"ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ, ბუნებრივია, ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი..." - რას აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი? - კვირის პალიტრა

"ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ, ბუნებრივია, ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი..." - რას აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი?

საფრთხე ბუნებრივია არის, როცა კრიტიკულ შეუსაბამობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ პაციენტების რაოდენობასა და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობებს შორის, - ამის შესახებ ალერგოლოგ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ შეზღუდვებით, რომელზეც ახლა საუბარია, პანდემიის დასრულება ვერ მოხერხდება, თუმცა, უნდა მოხერხდეს, რომ „პიკური სიტუაცია გადავიყვანოთ პლატოში და არ იყოს ისეთი ზრდა, როცა ვიღებთ ყოველდღიურად ათასობით დაავადებულ ადამიანს.

„ამ ზღვარში არ უნდა ჩავვარდეთ, როცა ადამიანებს, ვისაც დასჭირდებათ ჟანგბადი, ან სარეანიმაციო საწოლი, ისინი ვერ მიიღებენ ამ სერვისს და სახლში დაიღუპებიან. ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ, ბუნებრივია, ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელმწიფო, როგორც მოვისმინე გააკეთებს ყველაფერს, რომ ზოგადი ეკონომიკური გავლენა იყოს მინიმალური წერტილოვანი შეზღუდვებით და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. პანდემიის დასრულება ამ შეზღუდვებით ვერ მოხერხდება, აქ ლაპარაკია მდგომარეობის სტაბილიზირებაზე და ამ სტაბილიზირების შემდგომ რამდენიმე თვის განმავლობაში მაქსიმალურად შენარჩუნება, სანამ ვაქცინა არ იქნება და ეფექტური წამალი ხელმისაწვდომი“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვის თქმით, მას ჰქონდა კონკრეტული მოსაზრებები შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა, შესაძლოა პრემიერმა მათგან მცირე ნაწილი გაითვალისწინოს.

„შეთავაზება არის ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც ახდენს ადამიანების მობილობაზე გავლენას, ეს არის ტრანსპორტის სისტემა, საცალო გაყიდვების, არაესენციალური სავაჭრო ობიექტების, ეს არის სატრენაჟორო სივრცეები. როგორ იქნება, რომელ მათგანს შეეხებიან - ეს არის ერთი ადამიანის მოსაზრება და შეიძლება ძალიან დიდ პროცენტში პრემიერმა ეს არ გაითვალისწინოს. სრული "ლოქდაუნი" არ განიხილება, რადგან ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა ამასთან არის შეუსაბამო, აქ ლაპარაკია მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე დღის გარკვეულ მონაკვეთში, რა, როგორ და კონკრეტულად ეს რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი საკოორდინაციო საბჭოზე“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შეხვდა.