19 წლისა, როდესაც მესამე კურსზე ვსწავლობდი დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე. ცოტა ხანს ვიმუშავე კიდეც პროფესიით, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო ვეღარ შევძელი. 2 ბიჭი მყავს, ერთმა წელს ბათუმის საზღვაო აკადემია დაამთავრა, მეორეც იქ სწავლობს, ნავიგაციის ფაკულტეტზე, მეორე კურსის სტუდენტია. ორივე წარჩინებულია, რითიც ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. უფროსმა წარჩინებით დაამთავრა სკოლაც და აკადემიაც, უმცროსმაც გრანტი მოიპოვა აკადემიაში ჩაბარებისას. ამიტომაც ვთვლი, რომ ბედნიერი ადამიანი, ქალი და დედა ვარ. ყველაზე მეტად რაც გაბედნიერებს, ეს ხომ შვილების კარგი ადამიანობა და წარმატებებია. რაც შეეხება მეუღლეს, 27 წელია ერთად ვართ. დღესაც მისი ცოლი რომ მქვია, ესე იგი, გამიმართლა - ყველასთვის არ არის ადვილი, ასე ღირსეულად მიიღოს მომხდარი.

- რა მოხდა 15 წლის წინ? - სიმაღლიდან ჩამოვვარდი. მუშმალას მოსაკრეფად ავედი ხეზე, მაგრამ უცებ გონება დავკარგე და გადმოვვარდი. როდესაც დავეცი, მაშინვე მივხვდი, რომ კარგი არაფერი მჭირდა, რადგან შეგრძნება საერთოდ არ მქონდა ფეხებში. ჩემს დაძახებაზე მოსული მეზობლებისთვის მითქვამს თურმე, ეტლის მეშინია, არ მინდა მასში ჩაჯდომა-მეთქი. გულმკერდის მალების კომპრესიული მოტეხილობა მქონდა, ზურგის ტვინი იყო დაზიანებული და სითხე იღვრებოდა. ბევრი რამ გამოვიარე, რომ დღემდე მოვსულიყავი, ოთხჯერ გავიარე რეაბილიტაციის კურსი უკრაინაში, იყო არაერთი ბარიერიც. დღეს უკვე აღარ ვფიქრობ იმაზე, რა გადამხდა; არ ღირს ცხოვრება იმად, რომ მთელი დღე ამაზე ვიტირო და ვიწუწუნო. ვერ უარვყოფ, ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ თავი ხელში უნდა აიყვანო და გააანალიზო, რომ ყველას თავისი ხვედრი აქვს. ალბათ ჩემი ბედისწერა ასეთი იყო.

ეს ბოლო დღეები, ცოტა არ იყოს, რთული გახლდათ ჩემთვის, რადგან მშობლებს კოვიდი დაუდასტურდათ. ისინი ქობულეთში ცხოვრობენ, მამა 68 წლისაა და მძიმედ გადააქვს ეს დაავადება. სულ ვფიქრობ, ოღონდ ასეთი პრობლემა ნუ გვექნება ადამიანებს და სხვა ყველაფერი მოგვარებადია. პანდემიამ კარგი მაგალითი მოგვცა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ბევრ რამეზე, თუნდაც იმაზე, რომ მართლაც წუთია ეს სოფელი. ამას რომ ვიაზრებდეთ, მაშინ ამდენი ბოროტებაც არ იარსებებდა. ბევრს არ ესმის, რომ მოფრთხილება უნდა სიცოცხლესაც, ადამიანებსაც და ურთიერთობებსაც; ზოგს არ შეუძლია გაითავისოს სხვისი ტკივილი და დარდი, პრობლემები. წლები და მდგომარეობა ბევრ რამეს გასწავლის, გცვლის კიდეც. ვერ ვიტყვი, სულ სხვანაირი ვიყავი და ტრავმამ ძალიან შემცვალა-მეთქი, მაგრამ ბევრი რამ მასწავლა, ბევრი რამ სხვანაირად დამანახვა, სხვისი ტკივილიც უფრო ვიგრძენი თითქოს. რთულია, როცა სრულიად ჯანმრთელს უცებ ასეთი რაღაც გემართება, მაგრამ არ მიყვარს, ჩემი დარდი სხვას მოვახვიო თავზე. დღეს ვინმემ რომ მკითხოს, ვეტყვი, ეს არ არის ისეთი განსაცდელი, რომელსაც ვერ გაუმკლავდები-მეთქი. მადლობელი ვარ უფლის, რომ მომცა შესაძლებლობა, მეყურებინა ჩემი შვილებისთვის. ბევრი სიხარული და ბედნიერი დღე ვნახე, თუნდაც ასეთ მდგომარეობაში მყოფმა.

- ნუთუ არასდროს წამოგცდენიათ სამდურავი - რატომ მე?!.

- თქვენ წარმოიდგინეთ, არასდროს! თუ დამიჯერებთ, ასეა, რადგან იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლია, აღარ უნდა იდარდო, ჯობს გააგრძელო შემართებით და უკეთესის მოლოდინით. მთავარი, რაც ძალას მაძლევდა ამ მდგომარეობაში, იყო ოჯახი - მეუღლე, შვილები, მშობლები, დედმამიშვილები, ახლობლები. 7 და 5 წლისები იყვნენ მაშინ ჩემი ბიჭები. თავიდან ეტლით ვერ ვსარგებლობდი და რამდენიმე თვე ვიწექი. ბავშვებს გაუჭირდათ შეგუება მომხდართან, თუმცა შეძლებისდაგვარად, ყველაფერში მეხმარებოდნენ. დღემდე ასეა, მათი წყალობით არ მაქვს სადმე წასვლის პრობლემა, სამივე ჩემ გვერდითაა.

- ალბათ ღირებულებებიც გადაგაფასებინათ მომხდარმა. - სიცოცხლის ფასი მასწავლა: ხომ შეიძლებოდა, ვერ გადავრჩენილიყავი? კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, რომ ცხოვრება მშვენიერია და ღირს იმად, რომ თუნდაც ამ მდგომარეობაში იცხოვრო საყვარელ ადამიანებთან ერთად და იყო ბედნიერი. თუ ასეთი ადამიანები გყავს გვერდით, შეიძლება ვერც შეიგრძნო ტკივილი და ჩვეულებრივ მოვლენად ჩათვალო. ხშირად უთქვამთ, ისეთი ხარ, ვერც კი ვგრძნობთ, თუ რამე პრობლემა გაქვსო.

- ამას დიდი ძალა სჭირდება. - ასეა, მორალურად ძლიერი ვიყავი და ალბათ ამიტომ ჩათვალა უფალმა, ეს განსაცდელი მე მრგებოდა წილად. კიდევ გავიმეორებ, არ არის იოლი ასეთ მდგომარეობაში გააგრძელო ცხოვრება, მაგრამ მე ეს შევძელი! ყველას ერთნაირი ფსიქიკა არა აქვს, ზოგი ქუჩაში გასვლასაც ერიდება, რადგან ეშინია ხალხის რეაქციის. მე ყველგან დავდივარ - ლხინშიც და ჭირშიც. ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს, ეს სწორედ სიბრალულია. ვაიმე, დედა, როგორი ცოდვააო, - ეს სიტყვები რომ მესმის, ვბრაზდები. ერთხელ ჩემი მისამართით ნათქვამი მსგავსი სიტყვები რომ მომესმა, მივუბრუნდი ამის მთქმელს და ვუთხარი: არ შეგეცოდოთ, არაფერი მჭირს ვინმეს შესაბრალი; რაკი ეტლით დავდივარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზედ დამტიროდეთ-მეთქი. დიახ, უბედნიერესი ქალი ვარ იმით, რაც მაქვს და უფალს ყოველი გათენებული დღისთვის მადლობას ვეუბნები.

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"